კანდიდატი, რომელმაც ღირებულებებს უღალატა - შალვა შავგულიძე “იმედის” რაკურსით
08.06.2019

2019 წლის 9 ივნისს მთაწმინიდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდჭერილი კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

არჩევნების მეორე ტურმა, პოლიტიკური სიმპატიების გათვალისწინებით, კონკრეტული მედიასაშუალებების დღის წესრიგიც შეცვალა. ეს მეორე ტურში გადასული მაჟორიტარობის კანდიდატების გაშუქების დისკურსში გამოიხატა. მაგალითად ტელეკომპანია “იმედმა”, პირველი ტურის შემდეგ, მაჟორიტარობის ოპოზიციურ კანდიდატს შალვა შავგულიძეს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, 7 სიუჟეტი მიუძღვნა. ამ მასალებში მის ირგვლივ უარყოფითი კონტექსტის შექმნის მიზნით, შავგულიძე ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის გაიგივებული.

 

⇒    მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა

 

მაგალითად, 22 და 23 მაისს, ორი სიუჟეტი მიუძღვნა “იმედმა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შავგულიძისადმი გამოხატულ მხარდაჭერას. მასალების მთავარი აქცენტი კი ისაა, რომ შავგულიძე ამ მხარდაჭერას იღებს და სააკაშვილს მადლობას უხდის.

“შალვა შავგულიძეს მხარს მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილი უჭერს. მხარდაჭერა კანდიდატს ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი facebook ლაივით გამოუცხადა. შესაძლოა, ეს გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატისთვის, რომელიც რიგგარეშე არჩევნების წინ ყოფილი ნაციონალების ბანაკში აღმოჩნდა, ერთადერთი მხარდაჭერა იყოს. ჯერჯერობით დამარცხებული კანდიდატები შალვა შავგულიძის სასარგებლოდ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ”, - ამ ტექსტით წარადგინა წამყვანმა ამ თემაზე მომზადებული ერთ-ერთი სიუჟეტი.

 

⇒  "შავგულიძემ მორალური ზღვარი გადაკვეთა"

 

27 და 28 მაისს, შავგულიძის შესახებ მომზადებული ორი სიუჟეტის მთავარი აქცენტი იყო ის, რომ “შავგულიძეს არ ახსოვს რაზე იხდის სასჯელს ბაჩო ახალაია და უჭირს კითხვაზე პასუხი არიან თუ არა ახალაია და ვანო მერაბიშვლი პოლიტპატიმრები”.

ამავე სიუჟეტებში მმართველი გუნდის წევრების კომენტარებით კიდევ ერთი მესიჯი ვრცელდება შალვა შავგულიძეზე: “მან მორალური ზღვარი გადაკვეთა”.

“შალვა შავგულიძის ადვოკატი, პასუხს ვერ გვცემს და ერიდება პასუხის გაცემა იმაზე, იყვნენ და არიან თუ არა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები, ვერ ამბობს ამას. ანუ, იმასაც კი ვერ ბედავს, რომ განაცხადოს ღიად, რომ სანდრო გირგვლიანის ფაქტიურად მკვლელები, ადამიანები, რომლებმაც სისტემა შექმნეს, რომელმაც თავის მხრივ მოკლა სანდრო გირგვლიანი, პოლიტპატიმრები არ არიან. ამით ყველაფერი არის ნათქვამი”, - ამბობს ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

“ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი კარლო კოპალიანი კი განმარტავს, რომ “შავგულიძე დადგა იმ ხალხის გვერდით, ვინც მოკლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირგვლიანი და მოლაშვილი, ამაზე მეტი ამაზრზენი რა უნდა იყოს?!”

 

⇒  შავგულიძე "იმედის კვირის" რაკურსით

 

შავგულიძის თემა აქტუალური იყო იმედის კვირის შემაჯამებელ გადაცემა “იმედის კვირაშიც”. მასზე ამ ფორმატში ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი მომზადდა. ამ მასალებშიც მთავარი ხაზი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის აფილაციაზე გადიოდა.

2011 წლის 26 მაისზე მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, წამყვანმა თემა ასე წარადგინა:

“ამ გუნდთან ერთად, ამ ყველაფრის შემოქმედთან ერთად აპირებს შალვა შავგულიძე ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. პოლიტიკური და სამართლებრივი პარადოქსი იქნება ჩვენი შემდეგი თემა. ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს. რა მიზანმა გააერთიანა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი გირგვლიანის მკვლელ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან? რა მოსულა და რა არა პოლიტიკაში?”

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის კონტექსტში განიხილა "იმედის კვირამ" შალვა შავგულიძის თემა 2 ივნისის გადაცემაში.

“კომფორტი და ძალაუფლება რომ არ ეთმობოდა მიხეილ სააკაშვლს ამის ნათელი მაგალითია ახალგაზრდა ბანკირის მკვლელობის საქმე, რომლის გასაყალბებლად ყველაფერზე წავიდა, მკვლელებს სასათბურე პირობები შეუქმნა და კანონმდებლებს კანონებიც კი შეაცვლევინა იმისთვის, რომ საკუთარი იმიჯი და ხელისუფლება გადაერჩინა. მკვლელობიდან 13 წლის შემდეგაც წარმოუდგენელია იმ სისასტიკეზე საუბარი, რომლის ავტორიც სააკაშვილის რეჟიმი იყო. როგორ გაანადგურეს ოჯახი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა. სამართლიანობისთვის ბრძოლას შვილმკვდარი დედაც შეეწირა,რომლის გვერდითაც სამართლებრივი ბრძლის გზაზე მაშინ შალვა შავგულიძე იდგა. დღეს კი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც თავის დროზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში ამხილა”, - ამბობს წამყვანი.

შემდეგ თემა გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით განხორციელებული საკნონმდებლო ცვლილელებების კუთხით გაიშალა. საუბარი იყო იმაზე, რა როლი ჰქონდა ამ საქმეში საკანონმდებლო ორგანოს. აღნიშნულით სიუჟეტში იმას გაესვა ხაზი, რომ მაშინდელი კანონშემმოქმედები მოცემული მომენტისთვის ევროპულ საქართველოს წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ არჩევნებში მხარს შალვა შავგულიძეს უჭერენ.

“აი ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვთავაზა ბატონმა შავგულიძემ, რაც იყო ამ ფილმის შექმნის მიზეზი და მიზანიც ის იყო, რომ ადამინებმა დაინახონ და ადამიანებმა გადაწყვიტონ შეიძლება თუ არა ასეთი ურთიერთობების დაშვება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - ამბობს აღნიშნულ თემაზე მომზადებული საგამოძიებო ფილმის ავტორი ვახტანგ კომახიძე.

“მის [შავგულიძის] საქმეში ახლა არავინ ერევა ის, როგორც ნაციონალური რეჟიმის შემოქმედები… თანამოაზრეა იმ კანონშემოქმედების, ვინც გირგვლიანის მკვლელვებს კანონები მოარგო და ვისზეც სტრასბურგის საჩივარშიც ამბობდა, რომ ცვლილება სწორედ ამ საქმეს მოარგეს… ბრძოლა მანდატისთვის აერთიანებს მათთან, ვისაც წლების განმავლობაში ებრძოდა, მათთან ერთად აპირებს კანონშემოქმედებას ვინც კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს და გირგვლიანის მკვლელობის საქმის გაყალბებას მოარგო”, - განმარტავს ჟურნალისტი. 

 

 ⇒  გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმე

 

შავგულიძის თემაზე მომზადებული ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 ივნისს გავიდა. ამ მასალაში ხაზგასმულია, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გირგვლიანის საქმეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ადარებს. ჟურნალისტის თქმით, ეს თავის მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” მანკიერ წარსულზე ხაზგასმაა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც შვგულიძე მთაწმინდაზე მაჟორიტარობისთვის სწორედ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სახელით იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთდასახელებულ სიუჟეტში საპირისპირო მხარის კომენტარებსაც ვისმენთ. თუმცა, მასალების ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ ხელოვნური ბალანსის შექმნის მცდელობაა და სხვა არაფერი. სიუჟეტების აქცენტები, კონტექსტი, ტონი და ლექსიკა, ცალსახად, ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ უარყოფითი ფონის შექმნისა და ამომრჩევლის ემოციებით მანიპულირების შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ სანდრო გირგვლიანის თემა შავგულიძის კონტექსტში ტელეკომპანია იმედისთვის არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალური იყო. მაშინ შალვა შავგულიძეს პასუხს იმაზე სთხოვდნენ, რატომ არ გაასაჩივრა გირგვლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოში.


⇒ შავგულიძის თემა არჩევნების პირველ ტურამდე

ამ თემაზე, ტელეკომპანია იმედმა გადაცემაში “პირისპირ” შავგულიძესა და გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შორის დებატიც მოაწყო. ამ გადაცემაში კამათი სწორედ იმაზე წარიმართა, რამდენად სწორი იყო ადვოკატის მხრიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში არგასაჩივრება. იმავე თემაზე, იმავე სტუდიაში დისკუსია შალვა შავგულიძესა და ფრაქცია ქართული ოცნების” ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს შორისაც შედგა.

შუალედური არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა. არჩევნებში მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო, პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. ქართუკი ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძმ ამომრჩევლების ხმების 41%, ხოლო ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოოკრატების კანდიდატმა 36.83% მიიღო.


თეგები : არჩევნები;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ