რადიკალური ჯგუფები მედიის ფოკუსში - ტერმინები და გაშუქების სიხშირე
08.11.2019

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში, ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამის , “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენებების გამო, მედიის დღის წესრიგში ხშირად ხვდებიან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევიან და ფილმის ჩვენებების ჩაშლას გეგმავენ. ასეთი ძირითადად სამი ჯგუფია: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მათთან დაკავშირებული საკითხები ისე, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას და ამავდროულად, უნებურად არ იქცეს ამგვარი ადამიანების თუ ჯგუფების მოკავშირედ.

“ჟურნალისტიკა არ არის მათემატიკა, სადაც მზა ფორმულები არსებობს”, - ასე იწყებს “მედიაჩეკერთან” საუბარს მედიაანალიტიკოსი, ლაშა ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს არის ავტორი სახელმძღვანელოსი “ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება” და მიმდინარე წელს ამ საკითხების კვლევას დიდი დრო დაუთმო.

იგი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საკუთარი სინდისისა და მაყურებლის წინაშე მაქსიმალურად პატიოსნად შეაფასონ ცალკეული სუბიექტები და სწორედ ამ შეფასებაზე დაყრდნობით მოიხსენიონ ისინი:

“პირველ რიგში, ალბათ უმჯობესი იქნება, თუკი ჟურნალისტები თავიანთ სახელს დაარქმევენ ყველა იმ სუბიექტს, ვინც ამ პროცესებშია ჩართული. მაგალითად, თუკი ადამიანები ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებენ, მედიამ არ უნდა შეუნახოს ასეთ რესპონდენტებს ნამუსი და უნდა თქვას, რომ ისინი ძალადობის წამქეზებლები არიან. თუკი ისინი გარკვეული სოციალური ჯგუფის დისკრიმინაციის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებენ, მედიამ უნდა უთხრას მაყურებელს/მკითხველს ამის შესახებ. თუმცა, დიდია იმის საფრთხეც, რომ გაშუქებისას გარკვეულ განზოგადებებს და გამარტივებას ჰქონდეს ადგილი, რაც ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა აირიდონ ჟურნალისტებმა თავიდან”.

იმ ჯგუფებს, რომლებიც ფილმის საპრემიერო ჩვენებების ჩაშლით იმუქრებიან, ონლაინმედიის უმეტესობა ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებად მოიხსენიებს.

“ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ, მოვიხსენიებთ, როგორც ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლებს და ანტილიბერალური განწყობების მატარებელ ადამიანებს”, - ამბობს ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი და ამატებს, რომ მათი სარედაქციო დამოკიდებულებაა მედიამ თავისი სახელი დაარქვას ყველაფერს.

On.ge-ს მსგავსად, ამ ჯგუფებს ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებად მოიხსენიებს ონლაინმედია “პუბლიკაც”.

“ვმსჯელობდით რედაქციაში და ასე შევთანხმდით”, - გვეუბნება გამოცემის მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

“ასეთ სიტუაციებში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ სიზუსტე და ნაკლებად ვიხმაროთ შეფასებები. უშუალოდ დავასახელოთ ორგანიზაციების სახელწოდებები. შევთანხმდით, რომ მინიმალური შეფასებები და მაქსიმალურად სახელწოდებები გამოვიყენოთ”, - ამბობს “რადიო თავისუფლების” საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ჯაფიაშვილი და ამატებს, რომ გაშუქებისას, განსაკუთრებით თუ ეს პირდაპირი ეთერის (ე.წ. ლივე) რეჟიმში ხდება, შესაძლოა რამდენჯერმე მოუწიოთ აღნიშვნა, რომ ემიჯნებიან ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს.

იმის გამო, რომ საპრემიერო ჩვენება დღეს იმართება და მისი ჩაშლის მსურველ პირთა ჯგუფებიც დილიდან განსაკუთრებით გააქტიურდნენ, ფაქტობრივად მთელი დღეა ისინი მედიის ფოკუსში არიან.

“მედია მნიშვნელოვანი რესურსია ზოგადად პოლიტიკური აქტორებისთვის, მაგრამ ასეთი რადიკალური ჯგუფებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი რეკლამისათვის, მედია ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ როგორც კი გადაწყვეტენ, რომ მიწისქვეშეთიდან ამოვიდნენ, ისინი მედიის ყურადღების მიქცევას ნებისმიერ ფასად ცდილობენ”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში “ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება”.

ამ სახელმძღვანელოს ავტორი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი უნდა მოხვდეს მედიის ფოკუსში და ეს საკამათო თემა არ არის, ვინაიდან ისინი ობიექტურად არსებობენ და აქვთ თავიანთი სათქმელი, ისევე არიან ნაწილები ჩვენი საზოგადოების, როგორც სხვა. მაგრამ, მედიამ უნდა შეძლოს გონივრული ზღვარი დაიცვას მათი გაშუქებისას და უნებურად არ გახდეს მათი მოკავშირე. მისივე თქმით, მედიის ყურადღების აქცენტი იმაზე უნდა იყოს გადატანილი როგორ შეიძლება დაპირისპირების თავიდან აცილება, რატომ არის მიუღებელი საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფისათვის თვითნებურად და უსაფუძვლოდ რაღაცების აკრძალვა.

“განსხვავება ის არის, რომ მათი ქმედებები თუ მოწოდებები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საზოგადოების სხვა წევრებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მედიამ დაიცვას გარკვეული „დიეტა“ მათი გაშუქებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მედია უბრალო გამტარად იქცეს ძალადობის მომწოდებლებისათვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი მესიჯის უფრო ფართოდ გავრცელება. არავითარი საჭიროება არ დგას იმისა, რომ ცალ-ცალკე ნიუსები მიეძღვნას ბრეგაძის, ფალავანდიშვილის, ვასაძის, ლორთქიფანიძის და ა.შ. გაკეთებული განცხადებების თითოეულ აბზაცს. ამით მედია, ასე რომ ვთქვათ, ჭარბ ხმაურს ქმნის, სიტუაციას ამძაფრებს, ძალადობისაკენ მომართულ ადამიანებს უფრო აქეზებს, ხოლო ძალადობის ობიექტებს კი თრგუნავს, ვინაიდან სიტუაციას ისე წარმოაჩენს თითქოს ჩვენს რეალობაში მხოლოდ ძალადობისაკენ მომართული ადამიანები არსებობენ, რომლებიც მზად არიან, რომ ნებისმიერ დროს თავს დაესხან ამა თუ იმ ჯგუფს”, - ამბობს იგი.

“ის, რომ ეს ჯგუფები აქტიურობდნენ და მედიამ უბრალოდ არ შეიმჩნიოს, მგონია, რომ არასწორი იქნება. On.ge-ს ახალ ამბებში ყველგან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია. ეს აქცია როგორც კი დაანონსდა, ხაზგასმა მოხდა იმის, რომ არიან ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები, არ იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს და ა.შ”, - გვეუბნება გელა ბოჩიკაშვილი.

“ძირითადად, ჩვენი ყურადღების ცენტში ექცევა ამ ჯგუფების მიერ გაჟღერებული ის განცხადებები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კანონდარღვევებზე მიანიშნებს და რომლებზეც შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ რეაგირება”, - გვეუბნება ლიკა ზაკაშვილი.

“ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონოდა თუ არა პირდაპირი ჩართვები. შევთანხმდით, რომ რადგან ჩვენი სარედაქციო პოლიტიკით წლების მანძლზე ცხადია, არ ვახდენთ ჰომოფობიის, ქსენოფობიის, სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის, ჩვენ შეგვიძლია საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ერთჯერადად გავაშუქოთ ხოლმე ისეთი მოვლენები პირდაპირ ეთერში, რომელიც კარგად წარმოაჩენს სხვადასხვა ჯგუფების რადიკალურ მიდგომებს, გეგმებს და მეთოდებს, თუ ეს პირდაპირი ჩართვები, რა თქმა უნდა, არ უქმნის საფრთხეს სხვა ჯგუფებს”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

მიდგომა, რომ მსგავსი ჯგუფები არ გაშუქდეს, არც მედიებს აქვს და ამას არც ზემოთნახსენები სახელმძღვანელო ამბობს. პირიქით, სახელმძღვანელო ცალსახად უთითებს, რომ ძალადობრივი ჯგუფების გაშუქების თავიდან არიდება პრობლემას სულაც არ მოაგვარებს. მთავარი კითხვა, რასაც ასეთ შემთხვევაში, რედაქციამ და ჟურნალისტმა უნდა უპასუხოს, არის ის - როგორ გააშუქოს მსგავსი ჯგუფები და იქვე ახსნილია, რომ კონტექსტის მიწოდება ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია.


სარედაქციო შენიშვნა: კითხვებით, რა ტერმინებით მოიხსენიებენ იმ პირთა ჯგუფებს, რომლებიც საპრემიერო ჩვენებების ჩაშლას გეგმავენ და როგორია მათი სარედაქციო მიდგომა - რა შემთხვევაში უთმობენ ეთერსა და სივრცეს მსგავს დაჯგუფებებს, “მედიაჩეკერმა” სტატიაში ციტირებული გამოცემების გარდა ასევე მიმართა სხვა ონლაინგამოცემებსა და ნაციონალურ მაუწყებლებს, თუმცა, იმის გამო, რომ დღეს მედიას ფაქტობრივად საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა, საინფორმაციო სამსახურებსა და რედქტორებს ინტერვიუსთვის დროის გამოყოფა გაუჭირდათ.

სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ