ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება „კურიერში“
08.11.2018
6 ნოემბერს, რუსთავი 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის არაპირდაპირი იდენტიფიცირება მოხდა. როგორც „კურიერის“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, 15 წლის გოგო რამდენიმე თვის წინ ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი იგი სკოლის ადმინისტრაციის, თანასკოლელებისა და ნაცნობების მხირდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. არასრულწლოვანმა ხუთჯერ სცადა თავის მოკვლა.

სიუჟეტში არ მომხდარა არც ძალადობის მსხვერპლის და არც სავარაუდო დამნაშავის პირდაპირი იდენტიფიცირება. ასევე არ მომხდარა მსხვერპლის მშობლისა და დანაშაულის ჩადენის ადგილის იდენტიფიცირება. თუმცა, ჟურნალისტმა სიუჟეტში გამოიყენა სკოლის გარე პერიმეტრის კადრები, შემდეგ კი გამჟღავნდა სკოლის დირექტორის სახელი და გვარი, მისი კომენტარი დაუფარავად გავიდა ეთერში. აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ მოხდეს იმ სკოლის იდენტიფიცირება, სადაც ძალადობის მსხვერპლი და როგორც ირკვევა, სავარაუდო დამნაშავე სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავეც ასევე არასრულწლოვანია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების  სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემდგომი ტრავმის, სტიგმატიზებისა და გარიყვის თავიდან აცილების მიზნით, ძალდობის მსხვერპლი ბავშვი ისე უნდა დაიფაროს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის სახის დაფარვა მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. ეს ეხება არა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ გარემოს, არამედ იმ დაწესებულებასაც, სადაც იგი სწავლობს.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ