26.09.2019
შემთხვევები თბილისში 22 და 23 სექტემბერს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მედიასაშუალებების ნაწილმა უბედური შემთხვევის, მკვლელობის და სუიციდის ვერსიები პირდაპირ ეთერში განიხილა, ნაწილმა მაყურებელს/მკითხველს მომხდართან დაკავშირებით მეზობლების ვარაუდები შესთავაზა, ნაწილმა გარდაცვლილი მოზარდი ე.წ. საშიში ონლაინთამაშის მორიგ მსხვერპლად გამოაცხადა, ნაწილმა კი, მეტი სენსაციურობისთვის, უბედურ შემთხვევებს შორის საკრარული კავშირების პოვნა სცადა.
ტელეკომპანია “მთავარმა” და “ტვ პირველმა” 23 სექტემბერს მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის ამბავი დღის მთავარ გამოშვებაში ახალ ამბად გააშუქეს. ორივე ტელევიზიამ მაყურებელს ნათესავების, თვითმხილვეველების თუ მეზობლების კომენტარები შესთავაზა და გარდაცვლილის გვამის და მგლოვიარე ახლობლების კადრები აჩვენა.
ტელეკომპანია “მთავარმა” თემა მეორე დღესაც განავრცო და 24 სექტემბრის მთავარ გამოშვებაში მომხდარს 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა შემდეგი სათაურით - “მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?”. 5 წუთის განმავლობაში მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. გაიგო, რომ მოზარდი შენობის სახურავზე, სავარაუდოდ, მარტო არ იმყოფებოდა და მოისმინა ფარულად ჩაწერილი ადამიანების კომენტარები, რომლებიც ტრაგიკულ სურათს დეტალებში აღწერდნენ და ბიჭის გადმოვარდნასთან დაკავშირებით, თავიანთ ვერსიებს გამოთქვამდნენ.
მაყურებელმა ვერ გაიგო მოზარდის გარდაცვალების რეალური მიზეზი და ვერც რელევანტური არგუმენტები მოისმინა თვითმკვლელობის ან მკვლელობის ვერსიის გასამყარებლად. სიუჟეტის ავტორს დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს.
აღნიშნული ამბავი უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით გაშუქდა ონლაინმედიაშიც. მაგალითად, მედიაცენტრმა “მთავარმა” მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი ე.წ. “ლურჯი ვეშაპის” მორიგ მსხვერპლად გამოაცხადა. უცნობია, რა არგუმენტზე დაყრდნობით დააკავშირა ავტორმა აღნიშნული შემთხვევა საშიშ ინტერნეტთამაშთან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში მსგავსი ტიპის თამაშების არსებობას.
ზემოთხსენებული შემთხვევის მსგავსად, გაუგებარი დარჩა, რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო საზოგადოებისთვის 22 სექტემბერს მეშვიდე სართულიდან 14 წლის მოზარდის გარდმოვარდნის ამბის გაშუქება. აღნიშნულ შემთხვევაშიც მედიასაშუალებების მთავარი წყარო მეზობლების ვარაუდები იყო.
მაგალითად, “პრაიმტაიმმა” 14 წლის მოზარდის სიკვდილი, ადგილობრივებზე დაყრდნობით, იმავე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ სხვა უბედურ შემთხვევებთან დააკავშირა და დაწერა სტატია სათაურით “ოთხი შემზარავი ტრაგედია ერთ კორპუსში - საბედისწერო მე-7 სართული”. გაუგებარია, ამ სათაურით რაზე მიანიშნებდა ან რისი თქმა უნდოდა ავტორს.
“პრაიმტაიმის” სტატია, გადამოწმების გარეშე, მალევე გაავრცელეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა “რეზონანსი”, “თრიალეთი” , cyc.ge, pirvelinews.ge და მსგავსი საიტები.
სტატიაში ავტორი ოთხ სხვადასხვა უბედურ შემთხვევაზე ყვებოდა, რომელიც, თითქოს სხვადასხვა წელს იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე მოხდა. გარდა აღნიშნულ მოვლენებს შორის გაურკვეველი კავშირისა, “პრაიმტაიმის” მიერ გავრცელებული მასალა უზუსტობასაც შეიცავს, “მედიაჩეკერმა” ამ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ ორი უბედური შემთხვევა, რომელზეც “პრაიმტაიმი” წერს, არა “საბედისწერო მეშვიდე”, არამედ მეოთხე სართულზე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ სტატია სამი წლის წინ თავად “პრაიმტაიმს” აქვს დაწერილი.