მალხაზ მაჩალიკაშვილი, როგორც რეალური საფრთხე საზოგადოებისთვის ‘იმედის კვირის’ სიუჟეტში
15.05.2019

12 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავიდა სიუჟეტი სათაურით „ტერორიზმი თუ შურისძიების სურვილი - რას გეგმავდა და რას ედავებიან მალხაზ მაჩალიკაშვილს“. მასალას წინ უძღოდა 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა. “იმედის” სიუჟეტში   გამოყენებული კადრებით, საარქივო მასალებითა და ჟურნალისტის ტექსტით მალხაზ მაჩალიკაშვილი წარმოჩენილი იყო როგორც პოტენციური ტერორისტი და რეალური საფრთხე საზოგადოებისთვის.

სიუჟეტი დაიწყო 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით (რომელსაც იგი ემოციურს უწოდებს), სადაც იგი ამბობდა, რომ სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა განზრახული. ამგვარი, ემოციური განცხადებები მასალის ავტორმა მაყურებელს არაერთხელ შესთავაზა. 

გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი ხშირად იყენებდა ისეთ სიტყვებსა და ფრაზებს, როგორიცაა: ფაქტია, გასაკვირი არ არის, უცნაურია - რაც მაყურებელს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ის ინფორმაცია, რასაც ჟურნალისტი ამგვარ სიტყვებით აღწერდა, უკვე დამდგარი, ან დადასტურებული ფაქტი იყო.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა რომ ხშირად უკონტროლოა, ეს ბევრჯერ ნახეთ. თუმცა, არც ესაა გასაკვირი. ერთ წელზე მეტია, შვილის გარდაცვალების გამო, პასუხს ითხოვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ემოციიდან დანაშაულამდე იმაზე ვართ დამოკიდებული, გააკონტროლებს თუ არა საკუთარ საკუთარ სურვილებს, ან შეუშლის თუ არა ხელს მას სახელმწიფო უსაფრთხოება დანაშაულებრივი განზრახვების აღსრულებაში”, - ამბობს ჟურნალისტი და სიუჟეტის მიმდინარეობისას მაყურებელს კიდევ არაერთხელ ახსენებს, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაჩალიკაშვილის ემოციურ მდგომარეობასა და თვითკონტროლის უნარზეა დამოკიდებული. მაგალითად, „რთულია განცდა, დამოკიდებული იყო იმაზე, როდის ვეღარ მოერევა თავს ამ განცხადებების ავტორი, როცა ღიად საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქებასა და კონკრეტული ადამიანების განადგურებაზე“.

ამავე მასალაში ავტორი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მამის საფლავი დანაშაულისთვის საკმაოდ მოსახერხებელ ადგილასაა, რაც ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დანაშაული ნამდვილად იგეგმებოდა. ადგილის შესაბამისობას იგი მხოლოდ ტყის სიახლოვით ხსნის, თუმცა, ვინ ან რა ადასტურებს ამას, მასალაში არ ჩანს.

სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი ისევ მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ სუს-ის დამსახურებით, ქვეყანა ტერორისტულ აქტებსა და საერთაშორისო დონეზე სახიფათო ქვეყნის სტატუსს გადაურჩა.

თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის შესახებ მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ  გამოძიების ვერსია და მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები - დნმ-ის კვალი ხელყუმბარაზე, სატელეფონო ანძების ამონაწერი, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერა უცნობთან და ვიდეოკადრები, რომლებიც მის ჩატაევთან კავშირზე და მისი მხრიდან ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერაზე ამცნობდა მაყურებელს. ასევე, ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის ოჯახების ნათესაურ კავშირზეც .

თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ გაცხადებულ მძიმე ბრალდებებზე (კავშირი ტერორისტებთან),  მაყურებელმა ოჯახისა და ადვოკატისგან პასუხი ვერ მოისმინა. ისინი მხოლოდ იმ ნაწილში სცემდნენ კითხვებს პასუხს, არის თუ არა  მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩამდენი (ოჯახთან დაკავშირებული ბოლო ბრალდება). 

მასალაში არ იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი იურისტი და ანც სხვა კომპეტენტური რესპონდენტი, რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა არგუმენტირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რეალურად შეიცავდა თუ არა ტერორისტული აქტის ორგანიზების ნიშნებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი და რეალურად არის თუ არა საზოგადოებისთვის საფრთხე მალხაზ მაჩალიკაშვილი, რა შთაბეჭდილებაც სიუჟეტმა დატოვა.


თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ