ბავშვების სტიგმატიზება და სიბრალულის ობიექტებად წარმოჩენა ‘კახეთის ხმის’ მასალაში
03.04.2019
ონლაინ გამოცემა „კახეთის ხმამ“ (knews.ge) 31 მარტს გამოაქვეყნა სტატია სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვნებზე. მასალას მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები არასრულწლოვნების არაერთი ფოტო ერთვის, გასაჯაროებულია მათი სახელები და საცხოვრებელი ადგილი. მასალაში არ ჩანს არასრულწლოვნების მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი, პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება, ის საფრთხეები, რაც ბავშვებს ემუქრებათ, მსჯელობა, ვინ და რა ფორმით უნდა ჩაერთოს მსგავს შემთხვევებში იმისათვის, რომ დაცული იყოს მათი უფლებები და ზოგადად, რა არის საჭირო იმისათვის, რომ არასრულწლოვნებს ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში ცხოვრების საშუალება. ამ პრობლემებზე მსჯელობის ნაცვლად, სტატიით, რომლის გამოქვეყნების მიზანიც სავარაუდოდ ბავშვების დახმარება იყო, არასრუწლოვნები სიბრალულის ობიექტებად არიან წარმოჩენილი და მათი სტიგმატიზება ხდება.

სტატიის დასაწყისში ავტორი მკითხველს 5 წლის ბავშვს აცნობს, რომელიც, მისი თქმით, მიტოვებულია და თავის 4 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად დახმარებას ითხოვს. შემდეგ კი ბავშვების ყოფა და მათი მძიმე საცხოვრებელი პირობებია აღწერილი. გასაჯაროებულია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

მასალიდან ვიგებთ, რომ არასრულწლოვნები სკოლაში არ დადიან და ბავშვების დედა მათთან ერთად არ ცხოვრობს. თუმცა,სტატიაში არ ჩანს არასრულწლოვნებზე პასუხისმგებელი არცერთი პირი და, შესაბამისად, გაურკვეველია მეურვე ჰყავთ თუ სრულიად მარტო ცხოვრობენ ბავშვები. მასალაში არც იმის შესახებ არის ინფორმაცია, იცის თუ არა სოციალურმა სამსახურმა ან ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ ოჯახის შესახებ, რა სერვისებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, ვისი პასუხისმგებლობაა ბავშვების ამ მდგომარეობაში ყოფნა. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაუკავშირდა თუ არა რომელიმე უწყებას, ან ბავშვების დედისგან თუ ეცადა ინფორმაციის მიღებას, მითუმეტეს, რომ ის ფაქტობრივად დადანაშაულებულია შვილების მიტოვებაში ( “შვილის დედა, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, ბავშვებთან არ ცხოვრობს” - ტექსტი სტატიიდან. რედ.) და მათ სკოლიდან გამოყვანაში („ ძალიან მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ტანსაცმელი არ გვაქვს. დედამ დირექტორს ელაპარაკა და ჩვენ სკოლიდან გამოგვიყვანა -  ტექსტი სტატიიდან. რედ.). 

გარდა ამისა, სტატიაში არსად არის ნახსენები, რომ ავტორმა მშობლისგან ან მეურვისგან არასრულწლოვნების გადაღებასა და ჩაწერაზე ნებართვა აიღო. თუმცა, ქარტიის „ბავშვთა საკითხების გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში ცალსახად არის მითითებული, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მშობლის ნებართვა არსებობს, მედიამ უნდა იმსჯელოს იმ შესაძლო რისკებზე, რაც ინფორმაციის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს და დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

„მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება”.

გარდა ამისა, ქარტია მოუწოდებს მედიებს, რომ უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭონ ბავშვის ინტერესებს და მათ ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარმოჩენას მოერიდონ.

პირველ აპრილს, სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, „კახეთის ხმამ“ იმავე ამბავს მეორე მასალაც მიუძღვნა. გამოცემა იუწყებოდა, რომ სტატიას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან “სწრაფი რეაგირება მოჰყვა და მცირეწლოვანი ბავშვების დედას მდგომარეობის გამოსასწორებლად 6 თვიანი ვადა მიეცა. თუ ამ პერიოდში ოჯახი ბავშვების განათლების, ჰიგიენისა და საკებზე წვდომის შესაძლებლობებს არ გააუმჯობესებს, 5 მცირეწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაერთვება”.

„აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვების დედა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს, რომელიც დაახლოვებით 1200 ლარია, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებისათვის გამოყოფილი თანხა ბავშვებს არ ხმარდება“, - წერს ავტორი.

ამავე სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ დედა უარს აცხადებს ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემაზე. თუმცა დედის პოზიცია არც ამ მასალაში ჩანს და ვერც ამ შემთხვევაში ვიგებთ, ჰქონდა თუ არა მცდელობა ჟურნალისტს ეს ბრალდება ბავშვების დედასთან გადაემოწმებინა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ, სიზუსტის პრინციპში კი ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ