მაისში გავრცელებული ყალბი ამბები
06.06.2019
ყალბი ამბების გარეშე მაისის თვეს არ ჩაუვლია. თუმცა, გასული თვეებისგან განსხვავებით, მაისში გავრცელებული ე.წ. Fake News-ების თემატიკა სულ სხვადასხვა იყო და უმეტესად, არც მიმდინარე მოვლენებთან ჰქონდა რაიმე კავშირი.

თვის ყველაზე პოპულარული ყალბი ეხებოდა ზუგდიდში “ქართული ოფისზე” თითქოსდა მეხის დაცემას. ამბავი 2 მაისს თავდაპირველად სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა. ფეისბუკის პირად გვერდზე ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრი მარიამ ბაშარულმა გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ოფისის სიახლოვეს მობილიზებული სამაშველო ჯგუფი ჩანდა, ის ამტკიცებდა, რომ “ქართული ოცნების” ოფისს მეხი დაეცა.

altმიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში არც ალმოდებული ოფისი ჩანდა, არც მეხის ჩამოვარდნის ფაქტი და სოციალური ქსელის მომხმარებლის გარდა, ამბავს არც სხვა წყარო ადასტურებდა, დაუზუსტებელი ინფორმაცია გადამოწმების გარეშე ნამდვილ ამბად გამოაქვეყნეს გვერდებმა newsreport.ge, akhalitaoba.ge, tzona.ge, paqtebi.ge, newposts.ge, resonancedaily.com, itar.ge, unipress.ge, guriismoambe.com, readtime.ge, iposti.ge, sportmix.geაღნიშნული გვერდები, სათაურშივე მტკიცებით ფორმაში წერდნენ, რომ ზუგდიდში მდებარე „ოცნების“ საარჩევნო შტაბს მეხი დაეცა. ზოგი გვერდი იმასაც იუწყებოდა, რომ „ოცნებას მეუფე იობის წყევლამ უწია“, ზოგი კი წერდა, რომ „მეხმა ზუგდიდში თავისი არჩევანი უკვე გააკეთა“.

შედეგად, დაუდასტურებელი ამბავი ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა საიტებზე და სოციალურ ქსელში. ამბავს მალევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. მისი ინფორმაციით, მეხი საერთოდ არ ჩამოვარდნილა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ოფისებს შორის მდებარე ბოძზე მოკლე ჩართვა მოხდა.

7-8 მაისს სხვადასხვა საიტებსა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს 91 წლის ფრანგი მონაზონი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილის შესატანად, ქალიშვილობას აუქციონზე ყიდდა.
alt
ინფორმაციის წყარო სატირული გამოცემა „Wold News Daily Report“ იყო, რომელიც მხოლოდ სატირულ კონტენტს ქმნის და მათ მიერ გავრცელებული ამბები სინამდვილეს არ შეესაბამება, რაც არც ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ გამოცემას არ მიუთითებია.

Droni.ge, primetime.ge, newposts.ge, readtime.ge, digest.pia.ge, itar.ge, sportn.ge, ipost.ge, geonewss.com, news.coa.ge, geoniusebi.ge - ამ და სხვა გვერდებმა სატირული გამოცემის მიერ გამოგონილი სტატია ნამდვილ ამბად შესთავაზეს მკითხველს.

22 მაისს agronews.ge-მ გამოაქვეყნა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გენმოდიფიცირებული სიმინდის გამო კანადაში ფერმერს ერთდროულად 37 მილიონი ფუტკარი დაეხოცა. გვერდი იუწყებოდა, რომ დახოცილ ფუტკრებში, ასევე მათ მიერ შეგროვებულ თაფლსა და ცვილში 121 სახის პესტიციდის ნარჩენი აღმოაჩინეს. ფუტკრების დახოცვა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საფუტკრის მახლობლად დათესილი გენმოდიფიცირებულ სიმინდი ამოვიდა.

alt

სინამდვილეში, კანადაში მილიონობით ფუტკარი 2012 წელს დაიხოცა, თუმცა არ დადასტურებულა, რომ ამის გამომწვევი ახლოს დათესილი გენმოდიფიცირებული სიმინდი იყო. მიუხედავად ამისა, 2012 წლიდან არაერთხელ გავრცელდა ახალ ამბად ეს შემთხვევა და საქართველოშიც გამოჩნდა 2019 წელს.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ