12.11.2018
აქციის დაწყებიდან მალევე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიაზე კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდა. გაწევ-გამოწევის დროს დაშავდა ზაზა სარალიძე და შეუძლოდ გახდა მისი დედა. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
რუსთაველის ქუჩაზე ვითარების დაძაბვისთანავე მაუწყებელთა ნაწილმა საეთერო ბადე შეცვალა - შეწყვიტა ის გადაცემა, რაც იმ დროს გადიოდა და პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემა დაიწყო. ასე მოიქცა: ტვ პირველი, რუსთავი 2 და აჭარის ტელევიზია. საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმედსა და მაესტროს კი საპროტესტო აქციები პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში არ გაუშუქებია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
პირველ ამბავში “მოამბემ” მაყურებელს აჩვენა ჟურნალისტის ჩართვა აქციიდან, რომელიც ყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე და რთავდა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მომდევნო ორ შემთხვევაში მოამბის ეთერში აქციის გარდა ჟურნალისტი ერთვებოდა ინგოროყვას კლინიკიდანაც, სადაც იმ დროისთვის ზაზა სარალიძე და მისი დედა იმყოფებოდნენ.
საინფორმაციო გამოშვების შემდეგ საეთერო ბადე დაგეგმილი გადაცემებით გაგრძელდა:
- გადაცემა 42-ე პარალელი;
- ტ/ს წმინდა ინგლისური მკვლელობა;
- მხ/ფილმი - კასანდრას ოცნება.
ჯამში, 21:00-დან 00:31 საათამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბებს 43 წუთი და 54 წამი დაუთმო.
ტელეკომპანია “იმედი”
ტელეკომპანია “იმედმა” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბების შესახებ მაყურებელს პირველად 20:00 საათიანი ქრონიკის მეხუთე ამბად, 20:44 საათზე უამბო. პირველი ოთხი თემა კი ასეთი იყო:
- არჩევნების მეორე ტური და გავრცელებული ცრუ ინფორმაციები;
- სააკაშვილის აღიარება 2008 წელს - აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებები;
- კონსულტაციები მმართველ პარტიაში;
- კახა კალაძესთან ინტერვიუ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე 20:13 საათზე შაბათის ქრონიკას თბილისის მერი კახა კალაძე სტუმრობდა. მასთან ინტერვიუ 20 წუთს გაგრძელდა და ისე დასრულდა, რომ წამყვანს აქციისა და ზაზა სარალიძის შესახებ კითხვა არ დაუსვამს.
ამ თემაზე: ინტერვიუ კახა კალაძესთან რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საუბრის გარეშე
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბებს შაბათის ქრონიკა გამოშვების ბოლოსაც დაუბრუნდა. წამყვანმა მაყურებელს უამბო რა ხდებოდა აქციაზე. აჩვენეს დაპირისპირების კადრები, ძირს დავარდნილი ზაზა სარალიძე. თემას სულ 3 წუთი 43 წამი დაეთმო.
ამის შემდეგ “იმედზე” საეთერო ბადე ჩვეულებრივად გაგრძელდა:
- თურქული სერიალი - შავ-თეთრი სიყვარული
- გადაცემა სიცრუის დეტექტორი (დოდო გუგეშაშვილი სტუმრად)
- იუმორისტული გადაცემა ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად (სტუმარი - ფორტე)
- მხატვრული ფილმი - მაროდიორები.
რუსთავი 2
“იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, “რუსთავი 2-მა” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბების გამო სამაუწყებლო ბადე შეცვალა. არხმა შეწყვიტა სერიალი, რომელიც ეთერში გადიოდა და აქციაზე ვითარების დაძაბვისთანავე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
“კურიერის” სპეციალური გამოშვება 20:12 საათზე დაიწყო. არხი მაყურებელს აცნობდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბებს და სთავაზობდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარებს.
21:57 საათიდან “რუსთავი 2-ზე” შაბათის კურიერისთვის მომზადებული სიუჟეტები გავიდა:
- დაფიცება პურზე - სოფელ ნაზარლოში ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობენ;
- დაფინანსება ხმების სანაცვლოდ;
- ხაინდრავას საბიუჯეტო დავალიანება.
ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის გადაცემა ქუჩაში ორ საათს გაგრძელდა. 00:43 საათზე ისევ კურიერის წამყვანი ჩაერთო სტუდიიდან, და ბოლო ინფორმაციით აქციიდან ჟურნალისტი ჩართეს, ეთერში გაუშვეს აქციის მონაწილეთა კომენტარები.
რუსთავი 2-მა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქება 01:13 საათზე დაასრულა.
TV პირველი
“რუსთავი 2-ის” მსგავსად, აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა ტელეკომპანია პირველი და “რუსთავი 2-ის” მსგავსად მანაც ფილმის ჩვენება შეწყვიტა.
არხმა თემის გაშუქება 20:06 საათზე დაიწყო და 00:31 საათზე დაასრულა.
რუსთაველის გამზირზე ტვ პირველის სამი გადამღები ჯგუფი მუშაობდა, ჟურნალისტები ყვებოდნენ რა ხდებოდა აქციაზე და მაყურებელს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარებს სთავაზობდნენ.
აქციის პარალელურად, ტვ პირველის ჟურნალისტი მუშაობდა ინგოროყვას კლინიკასთანაც, სადაც აქციიდან ზაზა სარალიძე და მისი დედა გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზია
აჭარის ტელევიზიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბების გადაცემა 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებიდან დაიწყო. მანამდე არხზე დოკუმენტური ფილმი “გენიალური ტვინები” გადიოდა. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მაუწყებელი ამბებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა და ცდილობდა სხვადასხვა პირებისგან მიმდინარე მოვლენების შეფასებებიც მოეპოვებინა.
აქცია 21 საათზე გასული საინფორმაციო გამოშვების პირველივე თემა იყო. მაუწყებლის ჟურნალისტი იმყოფებოდა აქციაზე და მაყურებელს უყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე, ასევე, სხვა მაუწყებლების მსგავსად, სთავაზობდა აქციის მონაწილეთა კომენტარებს [6წთ]. ამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება სხვა თემებით გაგრძელდა. გამოშვების დასრულებამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბავს აჭარის ტელევიზია კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და მაყურებელს აქციიდან ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. [4წთ 35 წმ]
საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, 21:24 საათიდან, ეთერში დოკუმენტური ფილმი დაიწყო - “ სამი შთამბეჭდავი უძველესი ქალაქი”. თუმცა, დაახლოებით ნახევარ საათში, 21:51 საათზე ფილმი გაწყდა, კვლავ აქციის თემა გაგრძელდა და ეთერში ტვ პირველის სიგნალი გადაიცემოდა [ტვ პირველის სტუდია და მისი ჟურნალისტების ჩართვები აქციიდან].
მოგვიანებით, 22:08 საათზე ეთერში აჭარის ტელევიზიის სტუდია დაბრუნდა. აქციიდან ჩართვებსაც უკვე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გვთავაზობდა.
აჭარის ტელევიზია ცდილობდა მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება შეეთავაზებინა აუდიტორიისთვის. მათ ტელეფონით ჩართეს: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ასევე უმრავლესობის წევრები ნინო გოგუაძე და გია ჟორჟოლიანი.
აჭარის ტელევიზიამ ეთერი 00:58 საათზე დაასრულა. წამყვანა განაცხადა, რომ ამ დრომდე ელოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კომენტარს, რომელიც დაპირდა მათ მოვლენების შეფასებას, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა.
ტელეკომპანია მაესტრო
მაესტროს ჟურნალისტი ყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე და ასევე, მაყურებელს სთავაზობდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარებს.
ამის შემდეგ გამოშვება სხვა ამბებით გაგრძელდა და აქციის თემას 21:40 საათზე ისევ დაუბრუნდაჩართვებით აქციიდან. გამოშვების ბოლოს მაყურებელს კვლავ შეახსენეს, რომ რუსთაველის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს.
22:00 საათიდან მაესტრომ ისევ უამბო მაყურებელს რა ხდებოდა აქციაზე - კარვების გაშლა, დაპირისპირება, სარალიძისა და მისი დედის საავადმყოფოში გადაყვანა, სარალიძის მიმართვა ზურაბიშვილს. ისევ ჰქონდა ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარები.
ამის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, ყოველი საათის დასაწყისში [23:00; 00:03: 01:00 და ა. შ. დილის 11:00-ის ჩათვლით] მაესტრო იმეორებდა ამბებს და 2-3 წუთის განმავლობაში მაყურებელს უყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე და ამ დროს უკვე ძირითადად ერთსა და იმავე კომენტარებს სთავაზობდა [ეკა გიგაური, ელენე ხოშტარია, საპატრულო დეპარტამენტის უფროსი , სულხან სალაძე, მიხეილ ბენიძე, ნინო ლომჯარია]
შეჯამება
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 10 ნოემბრის საღამოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებდა: რუსთავი 2-ის, ტვ პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაყურებელი. დანარჩენ არხებიდან თემას ყველაზე მეტი დრო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო, - 43 წუთი და 54 წამი 5 საათის განმავლობაში [20:00-დან 01:00-მდე]; ყველაზე ნაკლები კი იმედმა [5 წუთი და 33წამი], მაესტროს შედარებით განსხვავებული სპეციფიკა აქვს, თუმცა მისი ყველა საათის დასაწყისში გადაცემული სამწუთიანი ამბები აქციის შესახებ, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე იმედის ეთერში ამ თემისთვის დათმობილი დრო.