21 თებერვალს Freedom House-მა ანგარიშის - „მსოფლიოში თავისუფლება
- 2019“-ის ფარგლებში ცალკეულ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის
დეტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ანგარიშში რამდენიმე დეტალზეა
ყურადღება გამახვილებული, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის გავლენებსა
და როლზე პოლიტიკასა და ბიზნესში, სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე
და ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე.
Freedom House-ის ანგარიში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 21 თებერვლის
დღის მთავარ გამოშვებაში საერთოდ არ გააშუქა. იმედმა კი 20:00-საათიან
ქრონიკაში საკითხს 8 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა, რომლის მთავარი
აქცენტი ორგანიზააციის არასანდოობა იყო.
“ქრონიკის” წამყვანმა და ჟურნალისტმა ამ თემაზე საუბრისას არაერთხელ
ახსენეს ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში, რომელშიც, მათი თქმით,
„იმედთან“ დაკავშირებით ფაქტები დამახინჯებული იყო და რომლის გამოც
ორგანიზაციამ ბოდიშიც მოიხადა.
“Freedom House-ის მმორიგი ანგარიში, რომელმაც ამ ორგანიზაციის მიმართ
მორიგი კითხვები გააჩინა. 2019 წლის ანგარიშში საქართველო ისევ
ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და გასულ წელთან შედარებით
ერთი საფეხურით არის ჩამოქვეითებული. კვლევას ოპოზიციიდან მხოლოდ
“პატრიოტთა ალიანსი” უცხადებს უნდობალობას, დანარჩენი ოპოზიცია კი
მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის რეალობაა. მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ
საერთაშორისო ორგანიზაციას მესამე სექტორი მცდარ ინფორმაციას
მიზანმიმართულად აწვდის. Freedom House-ის მიერ მომზადებული ანგარიშის
მიმართ უნდობლობა შარშანაც გაჩნდა, მაშინ აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია
იმედთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ფაქტები დაამახინჯა, რის გამოც მათ
ბოდიშიც მოიხადეს”, - ასეთი იყო წამყვანის შესავალი. ჟურნალისტმა კი
თემაზე საუბარი ასე განაგრძო, - სავარაუდოდ, შარშანდელი
გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს ანგარიშში „იმედი“ საერთოდ არ არის
ნახსენები.“
ორგანიზაციის არასანდოობაზე აკეთებდნენ აქცენტს სიუჟეტისთვის ჩაწერილი
რესპონდენტებიც, „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“
წარმომადგენლები. ისინი ამბობდნენ, რომ ანგარიშის “ნეგატიური ნარატივი
ონკრეტული პოლიტიკური ძალისა და “ანგაჟირებული არასამთავრობო
ორგანიზაციები” დაკვეთაა.