ივანიშვილის ორგანიზებული ინტერვიუ და ჟურნალისტების კითხვები
24.10.2018
"კეთილი ინებეთ და დამელოდეთ", "დამელოდეთ", "კულტურა იხმარეთ", "ძალიან უხეშად სვამთ კითხვებს", - ამგვარი რეპლიკების ფონზე წარიმართა სამი მაუწყებლის სამი ჟურნალისტის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან არჩევნებამდე 5 დღით ადრე. ინტერვიუ 23 ოქტომბერს, პირდაპირ ეთერში გავიდა, თუმცა არა სატელევიზიო, არამედ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში მოწყობილი, ქართული ოცნების სიმბოლიკით გაფორმებული სტუდიიდან.

ფორმატი და სტილი

ინტერვიუ 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. თუმცა, მხოლოდ ხანგრძლოვობა და ადგილმდებარეობა არ არის ის დეტალი, რაც ამ ინტერვიუს სხვა, ტიპიური სატელევიზიო გადაცემებისგან გამოარჩევდა.
  • ინტერვიუს იდეა არა მაუწყებლებს, არამედ კითხვების ადრესატს, ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა; 

  • მანვე შეარჩია ჟურნალისტები (თუმცა, სამიდან ორმა მისი სურვილის მიუხედავად ინტერვიუზე სხვა თანამშრომელი გააგზავნა); 

  • თავადვე განსაზღვრა ფორმატი - ბიძინა ივანიშვილმა თავად იკისრა მოდერატორის როლი და თავად განსაზღვრა ვინ რა თანამიმდევრობით და რამდენ კითხვას დასვამდა;

თუმცა, ის რაც ამ ინტერვიუს არ გამოარჩევდა ბიძინა ივანიშვილის სხვა ინტერვიუებისგან, იყო მისი მცდელობა, ყველა ჯერზე დაეტუქსა მისთვის არასასურველი მედიები და ჟურნალიტები; არ მიეცა კითხვების დაზუსტების საშუალება და არ გაეცა კონკრეტული პასუხი არცერთი მწვავე კითხვისთვის.

თემები

ბიძინა ივანიშვილს კითხვებს სამი ჟურნალისტი უსვამდა: დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანია პირველიდან; ირაკლი ჩიხლაძე, იმედიდან და ეკა კვესიტაძე რუსთავი 2-დან. ინტერვიუ თითქმის ყველა იმ თემას შეეხო, რამაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია.
  • არაფორმალური მმართველობა;
  • ომეგას საქმე - ფარული ჩანაწერები, ბიზნესის რეკეტი;
  • მირზა სუბელიანის ჩანაწერები საპატიმროდან;
  • ოთარ ფარცხალაძის ხელშეუხებლობა;
  • ჩინოვნიკების უძრავი ქონება;
  • დავით სარალიძის მკვლელობა;
  • საპრეზიდენტო არჩევნები - სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა;
  • აგვისტოს ომი;
  • გამოუძიებელი საქმეები, მათ შორის, 2016 წელს გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების კადრები;
  • სავარაუდო კრიზისი მმართველ გუნდში;
  • მარიხუანას კულტივირება;
  • არასამთავრობო სექტორი;
  • ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო აჩევნებში;
  • პაატა ბურჭულაძის საქმე.
ამათგან, ყველაზე დიდი დრო, გადაცემის თითქმის მესამედზე მეტი, ყოფილ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე საუბარს დაეთმო. ჟურნალისტები ინტერესდებოდნენ რატომ მფარველობს ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეს, რატომ არასდროს აღიძრა საქმე მის წინააღმდეგ სხვადასხდა დროს ჩადენილი სხვადასხვა ქმედებების გამო (აუდიტის სამსახურის უფროსის ცემა; მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა; ყიფიანის სარდაფში ჩაყვანა და სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუპატიურების მუქარა); საიდან დააგროვა მან დიდი ქონება და ა.შ. თუმცა, ამ კითხვებს სამიდან მხოლოდ ორი ჟურნალისტი სვამდა: დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე.

ჟურნალიტების კითხვები ბიძინა ივანიშვილთან ხშირად ძალიან ვრცელი იყო. ამავდროულად, ერთ კითხვაში უმეტესად რამდენიმე საკითხი იყო გაერთიანებული. ეს ადრესატს აძლევდა საშუალებას მასზე პასუხი იმ აქცენტებით წარემართა, როგორც მას სურდა, საბოლოოდ კი აუდიტორია ვერ იღებდა კონკრეტულ პასუხებს.

ინტერვიუს განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ხშირად “რუსთავი 2” ახსენა, - მინიმუმ 40-ჯერ, როგორც ეს ნეტგაზეთმა და ონ.ჯი-მ დათვალეს და 91-ჯერ მიმართა ჟურნალისტებს სიტყვით - დამელოდეთ.

“მე ვესაუბრები ხალხს და ნება იბოძეთ და მაცადეთ”, - ამ ფრაზით, რაც გადაცემის სტუმარმა, რომელიც უფრო მასპინძელს ჰგავდა, არაერთხელ თქვა და ინტერვიუს მიმდინარეობითაც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას დიალოგის ნაცვლად საზოგადოებასთან მონოლოგი სურდა, ჟურნალისტები კი მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების ფართოდ გასავრცელებლად დასჭირდა.

ინტერვიუს მიმდინარეობა და კითხვები

მწვავე თემების და საკითხების წამოწევას, რაც საზოგადოების ინტერესის განსაკუთრებული საგანია, სამიდან ორი ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე და დიანა ტრაპაიძე ცდილობდა. მათი კითხვები კრიტიკული იყო, ერთმანეთისგან გამომდინარეობდა და ერთმანეთს ავსებდა.

რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის წარმომადგენელს, ირაკლი ჩიხლაძეს, მან პირველი კითხვა მხოლოდ მე-40 წუთზე დასვა. განსხვავებით კოლეგებისგან, მას მანამდე არც რაიმეს კითხვა უცდია და არც დიალოგში ჩართვა.

იქამდე, ვიდრე ირაკლი ჩიხლაძეს ბიძინა ივანიშვილის განსაზღვრული რიგი მოუწევდა, 40 წუთის განმავლობაში ეკა კვესიტაძე და დიანა ტრაპაიძე ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი კითხვებზე: არის თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, განაგებს თუ არა ყველაფერს ერთი ადამიანი, რატომ არ დაისაჯა ოთარ ფარცხალაძე და საიდან გამდიდრდნენ ჩინოვნიკები. ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენლის პირველი კითხვა კი “საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებს” შეეხო და დაახლოებით ასე ჟღერდა: “რისგან არის გამოწვეული ეს ნეგატივი, რომელიც აქვს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ”, ვგულისხმობ სახელისუფლებო გუნდს, რომ ეს ნეგატივი ნაკლები იყოს?”

ამგვარი ტენდენცია - მწვავე, ხმაურიანი თემებიდან ირაკლი ჩიხლაძის კითხვით ნეიტრალურ ან პოზიტიურ ნოტზე გაგრძელებულიყო საუბარი, მთელი ინტერვიუს განმავლობაში გაგრძელდა. იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ეხებოდა იმავე თემას, რასაც მისი კოლეგები, ჩიხლაძე კითხვას იმგვარად სვამდა, რომ მასზე პასუხს თემის პოზიტიური მხარე წარმოეჩინა.

მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე საუბრისას, ეკა კვესიტაძემ იკითხა რატომ უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომლის წიგნიდან ციტატები შესაძლოა, გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რაც ფაქტობრივად ქვეყნის ღალატს ნიშნავს. ამავე თემაზე ირაკლი ჩიხლაძის კითხვა კი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას შეეხო. კითხვამ, არის თუ არა ახლა გუნდში ერთსულოვნება ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით,, ბიძინა ივანიშვილს საშუალება მისცა ჟურნალისტების მსგავსად თანაგუნდელებიც დაეტუქსა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც “ერთადერთ ღირსეულ კანდიდატს ამ არჩევნებში”.

ნეგატივიდან პოზიტივზე გადართვა გამოიწვია ირაკლი ჩიხლაძის კითხვამ მარიხუანის თემაზეც. ეკა კვესიტაძის კითხვა - არის თუ არა მარიხუანას კულტივირება ბიძინა ივანიშვილის იდეა (რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა), ირაკლი ჩიხლაძემ ასე გააგრძელა: “თქვენ სამედიცინო მარიხუანაზე საუბრობდით და გათვლებზე. რა შეიძლება მოუტანოს ამან ქვეყანას”.

ჯამში, თითქმის 2-საათნახევრიანი ინტერვიუს განმავლობაში, ირკალი ჩიხლაძემ ყველაზე ცოტა კითხვა დასვა და ეს კითხვები შემდეგ თემებს შეეხებოდა:
  • საზოგადოებაში ხელისუფლების ნეგატიური აღქმა;
  • იუნისეფის კვლევა, სიღარიბე;
  • გუნდის დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისადმი;
  • საგარეო საფრთხეები და ლუგარის ლაბორატორია;
  • მარიხუანის კულტივირებით მოსალოდნელი შედეგი;
  • ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის ურთიერთობა.
პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რიგით მეორე ინტერვიუ იყო. ორი თვით ადრე, 24 ივლისს, იგი საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტის მაკა ცინცაძის კითხვებს პასუხობდა. ინტერვიუ მაშინაც ივანიშვილის სახლში ჩაიწერა და ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ის პირდაპირ ეთერში არ გასულა. "ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე სხვა ჟურნალისტებსაც შეხვდება.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ