მედიის როლი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში - ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან
26.03.2021
როგორ შუქდება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი მედიაში, რატომ არის კონკრეტული არასტანდარტული შემთხვევების გაშუქება განსაკუთრებით საფრთხილო, რა უნდა იყოს მთავარი ფოკუსი და როგორ უნდა გავაშუქოთ ერთეული შემთხვევები ისე, რომ ძალადობა კი არ წავახალისოთ, არამედ - პრევენციას შევუწყოთ ხელი და საერთოდ, რა როლს თამაშობს მედია - ამ საკითხებზე “მედიაჩეკერი” “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) დამფუძნებელს, გენდერის მკვლევარ ეკა აღდგომელაშვილს ესაუბრა.

წლებია ქალთა, გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე მუშაობთ და აქტიურად ხართ ჩართული გენდერული საკითხების გაშუქების მონიტორინგშიც. თქვენი დაკვირვებით, როგორ შუქდება მედიაში ქალთა მიმართ ძალადობა?

საინტერესოა ამ საკითხს ქრონოლოგიურადაც რომ შევხედოთ. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში სრულიად იგნორირებული იყო მედიის მხრიდან. Ძალადობის შემთხვევები აღიქმებოდა როგორც ცალკეული ფაქტები და არა როგორც საზოგადოებრივი პრობლემა. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ მედიას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების ან შემთხვევების გაშუქება დაეწყო.

დაახლოებით 10 წლის წინ, ერთ-ერთ, მოწინავე მედიაგამოცემაში, რომელიც ახლა აღარ გამოიცემა, თანხა უნდა გადაგეხადა და, ასე ვთქვათ, ოფიციალურად გეყიდა ადგილი გაზეთში, რომ ოჯახში ძალადობის თემაზე სტატია დაებეჭდათ. ტელევიზიაზე საერთოდ საუბარიც არ ღირს, სრულიად დახშული სივრცე იყო.

ამ რეალობის გახსენებით იმის თქმას კი არ ვცდილობ, რომ მედიის როლი უმნიშვნელო იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიზაციის საკითხში, პირიქით. ქალების, უფლებადამცველების, ფემინისტების ერთობლივი ძალისხმევის პარალელურად, მედიაშიც ხდებოდა ცვლილებები.

გაშუქების თვალსაზრისით, ერთგვარი გარდატეხის პერიოდად ვთვლი 2014-2015 წლებს, როცა ჟურნალისტებმა მართლა დაინახეს, რომ ეს ფემინისტების ახირება კი არა, მართლა სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ 2 ონლაინ გამოცემა კი არ ინტერესდებოდა ფემიციდის ფაქტებით, არამედ სხვებმაც დაიწყეს ასეთ შემთხვევებზე ყურადღების გამახვილება. ასე, აქტივისტებს, მედიის გარეშე, კიდევ დიდი დრო დასჭირდებოდათ ამ საკითხის საზოგადოებრივ პრობლემად ქცევისთვის.

რამე მოხდა ამ წელს ისეთი, რამაც ეს გარდატეხა გამოიწვია?

ვფიქრობ, მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა დროის მცირე მონაკვეთში ფემიციდის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ერთმანეთს მიჰყვა და ხმაური გამოიწვია. რაღაც მომენტში, მედიის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ “რაღაც უბედურება გვჭირს” . რა თქმა უნდა, მანამდეც იყო მედიასაშუალებები, რომლებიც თავის დროზეც ძალიან სენსიტიურები იყვნენ და აშუქებდნენ კიდევაც ამ საკითხებს, მაგრამ მათი რაოდენობა არ იყო გადამწყვეტი.

დღეს რომ უბრალოდ გადაავლოთ თვალი მედიას, ფემიციდისა თუ ძალადობის შემთხვევები სიახლეებშიც გვხვდება. ქალზე ძალადობა ხილვადი გახდა, თუმცა, სხვა საკითხია, როგორ შუქდება ეს შემთხვევები.

ალბათ, ამაში სოციალურმა ქსელებმაც ითამაშა გარკვეული როლი, თითქოს, საზოგადოებამ წამოწია ეს საკითხი და მედის დღის წესრიგში დააყენა

რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენთვის მტკივნეულ საკითხებზე ან მნიშვნელოვან პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს რაღაც სივრცეში, ამ შემთხვევაში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში და ბევრი ადამიანი ერთვება მსჯელობაში, მედია იძულებული ხდება ამას ანგარიში გაუწიოს და თავადაც ამოწიოს ეს თემა, თუკი სურს, რომ მოიზიდოს ან შეინარჩუნოს მკითხველი თუ მაყურებელი.

სოციალურმა ქსელებმა და ონლაინ მედიამ, ერთი მხრივ, დაარღვია არსებული იერარქია მედიასაშუალებებსა და მაყურებელს/მკითხველს შორის. მედიასაშუალებებს, ასე ვთქვათ, აღარ შეუძლოთ, რომ მარტივად დააიგნორონ თემა, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში. მეტიც, დღესდღეობით სოციალური ქსელები მედიასაშუალებებისთვის საინფორმაციო წყაროს გარდა, ერთგვარი ინსპირატორიც გახდა.

ერთია, რომ ქალთა ძალადობის საკითხი იგნორირებული აღარ არის და მედიაში შუქდება და მეორე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ შუქდება

რა თქმა უნდა. გაშუქებაზე როცა ვსაუბრობთ, პროგრესის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს.

ერთ-ერთი პრობლემა საკითხის დავიწროებულ ხედვას უკავშირდება. ქალთა მიმართ ძალადობა არ დაიყვანება მხოლოდ ოჯახში ან პარტნიორის მხრიდან ძალადობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალთა მიმართ ძალადობის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი. გარდა ამისა, მედიის ყურადღების ცენტრში, ძირითადად ფიზიკური ძალადობის ან ფემიციდის შემთხვევები ექცევა. ბოლო პერიოდში, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევებიც მოექცა მედიის ფოკუსში, თუმცა ძალადობის სხვა ფორმები, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი ან სხვა ფორმები ნაკლებად აღიქმება, როგორც ძალადობა.

პრობლემები, რომელიც უშუალოდ ფემიციდის შემთხვევების გაშუქებას უკავშირდება, ცალკე რეკომენდაციების სახითაა თავმოყრილი და ქარტიის ვებგვერდზეც დევს. ეთიკის სხვა სტანდარტების გათვალისწინების გარდა, ფემიციდის გაშუქებისას მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტში გაშუქდეს არა მხოლოდ უშუალოდ ფემიციდის ფაქტი, არამედ ისიც, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამას - მაგალითად, დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილი, რა სასჯელი ემუქრება მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში და სხვა. ამის გარეშე, მხოლოდ ფემიციდის ფაქტების გაშუქება ქმნის ილუზიას, რომ დანაშაული ხდება და არავინ ისჯება ამის გამო. ამ ილუზიამ კი ერთი მხრივ, შესაძლოა წააქეზოს პოტენციური მოძალადე, მეორე მხრივ კი პოტენციურ მსხვერპლში დაუცველობის განცდა გააძლიეროს.

კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას, რა უნდა იყოს მედიის მთავარი ფოკუსი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, იმის ხაზგასმა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ამ საშინელი სტატისტიკის მიღმა სამართლებრივი თუ სოციო-კულტურული უთანასწორობა დგას რომელიც წაახალისებს ამ ძალადობას.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალის წარმოჩენას უკავშირდება. მთელი აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ საზოგადოებაში მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა გაჩნდეს. მსხვერპლის მიმართ მსხვერპლთა უმეტესობა დღესაც ერიდება ამ საკითხებზე საჯარო საუბარს და მედიაში ღად გამოჩენას. ჟურნალისტების უმეტესობას კი ადრეც და ახლაც პირველ პირში მოყოლილი ისტორია აინტერესებთ. განსაკუთრებით ის დეტალები, რომელიც დანაშაულის სისასტიკეს უსვამს ხაზს. გასაგებია, რომ ამ გზით, ჟურნალისტებს მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის გამოწვევა სურთ, მაგრამ შედეგად ვიღებთ სურათს, როცა ძალადობის მსხვერპლად ყოფნა ავტომატურად ასოცირებულია მხოლოდ ფიზიკურ ძალადობასთან, სისხლთან, სისასტიკესთან და ძალადობის სხვა ფორმები სრულიად იგნორირებულია, მსხვერპლისა და მისი უფლებადამცველების მიმართ კი ემპათიისა და მხარდაჭერის ნაცვლად, ეჭვი ან აგრესია იჩენს თავს. როგორც კი ჩნდება ძალადობის არასტანდარტული ქეისები, რომელიც არ ჯდება ამ ჩარჩოში, მედიაცა და საზოგადოებაც, ასე ვთქვათ, აიჭრება ხოლმე. ასეთია მაგალითად ბასილაშვილი-დოროყაშვილის ქეისი.

ცალკე პრობლემაა, რომ უფლებადამცველები და მედია სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებენ ამ საკითხს. ემპათია და დაჩაგრულის მიმართ თანაგრძნობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიისაგან განსხვავებით (ცხადია, ზოგად ტენდენციას ვგულისხმობ, თორემ არც მედია გარემოა ასე ჰომოგენური და ერთნაირად “უგრძნობი” საკითხის მიმართ), უფლებადამცველებისთვის სამართლიანობის აღდგენაა პირველი რიგის ამოცანა და არა დაზარალებულის მიმართ სიბრალულის გამოწვევა საზოგადოებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ამბის გაშუქებამ სხვადასხვა ტიპის დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში. თქვენი დაკვირვებით, რატომ იყო ეს არასტანდარტული შემთხვევა და როგორ გააშუქა ეს საკითხი მედიამ?

შარშანაც დარღვევებით შუქდებოდა ეს საკითხი. ბასილაშვილის გამარჯვებამ ემოციების ახალი ტალღა გამოიწვია. ეს არასტანდარტული ქეისია, სადაც მსხვერპლის თუ მოძალადის “ამოცნობა” ძალიან გაუჭირდა მედიასაც და საზოგადოებასაც. მედია გაშუქების წყალობით, რომელიც ოჯახში ან პარტნიორებს შორის ძალადობის მხოლოდ იმ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ან ფემიციდს უკავშირდება, საზოგადოებას გარკვეული “კლიშე” უყალიბდება და ძალადობად მხოლოდ ამ ფორმებს აღიქვამს. ძალადობის სხვა ფორმებს კი ვერ აღიქვამს. ამას გარდა, ძალადობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ფინანსურს კი არა, სხვა ტიპის სიმბოლურ კაპიტალსაც ფლობს - ის ცნობილი სპორტსმენია და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეორე მხრივ, არც ნელი დოროყაშვილი შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ წარმოდგენას “ქალი მსხვერპლის” შესახებ.

იყო ბევრი სხვა დეტალიც, რამაც საზოგადოება განაწყო არათუ მსხვერპლის, არამედ მისი უფლებადამცველების წინააღმდეგაც კი. ამ პირობებში, მედიასაშუალებების მხრიდან დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებამ, თითქოს ქალი უფლებადამცველების ერთმა ნაწილმა წერილით მიმართა ტურნირის ადმინისტრაციას, ცეცხლზე ნავთი დაასხა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ სიძულვილის უზარმაზარი ტალღა ააგორა სოციალურ ქსელებში. ესეც თავის წილ აგურს დებს იმ მტრული გარემოს შექმნაში, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. აქტიური ქალების მიმართ საყოველთაო სიძულვილის გაღვივება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

ფიქრობთ, რომ მსგავსი საკითხების არაკვალიფიციურმა, არაფრთხილმა გაშუქებამ შესაძლოა ძალადობა წაახალისოს?

შესაძლოა. მაგალითად, თუ მხოლოდ ქალზე ძალადობის ფაქტს გავაშუქებთ და არ დავინტერესდებით, მოჰყვა თუ არა ამას რეაგირება, დააკავეს თუ არა პოტენციური დამნაშავე, დაისაჯა თუ არა და ა.შ. ეს შექმნის დაუსჯელობის ილუზიას. თუ გაშუქებისას ძალადობის გასამართლებელ საბაბს დავუწყებთ ძებნას და მსხვერლს დავადანაშაულებთ პროვოცირებაში, ამით სიგნალს გავუგზავნით პოტენციურ მსხვერპლს, რომ კანონი მის მხარეზეც რომ იყოს, საზოგადოება პასუხისმგებლობის ტვირთს მაინც მას აჰკიდებს. თუ ამას გავაშუქებთ როგორც ძალადობის ერთეულ გამოვლინებას, მის უკან ვერ დავინახავთ იმ მახინჯ სისტემას, რომელიც კვებავს ამ ძალადობას. თუ მსხვერპლთან ერთად, მის უფლებადამცველებზეც გავაგრძელებთ თავდასხმას, ამით მხოლოდ გავაძლიერებთ იმ მტრულ გარემოს, რომელიც შესაძლებელს ხდის ასეთ დანაშაულს.

ეთიკური სტანდარტების დაცვა და კვალიფიციური გაშუქება საკმარისია იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წახალისების ნაცვლად, მედიამ მის პრევენციას შეუწყოს ხელი?

შეიძლება მედიასაშუალება საერთოდ არ არღვევდეს ეთიკის სტანდარტებს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის გენდერულად სენსიტიურია. გენდერულად სენსიტიური გაშუქებას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და “როგორ შუქდებასთან“ ერთად იმასაც უთმობს ყურადღებას, თუ რამდენად ჩანს მეინსტრიმულ მედიაში სპეციფიკური საკითხები (მაგალითად ძალადობის ან კვოტირების), რამდენ დროს ან ადგილს უთმობს ასეთი საკითხების გაშუქებას ან, მაგალითად, რამდენად უწყობს ხელს ზოგადად მტრულ გარემოს შექმნას აქტიური ქალების მიმართ.

საჭიროა მედიამ გაიზაროს, რომ ეს მართლაც პრობლემაა, რომ ამ საკითხზე, ისე კი არ უნდა ვისაუბროთ, როგორც კრიმინალური ქრონიკის ნაწილზე, არამედ დავინახოთ როგორც სერიოზული პრობლემა. მედიამ უნდა წამოწიოს თემა, მაგრამ სიფრთხილეც უნდა გამოიჩინოს, რომ ქალისგან მხოლოდ თანაგრძნობის ობიექტი არ შექმნას.

საბედნიეროდ, მედიის ნაწილი, არათუ იცავს ეთიკურ სტანდარტებს, არამედ იზიარებს და იაზრებს კიდეც თავის მნიშვნელობას პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით.
ფოტო: პირველი არხი, რუბრიკა საინტერესო ადამიანები

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ