სოფიკო მეგრელიძე: ესეც პროფესიონალიზმია, აღიარო, მე ვეღარ ვაშუქებ ამ ომს
08.08.2019
ომსა და კონფლიქტურ სიტუაციებში მუშაობაზე, დილემებზე, რომლებსაც ე.წ. ომის რეპორტიორები აწყდებიან, შიშებზე, ინფორმაციის გადამოწმებისა და კრიტიკული კითხვების მნიშვნელობაზე ომში, ტრავმებსა და მათთან გამკლავების გზებზე „მედიაჩეკერი“ Associated Press-ის კავკასიის ბიუროს პროდიუსერს სოფიკო მეგრელიძეს ესაუბრა.

- დღეს, როცა ჩვენს სფეროში ბევრი რამ ძალიან შეიცვალა, შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ ომის ჟურნალისტიკა?

მე არ ვთვლი ასე, განსაკუთრებით ახლა, როცა ჟანრებს შორის ყველა ზღვარი წაიშალა. ადრე იყვნენ ომის ჟურნალისტები, ომის კორესპონდენტები, რომლებიც მხოლოდ ომს აშუქებდნენ, ახლა ასეთი რამე აღარ არსებობს. მითუმეტეს, როცა კონფლიქტები, ომი ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენთან. შეიძლება შენ მხოლოდ კულტურის სიახლეებს აშუქებ, მაგრამ მოხვდე ტერაქტის ადგილას და იმ წუთიდან შენ უკვე ომის ჟურნალისტი ხარ. შესაბამისად, ეს ზღვარი, ჩემი აზრით, სრულიად წაშლილია.

- უნარებს შევეხოთ, არის რამე, რაც განსაკუთრებულად გამძაფრებულად უნდა გქონდეს და გახსოვდეს, როცა ომს აშუქებ?

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ, პირველ რიგში, ეს არის საკუთარი თავის შეფასება, - რამდენად შეგიძლია შენ ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, ხშირად ძალიან რთულია, კრიტიკულად შეაფასო საკუთარი თავი და აღიარო, რომ კონფლიქტურ ზონაში მუშაობას ვერ შეძლებ.  ჟურნალისტებს შორის არსებობს ერთგვარი შეფასება, რომ ვინც ომს აშუქებს გმირია და არის ყველაზე დიდი პროფესიონალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს  ასე არ არის.

ხანდახან ომში მუშაობა უფრო მარტივია, რადგან ყოველ წუთს რაღაც ხდება და, შესაბამისად, მასალა ხელის გულზეა. მშვიდობის დროს კი უფრო რთულია ინფორმაციის მოპოვება.


«უკრაინაში გადაღებებს ვხელმძღვანელობდი და ჩვენმა ძალიან გამოცდილმა ჯგუფმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს აშუქებდა, დამირეკა და მითხრა, რომ სოფიკო, ჩვენ აღარ შეგვიძლია, აქ ვეღარ გავჩერდებით, გვეშინია. რაც პირველ რიგში გავაკეთე, იყო ის, რომ ის ჯგუფი წამოვიყვანე. არავის გაუკიცხავს ამ საქციელისთვის. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის პროფესიონალიზმი» 


ალბათ, ყველა ჟურნალისტს უნდა, რომ ჰქონდეს კონფლიქტის გაშუქების გამოცდილება, ის ადრენალინი, რომ აი, მან ომი გააშუქა, იქ იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულად შეაფასო შენი უნარები, რამდენად მზად ხარ ამისთვის.

- ემოციურ მზაობას გულისხმობთ?

ემოციურიც და ფიზიკურიც. გინდა, რომ მოვლენების ეპიცენტრში იყო და შესაძლოა, შურის თვალითაც უყურებ შენს კოლეგებს, რომლებიც იქ არიან. მეც გამოვცადე ეს, როდესაც დამწყები ჟურნალისტი ვიყავი და როცა პირველად მოვხვდი ჩეჩნეთის ომში. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიხვდე, შენ ეს შეგიძლია თუ არა. თუ ეს ემოციურ დონეზე არ შეგიძლია, ესეც პროფესიონალიზმია, რომ აღიარო და თქვა, მე ვეღარ ვაშუქებ ამ ომს, ეს ძალიან ნორმალურია. არაღიარებით შენს თავსაც საფრთხეში აგდებ, საქმესაც ვერ აკეთებ და იმ ჯგუფსაც უშლი ხელს, ვისთან ერთადაც ხარ.

altმეც მქონია შემთხვევა, უკრაინაში გადაღებებს ვხელმძღვანელობდი და ჩვენმა ძალიან გამოცდილმა ჯგუფმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს აშუქებდა, დამირეკა და მითხრა, რომ სოფიკო, ჩვენ აღარ შეგვიძლია, აქ ვეღარ გავჩერდებით, გვეშინია. რაც პირველ რიგში გავაკეთე, იყო ის, რომ ის ჯგუფი წამოვიყვანე. არავის გაუკიცხავს ამ საქციელისთვის. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის პროფესიონალიზმი.

მეორე რაც არის, კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა ინფორმაციის გადამოწმება. ძალიან მარტივია, გახდე პროპაგანდის იარაღი. ომის დროს რეალურად ძალიან ბევრი ამბავი გაქვს, ბევრი წყაროა, ოფიციალური სტრუქტურები, თვითმხილველები, სოციალური მედია, ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლება, იქცე მანიპულაციის მსხვერპლად. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩემთვის, ადრეც და ახლა განსაკუთრებით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არის მოკლე დროში მოასწრო ამბის გადამოწმება, მხოლოდ სანდო ინფორმაცია გამოიყენო და არ იყო სენსაციაზე ორიენტირებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება, არ იყო პირველი, მაგრამ შენი პრიორიტეტი უნდა იყოს გადამოწმებული ფაქტები.

- გადამოწმება არის ის, რაც ომის დროს ყველაზე მთავარია, ექსკლუზივზეც კი და გაასმაგებულად მნიშვნელოვანი?

რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არ იქცე პროპაგანდის იარაღად, არ გახდე მანიპულაციის მსხვერპლი. კონფლიქტის დროს ყველა ჯფგუფს თავისი ინტერესი აქვს და შენი თავდაცვა მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციაა.

- რა ხდება მაშინ როცა შენს ქვეყანაში აშუქებ ომს? მესმის, რომ პროფესიონალისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ვის ომს აშუქებს, მაგრამ რამდენად მარტივია ეს? ალბათ საფრთხეც, პროპაგანდის ნაწილად იქცე, ამ დროს უფრო ძლიერია...

თუ ემოციურ ნაწილზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ასმაგად რთულია. ყველა ომის გაშუქება რთულია, მაგრამ ის, რომ შენთან ასე ახლოს არის მტერი და შენს ოჯახს, ახლობელს, შენს ქვეყანას ემუქრება საფრთხე, გაასმაგებული საშინელებაა, რაც ალბათ ყველამ გამოვცადეთ 2008 წელს.

პროფესიული თვალსაზრისით შენ ისევე მუშაობ, როგორც ნებისმიერი კონფლიქტის გაშუქების დროს. იმავე პროფესიული სტანდარტით, სადაც გადამოწმებული ინფორმაცია და სანდო წყარო არის მთავარი. 


«ჩეჩნეთის ომი იყო პირველი ომი, რომელიც გავაშუქე. ძალიან ბევრი დილემა მქონდა, გამოუცდელი ვიყავი და მეგონა, რომ ფრონტის ხაზზე თუ არ შევვარდებოდი, ყველა ჩათვლიდა, რომ ეს სამუშაო ვერ შევასრულე. ეს დილემა ახლაც ბევრს აქვს, გავარდეს წინა ხაზზე, როდესაც არ ითვალისწინებს რა შეიძლება მოჰყვეს ამას»



როგორ ფიქრობთ, სანდო და კრიტიკული იყო ქართული მედია 2008 წლის ომის გაშუქებისას?

არ ვიცი, ვერ შევაფასებ... არასწორად მიმაჩნია ჩემი კოლეგების მუშაობის შეფასება. ომის გაშუქება ძალიან რთულია და, შესაბამისად, ალბათ არის შეცდომებიც.

- იმ პერიოდის გახსენებისას, ხშირად გვესმის სიტყვა პატრიოტიზმი...

- მე მგონია, რომ ჩვენგან, ჟურნალისტებისგან, პირველ რიგში, ელოდებიან პროფესიონალიზმს და ესაა პატრიოტიზმიც - აკეთო შენი საქმე პროფესიონალურად და არა ის, რომ სპეციალურად დამალო ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია და არ იცი მის დამალვას რა შედეგები მოჰყვება.

- მოდით დილემებს შევეხოთ, რასაც ჟურნალისტი სულ აწყდება მუშაობისას და ომში განსაკუთრებით. რა არის ყველაზე რთული, თქვენი პრაქტიკიდან, რა გახსენდებათ ყველაზე მწვავედ?

ასეთი ძალიან ბევრია. მთავარია, როდესაც მიდიხარ, ზუსტად იცოდე რას აკეთებ, წინასწარი დაგეგმვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბრმად არსად არ უნდა წახვიდე.

ჩეჩნეთის ომი იყო პირველი ომი, რომელიც გავაშუქე. ძალიან ბევრი დილემა მქონდა, გამოუცდელი ვიყავი და მეგონა, რომ ფრონტის ხაზზე თუ არ შევვარდებოდი, ყველა ჩათვლიდა, რომ ეს სამუშაო ვერ შევასრულე. ეს დილემა ახლაც ბევრს აქვს, გავარდეს წინა ხაზზე, როდესაც არ ითვალისწინებს რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ყოველთვის უნდა შეაფასო იქ მისვლა რას მოგიტანს და რას დაკარგავ, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ არცერთი სიუჟეტი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.


 «რთულია უარი თქვა ექსკლუზივზე, მაგრამ ომის ჟურნალისტიკაში ეს არის ერთ-ერთი სირთულე - გაითვალისწინო ყველა ნიუანსი, არ დაკარგო ადამიანური და პროფესიული ეთიკა და იცოდე, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი»


უნდა იცოდე ადგილის სპეციფიკა. მე და ჩემი ოპერატორი ვიხსენებდით ცოტა ხნის წინ, რომ რამდენი სისულელე გაგვიკეთებია იმიტომ, რომ არ ვიცოდით და უბრალოდ რისკზე მივდიოდით.

დილემები არის ისიც, აჩვენო თუ არა რაღაც. 2008 წელს Associated Press ჰქონდა ექსკლუზიური კადრები ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცების, მაგრამ ჩვენ ეს კადრები ვერ გავუშვით, მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და შეიძლებოდა დამატებით საფრთხეში აღმოჩენილიყვნენ. ძალიან გაბრაზდა ჩემი ოპერატორი, რომ როგორ, ასეთი ექსკლუზიური კადრები, სიცოცხლის ფასად მოიპოვა, მაგრამ არის რაღაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია. უნდა იფიქრო იმაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

- იფიქრო რესპონდენტებზეც? და ალბათ, ომშიც პასუხისმგებლობა შენი მასალის გმირებისადმი გაცლებით მეტია

რა თქმა უნდა. მთავარია, რომ არ მოატყუო რესპონდენტი, მან ზუსტად უნდა იცოდეს, სად გავა ეს ინფორმაცია. იმიტომ, რომ შენ ექსკლუზივი გქონდეს, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა ჩააგდო. კი, რთულია, უარი თქვა ექსკლუზივზე, მაგრამ ომის ჟურნალისტიკაში ეს არის ერთ-ერთი სირთულე - გაითვალისწინო ყველა ნიუანსი, არ დაკარგო ადამიანური და პროფესიული ეთიკა და იცოდე, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი.

- საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ახლა ვეღარც კი ყოფთ ცალკე ომის ჟურნალისტიკას, მაგრამ არის რამე, რაც გგონიათ, რომ უნდა ისწავლებოდეს მათთვის, ვინც ომს აშუქებს?

Associated Press -ის, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი წამყვანი მედიის თანამშრომლები, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გავდივართ სპეციალურ კურსებს - როგორ მოვიქცეთ კონფლიქტების გაშუქებისას. ყოფილი სამხედროები გვასწავლიან კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების წესებს და ასევე პირველადი დახმარების საფუძვლებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამე გავიწყდება, მაგრამ როდესაც ხვდები კრიტიკულ სიტუაციაში, ეს მიძინებული ცოდნა იღვიძებს. არაერთხელ გამომდგომია ეს ინფორმაცია დემონსტრაციების გაშუქებისას, საომარი მოქმედებების დროს. ეს ის საბაზისო ცოდნაა, რომელიც ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს, როდესაც კონფლიქტურ ზონაში ხვდება.

საკუთარ შეცდომებზე სწავლა საომარი მოქმედებების დროს ძალიან სახიფათოა.

ჟურნალისტისთვის, განსაკუთრებით გამოუცდელი ჟურნალისტისთვის, რთულია გაანალიზოს საფთხე და სწორედ ამიტომ საჭიროა პროდიუსერი თუ რედაქტორი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია მასთან. კონფლიქტურ ზონაში მომუშავე ჟურნალისტის უკან უნდა იყოს რედაქცია, რომელიც ეხმარება დაგეგმვაში, ხვდება საფრთხეებს და შესაბამისად მოქმედებს.

რედაქციის პასუხისმგებლობაც საომარ ვითარებაში გაასმაგებულია.

- ველზე ყოფნა უფრო მარტივია?

ჩემთვის ველზე მუშაობა უფრო მარტივია, იქ თითქოს მარტო საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი. როცა კოორდინაციას უწევ გაშუქებას, მაშინ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ თითოეულ ადამიანზე, რომელსაც უშვებ გადაღებაზე. ეს საკმაოდ დიდი სტრესია.

alt- და რა ხდება მაშინ, როცა ომი მთავრდება

შემდეგ არის სტრესი, რომელთან გამკლავებაც არ არის ადვილი.

ჩვენ სამსახურში გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც გეხმარება სტრესის მართვაში და პოსტ ტრავმული სინდრომის გადალახვაში, თუ შენ ამის სურვილი გაქვს.

კონფლიქტის გაშუქებისას, გარდა პროფესიული სირთულეებისა, ძალიან ბევრი დილემის წინაშე დგახარ. მაგალითად, როგორ მოიქცე როდესაც შენს გვერდით დაჭრილია? მიატოვო გადაღება და დაჭრილს უშველო? აყენებ თუ არა ამით საფრთხის ქვეშ შენ გადამღებ ჯგუფს?

სტრესია ის ყველა ინტერვიუ, რასაც წერ კონფლიქტის ზონაში, კონტაქტი ხალხთან, რომელიც იმ იმედით გაძლევს ინტერვიუს, რომ შენი რეპორტაჟი რაღაცას შეცვლის. ახლაც მახსოვს რესპონდენტები, რომლებიც წლების წინ ჩამიწერია და ის უსუსურობის განცდა, როდესაც მათთან საუბრობ, როდესაც მათთვის იმედი ხარ და შენ თავად სრულიად უიმედოდ ხარ.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ