ენმ-ის მიერ „პროვოცირებული კრიზისი“ „იმედის კვირაში“ მტკიცებულებების გარეშე
16.07.2019
14 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეული გადაცემა „იმედის კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტი ქვეყანაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს და იმ ზარალს ეხებოდა, რომელიც აღნიშნულის ფონზე საქართველოს ეკონომიკას მიადგა. 

მაგალითად, სიუჟეტის წარდგენაშივე გადაცემის წამყვანმა ჩიხლაძემ მტკიცებით ფორმაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამბოხის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩავარდა. „პროვოკაციული გეგმის მიუხედავად, ვერც სოციალური ბუნტი შედგა, სამაგიეროდ იზარალა ქვეყნის ეკონომიკამ. მნიშვნელოვანი შეფერხება აქვს ტურიზმის სექტორსაც, სეზონი ნაწილობრივ ჩავარდა და საერთო ჯამში, საუბარია, რომ 2 მილიარდი დოლარი დავკარგეთ“, - ამბობს წამყვანი.

სიუჟეტის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ლარის გაუფასურება, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აკრძალვა და ამით გამოწვეული ზარალი “ნაციონალურ მოძრაობას” ბრალდება ისე, რომ ამის გამამყარებელი მტკიცებულებები არ ჩანს.

“ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ექსტრემიზმი” და საპროტესტო აქციები

ამბის თხრობა თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციებით იწყება, რასაც ანალიტიკოსის სტატუსით ჩაწერილი ორი რესპონდენტის საუბარი მოჰყვება. ერთი-ერთი მათგანი გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი ანტისაოკუპაციო აქციებს და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნას ოპოზიციური პარტიების სურვილად განიხილავს და იქ მყოფ დემონსტრანტებს “ერთ მუჭა ხალხად” მოიხსენიებს. ჟურნალისტი ამის საპირწონედ არ აღნიშნავს, რომ აქციები სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ინიცირებული და 20 ივნისის შემდეგ, არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც “ერთ მუჭა ხალხზე” გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციების კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირების ქვეტექსტის გაძლიერებას სიუჟეტში დასმული კითხვით თავად ჟურნალისტიც ცდილობს: „გენშტაბის ყოფილ უფროსს ახლა ის უფრო აინტერესებს, ოცი ივნისის ღამეს აქციის დაშლისას, ვინ და რა მოტივაციით გადაამეტა უფლებამოსილებას, იდგა თუ არა ე.წ. ურჩი სპეცრაზმელების უკან ექსპრეზიდენტი თავისი განცხადებებით“.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა დადასტურებულ ფაქტად მიაწოდა აუდიტორიას ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩავარდა, ჟურნალისტი ამბობს, “იგეგმებოდა თუ არა დესტაბილიზაცია, ეს საგამოძიებო ორგანომ უნდა გაარკვიოს”. თუკი ჯერ არავის გამოუძიებია მომხდარი, გაუგებარი რჩება, რას ეყრდნობოდა წამყვანი, როდესაც ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო ამბოხი ჩავარდა”.

იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ „პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა“, ჟურნალისტი უფრო ჩრდილოეთითაც მიდის. სიუჟეტში პუტინისა და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერისა და გამზიარებლის, წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტის, თინა კანდელაკის მოსაზრებებს ვისმენთ, რომელიც ამბობს, რომ „პოლიტიკური ექსტრემიზმით და ტერორიზმით [საქართველოს] ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაკავებული“. უფრო მეტიც, ის რუსეთისთვის „ოკუპანტის“ იარლიყის მიკერებას სწორედ სააკაშვილის პროვოკაციასა და ერთი არხის [რუსთავი 2] პროპაგანდის შედეგად მიიჩნევს. სიუჟეტის ავტორი იმასაც გვიყვება, რომ თინა კანდელაკს მის რესტორანში მისული მომხმარებლებისთვის „ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე ყოველ დღე უწევს სტუმრებისთვის იმის ახსნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხში არ უნდა შეიყვანოს ერთი პოლიტიკოსის ქმედებებმა და ერთი ტელეწამყვანის გინებამ“.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა რომ ამბოხს გეგმავდა და თბილისში ორგანიზებული აქციები ამ პარტიას უკავშირდება, თინა კანდელაკის და ლევან ნიკოლეიშვილის მოსაზრებებს ეფუძნება. სიუჟეტში არ ჩანს არცერთი ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებებს გაამყარებდა. ჟურნალისტს არც უცდია განსხვავებული მოსაზრების წარმოჩენა, არც ფაქტები შეუთავაზებია აუდიტორიისთვის და არც ის უჩვენებია, რამ გამოიყვანა და დატოვა ოც დღეზე მეტ ხანს დემონსტრანტები ქუჩაში.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის საპასუხო ეკონომიკური სანქციები და ავიაემბარგო

“ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური ექსტრემიზმის” შემდეგ სიუჟეტში მსჯელობას ქვეყნისთვის მიყენებულ იმ ეკონომიკურ ზიანზე საუბარი ებმის, რაც როგორც ასევე სიუჟეტიდან ირკვევა, სწორედ ერთი პოლიტიკური პარტიისა და ტელევიზიის პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. საქართველოში ფრენების შეზღუდვის შესახებ საკითხი სიუჟეტში დუმის მიერ ინიცირებულ სანქციებთან ერთად, მანიპულაციურად ისეა განხილული, თითქოს ორივე მათგანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივლისს ეთერში პუტინის გინებას მოჰყვა. არადა. პუტინმა რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ დუმის მიერ ინიცირებული სანქციები კი არ დამტკიცდა.

რუსეთის მხრიდან დაანონსებული ემბარგოს კონტექსტში განიხილავს ჟურნალისტი ეროვნული ვალუტის რყევასაც. სიუჟეტში ლარის კურსის ვარდნის მიზეზად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახელებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის გარდა ევროკავშირიდან ტურისტების შემოდინების ნაკადის შემცირებასთან აკავშირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილიც. ჟურნალისტი არ ცდილობს ფაქტების მოძიებას და იმის ჩვენებას თუ როდის დაიწყო ლარმა გაუფასურება. სინამდვილეში ვარდნა აქციებამდე ბევრად ადრე დაიწყო, რასაც ერთი წინადადებით ახსენებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში დაამყარა, რითიც ცდილობს გაამყაროს მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ დაანონსებული ემბარგო არის ლარის რყევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ამით გამორიცხოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

სიუჟეტის ბოლო ნაწილი ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე საუბარს ეთმობა. ბიზენსომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარი იმაზე, რომ რუსულ ბაზარზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, კონტრპროდუქტიული, ყოველგვარ რაციონალიზმსა და ლოგიკურაობას მოკლებულია.

რუსული ბაზრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს თავად ჟურნალისტიც. „მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი რუსეთში 85%-დან 63%-მდეა შემცირებული ქართულ ბიზნესს ამ დრომდე მაინც არ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი რუსეთის ბაზრისგან“, - სწორედ ამ სიტყვებით ასრულებს ის სიუჟეტს.

12 წუთიანი სიუჟეტი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ქმედებების შედეგად, რუსეთის მხრიდან დაწესებულ და მოსალოდნელ ეკონომიკურ სანქციებზე საუბარს დაეთმო, არაფერი თქმულა ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. არ განხილულა ქვეყნისთვის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების სახიფათო მხარეები. არადა, ჟურნალისტი რუსეთის მიერ 2006 წელს დაწესებულ სანქციებზე, რომელმაც 7 წელს გასტანა, თავადვე საუბრობს. ასევე, არ განხილულა ბალტიისპირეთის მაგალითი, თუ როგორ მოახერხეს ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა რუსული ეკონომიკური გავლენისგან თავის დაღწევა და ევროკავშირის ბაზარზე ადაპტირება. სიუჟეტში არ უსაუბრიათ სახელისუფლებო სტრუქტურების პასუხისმგებლობაზე არც აქციების დაწყების და 21 ივნისს მისი დაშლის ნაწილში და არც ლარის გაუფასურებაზე მსჯელობისას.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტის და მისი ავტორის მთავარი მიზანი ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის კვლავ ჩაკეტვის პირობებში, არა გამოსავლებისა და ალტერნატივების ძებნა, არამედ მოსალოდნელ და უკვე დამდგარ ზიანში მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის - ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობის ძიება და მათი დადანაშაულება იყო.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება; მანიპულაცია;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ