24.05.2021
ტელევიზიების დიდმა ნაწილმა ჰესის მოწინააღმდეგეების აქცია დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მანიპულაციურად გააშუქა.
საინფორმაციო გამოშვებებში გამოკვეთილი აქცენტები:
- გურამ ფალავანდიშვილი, გია კორკოტაშვილი და ლევან ვასაძე, როგორც საპროტესტო აქციის “მთავარი გმირები”;
- აქციის ორგანიზატორების პოლიტიკური დღის წესრიგი;
- ატარებს თუ არა აქცია “რუსულ ინტერესს”.
- რატომ არ აყენებენ ორგანიზატორები ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს?
- ვინ აფინანსებს ნამოხვანის პროტესტს?
იმედი
ტელეკომპანია “იმედმა” საპროტესტო აქციის გაშუქებას “იმედის კვირაში” 6 წუთამდე დრო დაუთმო. არხმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქციაზე “სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების თუ კუთვნილების ადამიანები იყვნენ და ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის ქართულ მიწაზე თურქული კომპანიის ოპერირება იყო მიუღებელი”.
სტატუსით “აქციის მონაწილე” - “იმედს” მხოლოდ გურამ ფალავანდიშვილი და გია კორკოტაშვილი ჰყავდა ჩაწერილი. ამის შემდეგ კი მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების - ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის და გია ვოლსკის პოზიციები და მშენებელი კომპანიის განცხადება.
პოსტვ
“მითებით მართული პროტესტი” ამ სათაურით გააშუქა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ტელეკომპანია “პოსტვ-მ” 23 მაისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. 4 წუთის განმავლობაში, მაუწყებელი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ „ქვეყნისთვის ენერგეტიკული სიძლიერე და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ვინც ამას ხელს უშლის, რუსეთის ინტერესს ატარებს“.
მთავარი არხი
“მთავარმა არხმა” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” აქციის გაშუქებას 11 წუთამდე დაუთმო. მაყურებელი პირდაპირ ეთერში ისმენდა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს. არხმა მთავარი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებენ.
აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ვარლამ გოლეთიანთან საუბრისას ჟურნალისტი მხოლოდ იმით დაინტერესდა, თუ რატომ არ ახსენეს გამომსვლელებმა ბიძინა ივანიშვილი და “რატომ არ საუბრობდნენ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე.”
ტელეკომპანია პირველი
ტელეკომპანია “პირველმა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საპროტესტო აქცია ორ ნაწილად გააშუქა და ჯამში 9 წუთამდე დრო დაუთმო.
გამოშვების პირველ ნაწილში ჟურნალისტი აქციიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო, აქციის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში კი მაუწყებელმა ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციის გაურკვეველ ფინანსებზე, ქსენოფობიურ განცხადებებზე და “აქციაზე დამსწრე სხვადასხვა ჯგუფებზე”.
“რიონის ხეობიდან დიდ პოლიტიკაში - ვარლამ გოლეთიანი პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთვება” - ამბობდა ჟურნალისტი, თუმცა, ამ მოსაზრებას, სიუჟეტში მოცემული კომენტარები ვერ ამყარებდა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ დაინტერესდნენ, საიდან ფინანსდება აქცია, თუმცა “მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს”.
ფაქტი: აქციის ორგანიზატორები მედიასთან საუბრისას საუბრობდნენ იმაზე, რომ აქციისთვის დაფინანსება ემიგრანტებისა და სხვა მხარდამჭერებისგან მიიღეს.
რუსთავი 2
“ტვ პირველის” მსგავსად, საპროტესტო აქცია დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ორ ნაწილად გააშუქა ტელეკომპანია “რუსთავი 2-მაც“ და ამბავს 7 წუთამდე დრო დაუთმო. პირველ ნაწილში არხმა ყურადღება გაამახვილა აქციაზე დამსწრე „ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლებზე” და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებზე. მაყურებელმა მოისმინა გურამ ფალავანდიშვილის, გია კორკოტაშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის (პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზ.ცენტრის დირექტორი) და მმკ-ს წევრების კომენტარები. მეორე ნაწილში კი მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები.
ფორმულა
ტელეკომპანია “ფორმულამ” კვირის შემაჯამებელ გადაცემა “დროებაში” საპროტესტო აქცია ყველაზე ვრცლად, 18 წუთში გააშუქა. “ფორმულას” მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე, აქტივისტების მოთხოვნებზე, დამსწრე პირებზე, აქციის ფინანსებთანთან დაკავშირებით ორგანიზატორების პასუხებზე. თუმცა, მაყურებელს არ მოუსმენია ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები.
პირველი არხი
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა კვირის მთავარ საინფორმაციო გამოშვება “ახალ კვირაში” საპროტესტო აქციის გაშუქებას 7 წუთამდე დრო დაუთმო. მაყურებელმა აქციის ორგანიზატორებისგან ინფორმაცია მიიღო ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნების შესახებ და მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები. გარდა “რიონის ხეობის მცველებისა” და მთავრობის წევრების კომენტარებისა, “პირველი არხის” მაყურებელმა მოისმინა “ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის კომენტარიც.