28.01.2020
ამბავი, თავდაპირველად, რეგიონულმა ტელეარხმა “გურჯაანი Tv-მ” გაავრცელა. ტელევიზიის ჟურნალისტი ჩართვაში ყვებოდა, რომ “გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს აქვს ვირუსი და აღენიშნება ტემპერატურა”. აქვე იგი ამბობდა, რომ შეამოწმეს თუ არა ახალგაზრდა ქალი ჩამოსვლისას აეროპორტში, მათთვის უცნობია. (ეს იმდროს, როდესაც აეროპორტებში მგაზვრების შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ახალგაზრდა ქალი კი ჩინეთიდან 16 იანვარს დაბრუნდა და ამის შესახებაც ამავე მასალიდან ვიგებთ). ამავე ჩართვაში ჟურნალისტი ციტირებდა სოფლის ექიმის ნათქვამს, რომ ქალს აქვს მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ინფექცია და ეს საშიში არ არის. ექიმის კომენტარის შემდეგ, კი ჟურნალისტი პირდაპირ ჩინეთში გავრეცელებულ კორონავირუსზე იწყებდა საუბარს და ყვებოდა, რომ დაინფიცირებულთა რიცხვმა 4500-ს გადააჭარბა და ყველა შემთხვევა დადასტურებულია.
მიუხედავად იმისა, რომ თავად "გურჯაანი TV-ის" მიერ გავრცელებული ამ ამბის ინფორმაციული ღირებულება, მაშინ როცა, ეჭვიც კი არ არსებობს კორონავირუსზე, გაუგებარია, მასალა არ დარჩა მხოლოდ ამ მედიაში და მისი გამოქვეყნებიდან ერთ საათში საინფორმაციო სივრცესა და სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო.
“მედიაჩეკერი” შეგნებულად არ ასახელებს იმ ონლაინმედიებსა და საიტებს, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის, რამდენიმემ უფრო სენსაციური სათაურით, თითქოს გავრცელდა საქართველოში კორონავირუსი და არც ამ მასალების ბმულებს გთავაზობთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმცია არ გაუვრცელებიათ მხოლოდ ვიზიტორებზე ორიენტირებულ საიტებს.
ამბის პირველწყაროს მსგავსად, არცერთ გამოცემას არ უცდია მკითხველისთვის დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა და თავი აერიდებინა სენსაციური და პანიკის გამომწვევი სათაურისთვის. შესაბამისად, მასალებს მოჰყვა კიდეც პანიკა მკითხველებში, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელში ამ მასალების კომენტარების ველში მკითხველების შეშინებული კომენტარები.
მომხმარებლების კომენტარები მხოლოდ შიშს არ გამოხატავს, მათი ნაწილი ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველია, ადრესატები ჩინეთის მოქალაქეები არიან.
ამბის გავრცელებიდან მალევე, რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის, ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტება ბაკურციხის შემთხვევაზე. გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის კლინიკური სურათი აქვს, ოჯახში იყო გრიპოზული ინფექცია და ქალსაც სავარაუდოდ აქედან შეხვდა. ამავდროულად, მან განმარტა, რომ ახალგაზრდა ქალი იყო სულ სხვა ქალაქში, რომელიც დაშორებულია ვუჰანიდან (სადაც ვირუსია გავრცელებული).
მიუხედავად გამყრელიძის ამ განმარტებისა, ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსული ქალის ვირუსის შესახებ მასალები ამ დრომდე მაინც ვირუსულად ვრცელდება.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ყოელდღიურად იზრდება ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც. სხვადასხვა ქვეყნებმა ვირუსისგან თავის დასაცავად სპეციალური ზომები მიიღეს. სიფრთხილის მიზნით, გარკვეული ზომები მიიღეს საქართველოშიც, – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ჩინეთიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.