“გამოიძიე, “ნუ გვესვრი” - ამ და მსგავსი მოწოდებებით, 21
დეკემბერს, ათობით ჟურნალისტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და
დედაქალაქიდან, თბილისში, პარლამენტის წინ, საყვირებით, საპროტესტო აქცია გამართა.
ჟურნალისტები აპროტესტებდნენ ბოლო პერიოდში მედიაზე ზეწოლის
მცდელობებს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლას და ამ ფაქტების
გამოუძიებლობასა და სხვა მსგავს შემთხვევებს.
21 დეკემბერს, სხვადასხვა დროს,
საინფორმაციო გამოშვებებში აქცია გააშუქა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”, “იმედმა”, “TV პირველმა”, “ფორმულამ”, “რუსთავი2-მა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიამ”. მიუხედავად
იმისა, რომ საპროტესტო აქცია 16:00 საათზე გაიმართა, საზოგადოებრივი
მაუწყებლის “პირველი არხის” მაყურებელს არც 18:00 საათიან და არც 21:00 საათიან გამოშვებაში აქციის
შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. “მედიაჩეკერმა” პირველი არხის
ვებსაიტიც დაამონიტორინგა, სადაც დღის განმავლობაში პროაქტიულად
ქვეყნდება ახალი ამბები, თუმცა, ვერ საძიებო სისტემის მეშვეობით, ვერც
21 დეკემბერს გამოქვეყნებული ყველა ამბის გადამოწმებით, აქციის
შესახებ საიტზე რაიმე ტიპის ინფორმაცია ვერ აღმოვაჩინეთ.
საპროტესტო აქცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ იყო
ორგანიზებული. აქცია სპეციალურად დაემთხვა 21 დეკემბერს, ამ დღეს
ზუსტად ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის დაშლის
დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. თუმცა ამ ფაქტის შესახებ
ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების
გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა. ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა
გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის
კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე
მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან
შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების
გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.
ინფორმაცია აქციის შესახებ წინა დღეს, 20 დეკემბერს, გამოქვეყნდა ქარტიის საიტზე, გავრცელდა სოციალურ ქსელში, მედიას გაეგზავნა პრესრელიზი და ფეისბუკზე გაკეთდა ე.წ. ივენთიც.
“მედიაჩეკერი” შეეცადა გადაემოწმებინა, რატომ არ მოხვდა ეს ამბავი არხის საინფორმაციო გამოშვებებსა და ვებსაიტზე და პირველ არხზე რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა. ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და მოგვწერა, რომ შეხვედრაზეა. მას შემდეგ, რაც მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ავუხსენით რა გვაინტერესებდა, გვიპასუხა, რომ “ამაზე ინფორმაცია არ აქვს და არც ამის გადამოწმების დრო აქვს”.
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა შონიამ კითხვაზე ასე გვიპასუხა: “ეტყობა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემები გვქონდა გასაშუქებელი და ჯგუფი არ გვყავდა”.
“მედიაჩეკერი” პირველი არხის ვებსაიტის რედაქტორის, ირინა დეკანოიძესაც დაუკავშირდა, თუმცა, მან გვითრხა, რომ უახლოესი ადამიანი გარდაიცვალა და კითხვა აღარ დაგვისვამს.
⇒ პირველი არხის 18:00 და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული ამბები
18:00 საათიანი გამოშვება
- ცოტნე გამსახურდიას საქმე (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)
- ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა (კ/ს)
- შეხვედრა განათლების სამინისტროში (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)
- აქცია კანცელარიასთან (კ/ს)
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება (კ/ს)
- სასამართლო პროცესი ბათუმში (კ/ს)
- სასამართლო პროცესი რუსთავში (კ/ს)
- ანტისაოკუპაციო აქცია წალენჯიხაში (კ/ს)
- ამერიკის საელჩოს განცხადება (კ/ს)
- ევროკავშირის განცხადება (კ/ს)
- უკანონო პატიმრობა (კ/ს)
- ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება (კ/ს)
- ფეისბუქის დახურული გვერდები და ტრამპი (კ/ს)
- ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მოაწერა (კ/ს)
- ადვოკატების საერთო კრება (კ/ს)
- ფსიქოლოგიის ინსტიტუტი (კ/ს)
- ესეების კონკურსი “მე ვარ ტოლერანტი” (კ/ს)
- თავშესაფარი ცხოველებს (კ/ს)
- “საქართველოს ვარსკვლავის” ნახევარფინალი (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)
21:00 საათიანი გამოშვება
- ცოტნე გამსახურდიას საქმე (სიუჟეტი)
- 42 დღე უკანონო პატიმრობაში (სიუჟეტი)
- შეხვედრა განათლების სამინისტროში (კ/ს)
- ფეისბუქის ადმინისტრაციის განცხადება (კ/ს)
- გაუქმებული გვერდები (კ/ს)
- ქარიშხალი ევროპაში (სიუჟეტი)
- ესეების კონკურსი - “მე ვარ ტოლერანტი” (კ/ს)
- “საქართველოს ვარსკვლავის” ნახევარფინალი (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)