ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დადანაშაულება და იდენტიფიცირება ‘მთავარ არხზე’
09.03.2020

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ ამბის გაშუქებისას, “მთავარმა არხმა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მაყურებელს ბრალდებულის დედის ისეთი კომენტარი შესთავაზა, რომლის მთავარი აქცენტი იყო, რომ მოძალადის პროვოცირება თავად დაზარალებულმა მოახდინა.

ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედის თქმით, “მისი შვილი ალბათ ყოფილმა რძალმა გახადა იძლებული, რომ ამ ზომამდე მისულიყო და მოეკლა ან სიკვდილისთვის გაემეტებინა, რადგან ის იყო ცუდი დედა და ცუდი მეუღლე”.

ამის შემდეგ, სიუჟეტიდან უშუალოდ ბრალდებულის დედის ასევე ძალადობის გამამართლებელი კომენტარი მოვისმინეთ. სავარაუდო მოძალადის დედა შვილის ქმედების გამართლების მიზნით, ქალის უპასუხისმგებლო დედის როლში წარმოჩენას ცდილობდა, რომელიც შვილებით არ ინტერესდებოდა და მათ უყურადღებოდ ტოვებდა. “მიიყვანა ალბათ იმ დონემდე, რომ ასე გაუკეთა”, - თქვა ბრალდებულის დედამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტში თავადვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ჟურნალისტებს ფემიციდის ფაქტების სიფრთხილით გაშუქებისკენ მოუწებენ, საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპების გამყარებას მისსავე მომზადებულ მასალაში ხელი თავადვე შეუწყო.

გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია: „ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს“.

„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა“, - ვკითხულობთ ამავე წესებში.

ტელეკომპანია “მთავარის” ამავე სიუჟეტში დაზარალებულის პირდაპირი იდენტიფიცირებაც მოხდა, დასახელდა მისი სახელი და გვარი, აგრეთვე ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ძირს დაწოლილი დაჭრილი ქალი ჩანდა, რომელსაც გარშემო ხალხი ეხვია. ერთ-ერთ კადრში თავად სავარაუდო მოძალადის სახეც გამოჩნდა.

ეს ამ თემაზე “მთავარი არხის” მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი არ არის. ხაშურში მომხდარიდან მალევე “მთავარმა არხმა” ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში დაჭრილი ქალის კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენა. და მიუხედავად იმისა, რომ “მედიაჩეკერმა” ხაშურში მომხდარი ამბის შესახებ იმავე დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვები დაწყებამდეც დაწერა და მედიის მიერ თემის გაშუქების პრობლემაზე მიუთითა, “მთავარმა არხმა” თემა მაყურებელს მაინც ეთიკური სტანდარტების დარღვევით შესთავაზა.




დაჭრილი ქალის სახელი და გვარი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია “ფორმულამაც” თქვა. ამასთან, დაფარვის გარეშე შემოგვთავაზა დაზარალებულის დედის კომენტარი. დაზარალებულის დედის იდენტიფიცირებით მსხვერპლის ირიბი იდენტიფიცრება მოხდა “რუსთავი 2-სა” და “ტელეკომპანია პირველზეც”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში, რომელიც კრიმინალის გაშუქებას ეხება, აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.


ფემიციდის შემთხვევების პრობლემურ გაშუქებაზე, "მედიაჩეკერს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მათგან ერთი ეხება "მთავარ არხსაც" და მეტწილად, სწორედ "მთავარი არხის" შეცდომებზე მიუთითებს. ამ მასლაში დეტალურად არის ახსნილი, რატომ არის სახიფათო ქალთა მიმართ ძლადობისა და ფემიციდის შემთხვევების გაშუქება სიფრთხილის გარეშე. 

 

გუშინ, 8 მარტს, "მედიაჩეკერმა" გამოაქვეყნა თიკო ცომაიას მიერ მომზადებული გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის ფემიციდის გაშუქების საკითხებზე. ამ გზამკვლევშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მედიას მართებს დიდი სიფრთხილე და მაღალი მგრძნობელობის გამოჩენა ფემიციდის გაშუქების დროს. 

 


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ