25.05.2020
- არცთუ იშვიათად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც რაიმე ტიპის დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას პირდაპირ ან ირიბად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან აკავშირებენ და მედია უნებურად ხდება ამ მსჯელობის ხელშემწყობი…
პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის სხვა ადამიანებისგან გამიჯვნა არ არის სწორი. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს. შესაბამისად, მსგავსი პრობლემა ყველას შესაძლოა გვქონდეს.
თუ რაღაც სტრესული შეგვემთხვა, მაგალითად - ძალადობის მსხვერპლი გავხდით, თუნდაც ინტერნეტ-ძალადობის, ან საავტომობილო ავარიაში მოვყევით, ან სამსახური დავკარგეთ და ა.შ. - ამგვარ გამოცდილებაზე შფოთვა ან დეპრესია გავრცელებული რეაქციებია. ან, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, მაშინ შესაძლოა პოსტტრამვული სტრესული აშლილობის სიმპტომებმა შეგვაწუხოს. ანუ, ფსიქიკური პრობლემები არ არის ისეთი რამ, რაც იშვიათად ხდება. Სწორედ ამიტომ, შფოთვას, დეპრესიას, პოსტტრავმულ სტრესს - “ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებულ აშლილობებს” ვუწოდებთ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები არ არიან “ისინი”, ეს ვართ “ჩვენ”. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი უფრო მოწყვლადია სხვისი აგრესიის მიმართ, ვიდრე ის “საშიშია” სხვა ადამიანებისთვის. სტატისტიკურად, ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან სხვისი აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე სხვა ადამიანები. ამაზე საზოგადოება არ ფიქრობს, იმიტომ რომ არის სტიგმა.
- როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ეს თემა ისე, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს?
მედიის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობის ჩამოყალიბებაში. სიტყვას დიდი ძალა აქვს. სტიგმა უკვე არსებობს და თუ რაღაც ხდება საზოგადოებისთვის მტკივნეული და ემოციური, ხშირად ამას სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს აბრალებენ, სწორედ ამ სტიგმის გამო.
იყო შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის (ფსიქოზური სპექტრის) მქონე ადამიანმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას არ ჰქონდა თავისი მდგომარეობის კონტროლის უნარი. ეს პრობლემაა, რომ მას დროულად და ხარისხიანად ვერ გავუწიეთ დახმარება დაავადების გამწვავებასთან დაკავშირებით. მაგრამ კიდე უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც საზოგადოება სრულიად მარტივად ხსნის მომხდარს: “ფსიქიკურად ავად იყო და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული”. ანუ, მომხდარის ერთადერთ მიზეზს ხედავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში და არა, ვთქვათ, ჩვენი ზრუნვის სისტემის ხარვეზებში. ეს მაშინ, როცა ბევრად უფრო მეტი დანაშაული და კანონდარღვევა ხდება ჩვენ გარშემო ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების ხელით.
მედიამ დანაშაულის შემთხვევები არ უნდა გააშუქოს ისე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა. როდესაც ჟურნალისტი აშუქებს ასეთ პრობლემას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განზოგადებას და სტიგმატიზებას თავი აარიდოს და ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე.
- მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების გაშუქებისას რა უნდა იყოს ჟურნალისტის ამოცანა, ამბის ფოკუსი?
გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვთქვათ, არის შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა, რომელსაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა და ვერ აკონტროლებდა თავს. მედიამ ეს არ უნდა განაზოგადოს და არ უნდა გააშუქოს როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, მისი თავისებურება. სტიგმატიზება არ უნდა მოხდეს.
ჟურნალისტმა, რასაკვირველია, რეალობა უნდა ასახოს და დაეხმაროს საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ფაქტი არ უნდა დაფაროს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნიუანსებს.
თუ ჟურნალისტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით ხსნის დანაშაულს, ეს არ არის სწორი. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა შეისწავლოს და გააშუქოს კონტექსტი, რომ აჩვენოს მთლიანი სურათი, პრობლემის საფუძველი.
ცალმხრივად, კონტექსტის გარეშე გაშუქებას მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოება ისე აღიქვამს, თითქოს, თუ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ის საშიშია. ეს არ არის სწორი, პირიქით, ის მოწყვლადია. და მისთვის საშიში ისეთი საზოგადოებაა, რომლიც მასში ხედვას საშიშროებას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აწუხებს.
- თუმცა, ის, რასაც თქვენ ამბობთ, ცხადია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს თემა, ვგულისხმობ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, მედიამ საერთოდ არ გააშუქოს, ასეა?
აუცილებლად უნდა გააშუქოს. მაგრამ - პროფესიულად, მედია სტანდარტების დაცვით. ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები ისედაც არასაკმარისად აირან ინტეგრირებული საზოგადოებაში და მედიას ყურადღების გარეშე ეს გარიყვა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საკმარისად განვითარებული ინფრსტრუქტურა და მის განვითარებაშიც მედიას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ სახელმწიფოში არ არის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სრულფასოვანი ზრუნვისთვის აუცილებელი სერვისები. უნდა იყოს ნაჩვენები პრობლემა.
ხშირად გვესმის, “აი, რატომ დაიხურა დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები იქ უნდა იყვნენ და არა ჩვენს გარემოში”. ეს დისკრიმინაციული მსჯელობაა. ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ ჩვენს შორის, როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვთქვი - ეს თავად ჩვენ ვართ. ისინი არ უნდა გაირიყონ. ეს დანაშაული იყო, რომ წლების განმავლობაში გამოკეტავდნენ ხოლმე ადამიანებს დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში (მაგ., ასათიანზე) ისე, როგორც ციხეში. ეს ადამიანს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებს და შანსს უკარგავდა.
სინამდვილეში, ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სახლში, მუშაობდეს, იყოს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი. დამოუკიდებლად ცხოვრებაში დასახმარებლად მასზე უნდა ზრუნავდეს ე.წ. თემზე დაფუძნებული სერვისები - მაგალითად, მას სახლში უნდა ემსახურებოდეს მულტიდისციპლინური გუნდი (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთანი), საჭიროებების მიხედვით ეხმარებოდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. დაავადების გამწვავების პერიოდებში ერთი-ორი კვირით, შესაძლოა ცოტა მეტით (მაგრამ, არა თვეობით, როგორც წინათ იყო) იგი შესაძლოა წვებოდეს საავადმყოფოში, მწვავე ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რომელიც ჩვეულებრივი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილება უნდა იყოს და არა საზოგადოებიდან გარიყული დიდი ფსიქიატრიული ჩაკეტილი ინსტიტუცია. როგორც არის, ვთქვათ, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ქირურგიული განყოფილება, ისევე უნდა იყოს ფსიქიატრიულიც. მწვავე მდგომარეობის გასვლის შემდეგ იგი უნდა დაბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ პირობებში. მან არ უნდა იცხოვროს ფსიქიატრიულში, როგორც ეს წინათ ხდებოდა. არც მას სჭირდება ეს და არც საზოგადოებას.
საზოგადოების განვითარების დონე შესაძლოა გაიზომოს ბევრი პარამეტრით, მაგრამ ის, თუ როგორ ზრუნავენ საზოგადოებაში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე - ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.ზრუნვა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში დახმარება, გარიყვის, გამოკეტვისა და დისკრიმინაციის ნაცვლად - აი ეს უნდა იყოს ძირითადი სტრატეგია. და მედიას შეუძლია ამ სტრატეგიის დანერგვაში წვლილის შეტანა.
- 18-24 მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების
კვირეული იყო.
- 24 მაისი კი შიზოფრენიის ცნობიერების დღე.