10 ივლისს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს
სერგეი გავრილოვი მალტაზე ისვენებს. გამოცემებმა ამბავს პიარ
სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილის მიერ გადაღებულ ფოტო დაურთეს და მისი
იუმორისტული პოსტი ნამდვილ ამბად გაავრცელეს.
თავდაპირველად, ელდარ პირმისაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე უცნობი
პირის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, "ამოვდივარ ზღვიდან და რას ვხედავ
?! გავრილოვი დამჯდარა ჩემს შეზლონგზე, მივვარდი და ვილანძღები
რუსულად… რაც მერე მოხდა, გაგაოცებთ". პირმისაშვილმა
მედიაჩეკერს უთხრა, რომ პოსტი იუმორით დაწერა და მალევე წაშალა.
რადიო ფორტუნამ, ელდარ პირმისაშვილის მიერ გადაღებული უცნობი
ადამიანის ფოტო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა „სეერგეი გავრილოვმა
მალტაზე ქართველი დამსვენებლის შეზლონგის ოკუპაცია მოახდინა“. თუმცა,
მასალა მალევე წაშალა და ამ დროისთვის ინფორმაცია გამოცემის გვერდზე
აღარ იძებნება.
იდენტური შინაარსის მასალა, რადიო ფორტუნაზე დაყრდნობით, გაავრცელა
გამოცემა „დაიჯესტმა“. „პრაიმ ტაიმმა“ კი ფეისბუკის
გვერდზე, გამოცემის ლოგოს დართვით და ავტორის მითითების გარეშე,
პირმისაშვილის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით „სერგეი გავრილოვი
მალტაზე ისვენებს“.
ზემოთხსენებულმა გამოცემებმა ამბავი ისე გამოაქვეყნეს, რომ
პირველწყაროსთანაც არ გადაუმოწმებიათ.