შეცდომაში შემყვანი სათაური Megatv.ge-ზე
17.12.2018
17 დეკემბერს, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზაციის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, Megatv.ge-მ შეცდომაში შემყვანი სათაურით გამოაქვეყნა - „დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები და სპეცრაზმი არიან მობილიზებული - ქვეყანაში ოპოზიციის ლიდერების მასიური დაკავებები იწყება“.

Megatv.ge-მ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსზე” დაყრდნობით გაავრცელა. ინტერპრესნიუსის მასალაში ვინმეს დაკავების შესახებ არაფერია ნათქვამი. უკვე მომხდარ, ან დაგეგმილ დაკავებებზე არც Megatv საუბრობს. მისი ტექსტი ინტერპრესნიუსის ტექსტის იდენტურია და მასში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ დავით კირკიტაძის სახლთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აღნიშნულია ისიც, რომ სამართალდამცველების მობილიზების მიზეზი უცნობია და ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

ამ თემის კომენტირებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყო 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებების ამსახველი მასალების შესწავლა, ამის გამო დაგეგმილია სხვადასხვა პირის დაბარება საგამოძიებო ორგანოში. მან თქვა, რომ “იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები”. თუმცა, ეს ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სტატიის ამგვარი სათაურის საფუძველი, Megatv-ს მასალაში არ გვხვდება. ამავე დროს, სათაური მტკიცებით ფორმაშია - რაც მკითხველს დადასტურებულ ფაქტად, და ამავე დროს გაზვიადებულად (მასიური დაკავებები) აწვდის ამბავს, თითქოსდა ქვეყანაში დაკავებები იწყება, რაც ამ ეტაპზე არსად დასტურდება.

ერთ-ერთი საქმე, რომელიც სათაურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების [share] საშუალების მქონე სტატიებზე, სტატიის სათაურს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

“სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური ცალკე ჟურნალისტური პროდუქტად უნდა განიხილებოდეს. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში”, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ