05.03.2019
გასულ კვირას გაირკვა, რომ აუტოგრაფ ქოლექშენის“ (Autograph Collection) სასტუმროებს შორის შეკვეთილის სასტუმრო “პარაგრაფი” მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა და უკან კოპენჰაგენის, ვარშავის, ბარსელონისა და მილანის სასტუმროები ჩამოიტოვა. თავად ფაქტი თავისთავად კარგია, იმდენად კარგიც კი, რომ ზოგიერთ მედიამესვეურში სიამაყის გრძნობა გაათმაგებით, უფრო ზუსტად კი, გაორმაგებით გააღვიძა და ამბავს პრაიმ-ტაიმში ორი ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა - ტელეკომპანია "იმედმა" “პარაგრაფის” პირველობის ამბავი ისეთი მასშტაბებით შეაფასა, რომ მას 28 თებერვალს ჯერ თითქმის 7 წუთიანი სიუჟეტი დაუთმო, კვირის მთავარ შემაჯამებელ გამოშვებაში კი მთელი 15 წუთი მხოლოდ ამაზე ისაუბრა.
თუკი იმასაც დავაზუსტებთ, რომ ზემოთ ხსენებული სასტუმრო მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება, ბევრისთვის, ალბათ, ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტით დალაგდა. სასტუმროს ფლობელი არც ერთ სიუჟეტში უხსენებიათ. მათ, ვინც ამ სიახლეს სულმოუთქმელად ელოდა, “იმედმა” ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და რამდენიმე წუთის განმავლობაში საოცნებო ადგილას ვირტუალურად ამოგზაურა. პარალელურად კი პირველ ადგილოსანისადმი საქებარი სიტყვები არც წამყვანებმა დაიშურეს და არც თავად სიუჟტების ავტორმა ჟურნალისტებმა.
“... 200-ზე მეტი ნომერი, ზღვაში შეჭრილი აუზი და ზამთრის ბაღი სასტუმროს განსაკუთერებით მიმზიდველს ხდის. პარაგრაფის სავიზიტო ბარათი კი გრანდიოზული აკვარიუმია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ჰყავს. სასტუმროში დასაქმებული 450 ადამიანიდან 400 ადგილობრივი მცხოვრებია”, - წამყვანის ამ სიტყვებით დაიწყო “პარაგრაფში” მოგზაურობის პირველი დღე “იმედმა”.
ამის შემდეგ სათქმელს კიდევ უფრო აკონკრეტებს და დეტალებში შლის ნანახით მოხიბლული ჟურნალისტი და ყოველი შემთხვევისთვის ადგილსაც აზუსტებს და ამბობს, რომ თუკი ისეთ ადგილას მოხვედრა გვინდა, რომელიც “ქართულ რეალობას” არ ჰგავს, გეზი შეკვეთილისკენ უნდა ავიღოთ. ის სასტუმროს თვალის მომჭრელი ინტერიერისა და ექსტერიერის კადრების ფონზე მის უპირატესობებზე საუბრობს და ხაზს ისიც უსვამს “აკვარიუმის” გრანდიოზულობას”, რომელსაც “რეგიონში ანალოგი არ აქვს”.
სიუჟეტიდან სასტუმროს ე.წ. საპრეზიდენტო ოთახის არსებობაც შევიტყეთ, რომელშიც ღამეს ცნობილი ვარსკვლავები ათევენ. ისიც გავიგეთ, რომ “ამ აპარტამენტების სტუმრებს კაბინეტი, პირადი საუნა, მინისავარჯიშო დარბაზი და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო პანორამული ხედი აქვთ ზღვასა და ტყეზე”.
ეს ყველაფერი არ არის. თუკი “პარაგრაფში” სტუმრობისას, ჯიბე საპრეზიდენტო აპარტამენტამდე ვერ გაგწვდათ, გული ხედზე მაინდამაინც არ დაგწყდეთ, თურმე, “აივანი შეკვეთილის სასტუმროში ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 220-ივე ნომერს აქვს”. ჟურნალისტს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ბიზნეს შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისა და კონფერენციებისთვის სასტუმროში სპეციალური სივრცეც არის გამოყოფილი". ჟურნალისტს არც გურული მზარეული გამორჩენია, რომლებიც 35 სახეობის კერძით “ერთნაირად აოცებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს”.
ორი დღის შემდეგ "იმედზე" იმავე მარშრუტის დრო დგება, იმავე კონტექსტით, თითქმის იდენტური ტექსტებითა და ცხადია ზუსტად იმავე ადგილით, თუმცა გაორმაგებული დროით და ოდნავ განსხვავებული, უფრო მკაფიო აქცენტებით.
თუკი პირველ სიუჟეტში “იმედმა” მაყურებელს მხოლოდ “პარაგრაფზე” მოუყვა, ახლა მსჯელობა მისგან მოტანილ სიკეთეებზე გააკეთა. ამას “ბლექ სი არენა”, მინიატურების, და მუსიკოსებისა და დენდროლოგიური პარკები დაუმატა და ლოგიკური ჯაჭვი, მთავარი პერსონით აქაც შეიკრა. “ფაქტია, ამ ყველაფერმა რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. უამრავი ადგილობრივის საცხოვრებელი პირობები არის გაუმჯობესებული. ნახეთ მსოფლიო დონის ტურისტული ზონა შეკვეთილიდან ნატა ქაჯაიას და კახა როინიშვილის რეპორტაჟში”, - გვაცნობა ახლა უკვე კვირის მთავარი შემაჯამებელი გადაცემის წამყვანმა.
ზემოთ უკვე ერთხელ მონათხრობი, გაორმაგებული დოზით რომ არ შემოგთავაზოთ, ყურადღებას მხოლოდ 15 წუთიანი სიუჟეტის მიწურულს დასმულ აქცენტებზე გავამახვილებთ. ასე მაგალითად, თურმე “პარაგრაფის პირველობა და საერთაშორისო წარმატება, პირდაპირ აისახება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე, ამ აღიარების შემდეგ, საქართველოში დამსვენებელთა კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების თამასაც აიწევა და დიდი ალბათობით, ეს ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს”.
თუმცა, რამდენად სწორია ერთ კონკრეტულ ფეშენებელურ სასტუმროს ტურიზმის განვითარება, მომსახურების თამასის აწევა და ეკონომიკური სარგებლის მოტანა მიაწერო, რთული სათქმელია. მით უფრო, იმ ფონზე, რომ მის ამ მსჯელობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის კომენტარი აძლიერებს, რომელიც ამბობს -, “აქ [პარაგრაფში] ჩამოსული ტურისტი ნიშნავს იმას, რომ ის იმოგზაურებს აუცილებლად აჭარაში, ბათუმში, გურიის სოფლებში, სადაც არის ფანტასტიკური ეკოტურისტული შესაძლებლობები, მთიანი გურია არის ფანტასტიკური. ანუ, ასეთი ტიპის ბიზნესპროექტი აჩენს მიზიდულობის ცენტრს”, - ამბობს ის.
“პარაგრაფიდან” სიუჟეტში აქცენტი უკვე შეკვეთილისა და ზოგადად რეგიონისთვის “ბლექ სი არენას” მნიშვნელობასა და მისგან მომდინარე სიკეთეებზე გადადის. ვიგებთ, რომ მისი ამუშავებიდან მალევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მშენებლობის ბუმი დაიწყო და მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე წელში, თითქმის გაათმაგდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც.
"ამ ციფრების და მშრალი სტატისტიკის მიღმა 100-ობით დასაქმებული ადამიანი დგას, გაუმჯობესებული მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობებით”, - ამბობს ჟურნალისტი და მაყურებლისთვის სრულიად უცნობი რჩება რა სტატისტიკასა და მონაცემებს ეყრდნობა ის. ისევე როგორც არაფერია იმის დამადასტურებლად წარმოდგენილი, რომ საოჯახო სასტუმროების ბუმი სწორედ "პარაგრაფმა" გამოიწვია. დასასრულიც ისევე იყო მოკლებული არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, როგორც მისი სხვა ტექსტები .
“ფაქტია, რომ გურია რეგონის განვითარების ცენტრად იქცა, შეკვეთილი კი პარაგრაფის წყალობით მსოფლიო დონის ტურისტულ ცენტრად”, - ამ სიტყვებით დასრულდა 15 წუთიანი ოდისეა ისე, რომ ჟურნალისტს არაფერი უთქვამს, რეგიონის წინაშე არსებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, ეს მაშინ, როდესაც ტურიზმის განვითარება აღნიშნულთან პირდაპირ კავშირშია. რომ არაფერი ვთქვათ ტურისტების მონაცემების დივერსიფიკაციაზე, მათი კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებთან კორელაციასა და ბმაზე, ბლექ-სი არენას შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დახარჯულ თანხაზე და ჩატარებული კონცერტებიდან მიღებულ შემოსავალზე და მათ დისპროპორციაზე.
სიუჟეტში ასევე არაფერი თქმულა, უკვე ტურისტებისთვის უკვე ლეგენდად ქცეულ წინაღობაზე, რომელიც ტურისტულ ცენტრებში საპირფარეშოების არარსებობას უკავშირდება. ასევე, ყურადღება არ გამახვილებულა, ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების საკითხზე, რომელიც ადგილობრივებისთვის, მათ შორის მცირე მეწარმეებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც ისინი ზღვის ყველა სეზონზე თითქმის უშედეგოდ ითხოვენ.
და ბოლოს რიტორიკული კითხვა, რომელიც, შესაძლოა, ჩემსავით თქვენც დაგებადათ - მოხვდებოდა კი ნებისმიერ სხვა სასტუმრო, ან ტურისტული ობიექტი, “იმედის” ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისა და ფოკუსის ქვეშ, მსგავსი დოზითა და იდენტური აქცენტებით, რომ არა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი, რომელსაც ყველა ეს ობიექტი უკავშირდება? ალბათობის ჩემეულ ვერსიებს უკან წავიღებ, კითხვის ღია ფორმატს და პასუხისთვის ცარიელი სივრცეს დავტოვებ.