7 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი არასრულწლოვნებზე 2 იანვარს მომხარ
თავდასხმას ეხებოდა, რა დროსაც სამმა მოზარდმა სხეულის მძიმე
დაზიანებები მიიღო.
წამყვანის ტექსტიდან შევიტყეთ, რომ ახალციხეში 30-მდე ახალგაზრდა სამ
მეთერთმეტეკლასელს ჯერ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ეზოსთან, შემდეგ კი
სხვა ქუჩაზე გაუსწორდა. წამყვანმა განმარტა, რომ ნაცემი ბავშვების
მდგომარეობა მძიმეა, რომ ერთი მათგანი ყბი მოტეხილობით კლინიკაში
რჩება, მეორეს კი ორივე ხელი მოტეხილი აქვს.
ამის შემდეგ, ამბის თხრობა უკვე სიუჟეტით გრძელდება, სადაც თავდასხმის
დროს ორი დაზარალებული ირიბად, კერძოდ ბებიისა და ბაბუის, ასევე მამის
სახით არიან იდენტიფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში
უშუალოდ არცერთი დაზარალებული ჩანს, ოჯახის წევრების ჩვენებითა და
მათი ვინაობის გამჟღავნებით ახლობლებისთვის მათი ამოცნობა
მარტივია.
გარდა ამისა, სიუჟეტში ასევე დასახელდა ის ქუჩაც, შესაბამისი ნომრის
მითითებით, სადაც მოზარდებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. ამასთან,
ერთ-ერთი დაზარალებული გვარს უშუალოდ ჟურნალისტიც იმეორებს, მეორე
დაზარალებულის გვარს კი ოჯახის ადვოკატი ახსენებს.
ამავე თემაზე მასალა 9
იანვარს ერთ-ერთი დაზარალებულის უკვე პირდაპირი იდენტიფიცირებით
ახალციხის ტელეკომოპანია მეცხრე არხის ვებგვერდზე,
tv9news.ge-ზეც გამოქვეყნდა. მასალაში სრულად არის მითითებული
დაზარალებული არასრულწლოვნის სახელი და გვარი, ასევე მოცემულია ამავე
მოზარდის ბებიისა და ბაბუის კომენტარები მათი სახელისა და გვარის
ასევე სრულად მითითებით. მასალაში დაბეჭდილია მათი ფოტოებიც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების
გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის
ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი
იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის
როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.
“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ
კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან
ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან
საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.