25.09.2020
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოვლენების პასიურ გაშუქებაზეც, ანუ როდესაც პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ რადიოეთერი საკუთარ ტრიბუნად გამოიყენონ და ჟურნალისტი სათანადოდ მომზადებული არ არის, რომ საპასუხო მწვავე კითხვა შეაგებოს.
“რადიომაუწყებლების ნაწილი ხელისუფლების მწვავე კრიტიკასაც არ ერიდებოდა და სიუჟეტებში პოლიტიკოსთა ურთიერთსაპირისპირო კომენტარებიც ისმოდა, მაგრამ მათი უმეტესობა რესპონდენტთა განცხადებების გადამოწმებას არ ცდილობდა, არ ჩანდა ჟურნალისტის როლი, რომ კრიტიკა მის მიერ მოპოვებულ ფაქტობრივ მასალებს დაფუძნებოდა და არა პოლიტიკოსთა ზოგად შეფასებებს”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება, რეგიონების, სოფლების, სოციალური პრობლემების, უთანასწორობისა თუ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გაშუქება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თემებზე სიუჟეტები თითქმის არ მზადდება და ჟურნალისტები ამ საკითხების წინ წამოწევას ვერ ახერხებენ:
“მართალია, რადიომაუწყებლები სიძულვილის ენას არ იყენებენ და არც რომელიმე ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული ენის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირებულა, მაგრამ ჟურნალისტები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ პრობლემები წინ წამოწიონ და პოლიტიკოსთა დღის წესრიგში დააყენონ, პასუხისმგებელი პირების მიმართ დასვან კითხვები, ეცადონ ამომწურავი პასუხების მიღებას, ფაქტების გადამოწმებასა და რაც მთავარია, თემის ბოლომდე მიყოლას”.
ძირითადი მიგნებები:
- ყველაზე მეტი დრო მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმოთ, პარტიებიდან კი - „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“;
- წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად მოიმატა ირიბი გაშუქების წილმა. ახალი ამბების უმეტეს ნაწილს პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებების ციტირება შეადგენდა;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი მშრალი და ზედაპირული იყო;
- თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდნენ და არა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია;
- წინა წლების მსგავსად, რადიოარხების უმეტესობაზე, პრობლემად რჩება ინფორმაციის წყაროთა და კრიტიკული კითხვების ნაკლებობა - ჟურნალისტები ფაქტების გადამოწმებას ნაკლებად ცდილობდნენ;
- სოციალურ თემებს, რეგიონებისა და უმცირესობების პრობლემებს კვლავაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა;
- რადიომაუწყებლები გენდერული სტერეოტიპების გავრცელებას ხელს არ უწყობდნენ, ეთერში არ ისმოდა სექსისტური, ჰომოფობიური, რომელიმე გენდერული ნიშნის მიმართ სიძულვილის ან საფრთხის შემცველი განცხადებები;
- ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები უხეშად არ ირღვეოდა:
ხმით/მუსიკით მანიპულაციის, სიძულვილის ენის შემთხვევები არ
გამოვლენილა
მონიტორინგის შესახებ:
ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის
საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგებს.
მედიამონიტორები 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს
აკვირდებიან. ეს რადიოებია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი),
„თავისუფლება“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“,
„ჰერეთი“, „მარნეული“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „სამხრეთის
კარიბჭე“ (ქ. ახალციხე).
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის
დაფინანსებული. მონიტორინგის ფარგლებში, „ინტერნიუსი-საქართველო“
რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს 16 ივნისიდან
აკვირდება.
იხილეთ ასევე: