საპრეზიდენტო კანდიდატები P.S. - ის აქცენტებით
27.10.2018
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად თითოეულმა მაუწყებელმა საპრეზიდენტო კანდიდატების საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობისთვის სხვადასხვა ხერხი, ფორმა და საშუალება აირჩია. ამ მხრივ გამონაკლისი არც ტელეკომპანია “რუსთავი 2” ყოფილა. 30 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, კვირის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში P.S. არხმა, როგორც ეს თავად განმარტა, ოთხი “ძირითადი კანდიდატი” - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი გაგვაცნო.

საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის პორტრეტით დაიწყო და გაერთიანებული ოპოზიციის - “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატით გრიგოლ ვაშაძით დასრულდა. ტელეკომპანიამ ყველაზე მეტი დრო - 18 წუთი, სწორედ ამ უკანასკნელს დაუთმო. დანარჩენ კანდიდატებზე საეთერო დროის მონაკვეთი (12-14 წუთი) თითქმის თანაბრად გადანაწილდა.

წამყვანის შესავალი სიტყვა კანდიდატების
წარდგენისას

საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ არხის პოზიცია და პოლიტიკა წამყვანის შესავალ ტექსტებშიც მკაფიოდ გამოიკვეთა. თუკი დანარჩენი სამი კანდიდატისადმი, როგორც ტონის ისე ტექსტების თვალსაზრისით, აშკარა დადებითი დამოკიდებულება ვლინდებოდა, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ტექსტი ცინიზმითა და უარყოფით კონტექსტით იყო გაჯერებული.

შალვა ნათელაშვილი: "ვიწყებთ შალვა ნათელაშვილით. ჩვენ ის კახეთში გადავიღეთ, ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა ილაპარაკა ვენახებზე, რომლებსაც კანაფის პლანტაციებით ჩანაცვლება ემუქრება, ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილზე, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს, ილაპარაკა ივანიშვილზე და საკუთარ გამარჯვებაზე. შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც მოსახლეობას არც ქართული ოცნების გაგონება უნდა, არც ნაციონალების, არც ყოფილი ნაციონალების, ამიტომ ერთადერთი რეალური არჩევანი ლეიბორისტების თავმჯდომარეა. სოციალური კვლევის შედეგების არ სჯერა და შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის ემზადება".

დავით ბაქრაძე: “დღევანდელი სიუჟეტის გმირსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და თქვენგან ის ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებდა. საერთაშორისო სოციოლოგიურ კვლევებში ის არაერთხელ ლიდერობდა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობენ. წლების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დღეს კი ოპოზიციაშია. საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის თავისთავად ახალი ხილი არ არის, მან 2013-შიც იყარა კენჭი, ოღონდ მაშინ ძველი გუნდის სახელით. ამჯერად, ის უკვე ევროპულ საქართველოს წარმოადგენს”.

სალომე ზურაბიშვილი: “[სალომე ზურაბიშვილი] სწორედ ვანო მერაბიშვილს ასახელებს მთავარ დამდგმელ სცენარისტად 2008 წლის აგვისტოს ომში. თავის ფრანგულენოვან წიგნში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ომის დაწყება მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ერთად დაგეგმა, საიდუმლო მოლაპარაკებების წარმმართველი კი ვანო მერაბიშვლი იყო. მე უბრალოდ არ ვიცი სადამდე შეიძლება წავიდეს ამ ადამიანის ფანტაზია მსოფლიოსთვის იმის დასამტკიცებლად, რომ საომარი მოქმედებები სწორედ საქართველომ დაიწყო. ეს ის წიგნია, რომელსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს ჰააგის სასამართლოში და ამ წიგნის ავტორი ქართველია და ამ ქართველს პრეზიდენტობა და მთავარსარდლობა უნდა. უნდა არა, დარწმუნებულია, რომ იქნება”.

გრიგოლ ვაშაძე: “საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ოცნება ქართველებისა და აფხაზების ცხენების დახმარებით შერიგებაზე და განცხადებები, რომელსაც რუსეთი ახლა ჰააგის სასამრთლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო არაღიარება, რისთვისაც მთელი პლანეტის ლამის კარდაკარ შემოვლა მოუხდა. დღეს ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის 11 პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია, არა ოკუპირებული ტერიტორიებივით არაღიარებული “ფსიქოპროექტის”, არამედ საერთაშორისო გიგანტის “ედისონ რისერჩის” კვლევის მიხედვით, კანდიდატებს შორის სტაბილური ლიდერია. დღეს გრიგოლ ვაშაძე საკუთარ თავზე ცოტას თვითონაც ილაპარაკებს, მაგრამ უფრო მეტს მის შესახებ მისი ოჯახის წევრები მოგიყვებიან”.

აქცენტები სიუჟეტებში


საპრეზიდენტო კანდიდატების წადგენისას აქცენტები ძირითადად მათ განათლებაზე, კარიერაზე, პოლიტიკურ გამოცდილებასა და განათლებაზე გაკეთდა. ეს ერთადერთი საერთო ხაზია, რაც სიუჟეტებში ოთხივე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გამოიკვეთა, რასაც ვერ ვიტყვით მათ მიმართ გამოყენებულ ტონსა და დამოკიდებულებაზე.

შალვა ნათელაშვილი



მშრომელთა პარტიის ლიდერის შესახებ შევიტყვეთ, რომ პარლამენტში ყოფნის დროს, მან ბევრ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მოასწრო ხელის მოწერა, რომლის შედეგად მიღებულ სიკეთესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე დღემდე იყენებს. ასევე, გავიგეთ, რომ ის “გულწრფელი”, “კრეატიული პოლიტიკური დუელების მოყვარული”, “სულით პოეტი” და “ფაქიზი ადამიანია”. “პოეზია ბელას [მეუღლის] თავშესაფარია შალვას მიერ არჩეული დაუნდობელი პოლიტიკიდან. ის გვარწმუნებს, რომ შალვაც პოეტია და მისი პოლიტიკური კალამბურების მიღმა ღრმა და ფაქიზი ადამიანი იმალება”, - გვამცნო სიუჟეტის ავტორმა.

დავით ბაქრაძე

სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ის პოლიტიკაში 2004 წელს ნინო ბურჯანაძის გუნდის შემადგენლობით მოვიდა და 5 წელში მენტორთან მისი გზა გაიყარა. “ბაქრაძემ ხალხის ყურადღება საქართველოში და პარტნიორებისა უცხოეთში, ბრწყინვალე ბრიტანული ინგლისურით მიიპყრო, რომელსაც, სხვათა შორის, თბილისში დაეუფლა”, - ამბობს ჟურნალისტი. მისივე თქმით, “ის იყო პირველი თავისი გუნდიდან და ბოლო პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, ვინც აფხაზებს სოხუმში აფხაზურად მიესალმა”.



ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას დავით ბაქრაძეს “მიღწეული შედეგი პერსონალურ კრედიტად არ მიაჩნია. საუბარია, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოპოვებულ პირობაზე, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდება”. “ერთი რაშიც თანაგუნდელები ვერ შეედავებიან, მისი პერსონალური რეიტინგია, ის ყველაზე ნაკლებად ხვდებოდა მოწინააღმდეგეთა რისხვის ობიექტი და ერთადერთი კომპრომატი, რაც პერსონალურად მის მიმართ ახსენდებოდათ იყო მიმართვა 2008 წლის ომის დროს. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მას მოქალაქეებისთვის არასდროს მოუწოდებია, რომ თავი დანებითა და ჩანგლებით დაეცვათ, ეს მხოლოდ ჟირაფის ეფექტია, რომელიც გგონია, რომ გინახავთ, ამით ხსნის დავით ბაქრაძე რატომ არ იძებნება ციტატა ინტერნეტ და ტელეარქივში”, - განმარტავს ჟურნალისტი.

გრიგოლ ვაშაძე

ყველაზე პოზიტიური აქცენტები სწორედ მის მიმართ გამოიკვეთა. სიუჟეტი კანდიდატის 89 წლის სიმამრის გაცნობით დაიწყო, რომელიც სიძის დადებით მხარეებს უსვამს ხაზს. მისგან შევიტყეთ, რომ აფხაზეთის დაცემიდან მალევე, გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საელჩოში აფხაზეთიდან დევნილების დასახმარებლად 40 000 დოლარი მიიტანა. რომ მისი შიში, თითქოს სხვა “პატივმოყვარე ქართველი კაცების მსგავსად”, მის შვილს ნინო ანანიაშვილს გრიგოლ ვაშაძეც სახლში დასვამდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. საპრეზიდენტო კანდიდატის სიმამრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის იშვიათად განათლებული ადამიანია, რომელიც ნებისმიერ თემაზე საუბრის დროს ჯობნის. მისივე განმარტებით, მას ე.წ. KGB-ის აგენტობა მხოლოდ იმიტომ დაბრალდა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

შემდეგ, ამავე თემას ჟურნალისტი კიდევ უფრო მეტად ავითარებს და ამბობს: “მიმოს დამთავრების შემდეგ მან მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, ჯერ სართაშორისო ორგონიზაციების შემდეგ, კოსმოსური და ბირთვული იარაღის განყოფილებაში, მიმოს გარდა სწორედ ეს უკანასკნელია ქართული ოცნების პიარსამსახურის ნუგეში, როდესაც გრიგოლ ვაშაძეს კაგებესთან თანამშრომლობა ადვილად დაბრალდება. თავად კი ამ თემაზე სერიოზულად არც კი საუბრობს, სერიოზულად როგორ მიიღოს, რომ მისი ბნელი წარსული ვთქვათ არჩილ თალაკვაძემ გაშიფრა და ჰილარი კლინტონმა ვერა”.

ამის შემდეგ ასპარეზი უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლეს ნინო ანანიაშვილს ეთმობა, რომელიც ყვება, თუ როგორ დატოვა მისმა ქმარმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მომდევნო 20 წელი მისი სოლო კარიერის შენებას მიუძღვნა.

ჟურნალისტი გვახსენებს, რომ ოჯახი საქართველოში სწორედ იმ დროს დაბრუნდა, როდესაც “ოპერის კაზინოდ გადაკეთება არავის გაუვკირდებოდა და ბალერინები პუანტების გარეშე ცეკვავდნენ”. გრიგოლ ვაშაძის კულტურის მინისტრად დანიშვნის შესახებ კი ის ხაზგასმით აღნიშნავს: “პრეზიდენტის ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასაც კი ეს რ გაკვირვებია, რადგან საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ექსპერტის დონეზე იცნობდა.



სიუჟეტიდან ასევე შევიტყეთ, რომ სწორედ გრიგოლ ვაშაძის დამსახურებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რა დროსაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 58-მა აღაიარა, რაც დიდი მიღწევა იყო.

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღაიარების კამპანიის ფარგლებში გრიგოლ ვშაძემ 900 000 კილომეტირ იფრინა და ილაპარაკა მათთანაც კი ვისთანაც იქამდე არანაირი ურთიერთობა გვქონდა, მაგალითად კუბას, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროში შეხვდა. არც კუბიდან, არც ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან, ოკეანეთიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გრიგოლ ვაშაძე უარით არცერთი ქვეყნიდან დაბრუნებულა”, - აღნიშნავს ჟურნალისტი და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ რუსეთის დუმის დეპუტატებმა გრიგოლ ვაშაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს.

“დუმის დეპუტატებმა მალევე გაარკვიეს, რომ რუსული კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელი იყო, ამასობაში წარამტებული მსოფლიო ტურნებდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსული პასპორტი კონვერტში ჩადო და რუსეთში ფოსტით გააგზავნა”, - ამბობს ის.

სიუჟეტში აქცენტი მასზე, როგორც ოჯახის საყრდენსა და მოყვარულ მამაზე კეთდება. დასასრულს კი, ვიგებთ, რომ ის 7 ენას თავისუფლად ფლობს და 60 წლის ასაკში მე-8 ენას ეუფლება.

სალომე ზურაბიშვილი

ზემოთ ხსენებული კანდიდატებისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვა აქცენტები დაისვა მაყურებლისთვის სალომე ზურაბიშვილის პორტრეტის წარდგენისას. მაგალითად, გავიგეთ, რომ ზურაბიშვილის ძმას ყოველთვის დისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. შეივტყვეთ, ისიც, რომ “პრინცესა სალომე [როგორც მას მეგობრები ეძახდნენ] თავს დაჩაგრულად არასოდეს გრძნობდა, მეტიც თავისი ფრანგი ამხანაგებისადი უპირატესობას განიცდიდა. თუ ტვინს საკმარისად გავანძრევთ, მისი აროგანტული დამოკიდებულება უკვე საპრეზიდენტო ანდიდატის რანგში უცნაურად აღარ მოგვეჩვენება”.

პრეზიდენტობის კანდიდატი არც ზედმეტად პირადული კითხვებისგან დაინდეს და პირდაპირ ჰკითხეს, მართლაც მისთხოვდა თუ არა საკუთარი შვილის ნათლიას.



ზურაბიშვილს არც რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრისადმი წლების წინ გამოთქმული სიმპატია დაუვიწყეს, არც ქაჯებზე და მრწამსზე მისი ცნობილი გამონათქვამები დატოვეს უყურადღებოდ და არც მისი “დიალოგზე” ნამღერი. მეტიც, მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მისი გათავისუფლების მიზეზებიც გაუხსენეს, რაც როგორც სიუჟეტიდან შევიტყეთ, იყო “პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ნეპოტიზმი და შედეგის უქონლობა საგარეო პოლიტიკაში “.

სიუჟეტში ასევე დიდი ადგილი დაეთმო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო. “უნდა იდგეს თუ არა საქართველოს მთავარსარდლობამდე ერთ ნაბიჯში ადამიანი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომზე ჩვენთვის ცნობილ პოზიცია აქვს, რომელმაც არააერთხელ დააბრალა ეს ომი თავის ქვეყნას და ეს არაერთხელ გადათქვა, თან ისე, რომ პრინციპების დათმობად არ ჩათვლოდა. თავის კიდევ ერთ წიგნში “ქართული ტრაგედია”, ამ საკითხზე საკმარისად წერს. ავტორი ამბობს, რომ ეს ომი სააკაშვილს დაკარგული პოპულარობის აღსადგენად სჭირდებოდა და ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი იმიჯის რეანიმაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა შეადგინა”, - ამბობს ჟურნალისტი.

სიუჟეტში მას, როგორც მთაწიმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, მთაწმინდაზე მიმდინარე არაერთ სადავო მშენებლობებზეც მოსთხოვეს პასუხი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, “როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს ასევე არ აქვს თავისი პროგრამა, აქვს ხედვა”.

სიუჟეტში ხაზგასმით ითქვა, რომ მას დაუპირისპირდნენ მღვდელმთავრები, რომ მან ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარალმენტო კომისია საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე დატოვა, რომ მისი წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა და ის მოქალაქეებს ძირითადად დახურულ შენობებში ხვდებოდა.


შეჯამება

სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით სხვა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის არც საარჩევნო პროგრამა უკითხავთ, არც არ თუ ვერ გაკეთებული საქმეები და არც წარსულში მათი გუნდის საქმიანობის დროს არსებული არაერთი პრეტენზია შეუხსენებიათ.

უფრო მეტიც, დანარჩენ სამ კანდიდატთან მიმართებით არც მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაფიქსირებულ ხარვეზებზე გაუკეთებია ვინმეს მინიშნება და აქცენტი. არადა, შალვა ნათელაშვილს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არაერთი ქსენოფობიური განცხადება აქვს გაკეთებული. გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სწორედ ის აპირებს ბოლო მოუღოს “თურქულ ექსპანსიას” საქართველოში და ირანთან უვიზო მიმოსვლა გააუქმოს. გრიგოლ ვაშაძისთვის არც ცნობილი “შტაბ-კვარწირა” შეუხსენებია ვინმეს და არც ის გამონათქვამი, სადაც მარიხუანის მოხმარებასა და პედოფილიას შორის პარალელს ავლებს. ერთ-ერთ გადაცემაში არც ჟურნალისტის მიმართ მისი არაკორექტული მიმართვა გახსენებია ვინმეს. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კორექტულობითა და დიპლომატიური ტონით გამოირჩევა, თუკი საარჩევნო პროგრამებზე მიდგება საქმე, კითხვა მისთვისაც არავის დაუსვამს, თუ როგორ აპირებს იმ საარჩევნო დაპირებების შესრულებას, რომელიც არც პრეზიდენტის პრეროგატივაა და საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, არც აღსრულების პერსპექტივა უწერია.

მსგავსი მკაფიო ნეგატიური კონტექსტი, მხოლოდ ერთი კანდიდატის მიმართ, არხის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო სუბიექტებისთვის სრულიად განსხვავებულ, უთანასწორო გარემოს ქმნის.

თეგები : არჩევნები;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ