ცალსახაა, რომ ეს არის რუსული კანონი - ინტერვიუ ნესტან ცეცხლაძესთან
23.02.2023
2023 წლის, 20 თებერვალს ანტიდასავლურად განწყობილმა პარტია "ხალხის ძალამ" პარლამენტში დაარეგისტრირა რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთი" 10 წელზე მეტია, უცხოური გრანტების საშუალებით ფუნქციონირებს და საზოგადოებას გადამოწმებულ, სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის. კანონპროექტის საფრთხეების შესახებ, "ნეტგაზეთის" მთავარ რედაქტორ, ნესტან ცეცხლაძეს ვესაუბრეთ.

მოკლედ, ამ კანონპროექტის შესახებ:
  • კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გულისხმობს იმ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების "აგენტებად" გამოცხადებას, რომლებიც უცხოური გრანტებიდან ფინანსდებიან.
  • ანუ, კანონის მიღების შემთხვევაში "აგენტად" გამოცხადდება დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი და სამოქალაქო ორგანიზაციები.
  • სწორედ ასეთი კანონი მიიღეს რუსეთში 2012 წელს, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის გაქრობამდე მივიდა.

ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში არ მივიღოთ რუსეთი, უნდა ვაიძულოთ ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომ არ დაამტკიცოს ეს კანონპროექტი.
  • ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში გაქრება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. შეიძლება ეს სიტყვები ძალიან "პლაკატურია", მაგრამ ეს იქნება რეალობა.
  • მთავარი მაინც არის არა ის, თუ რას დავგეგმავთ ჩვენ, მედიის წარმომადგენლები, არამედ ის თუ რას მოიმოქმედებს და რა პასუხი ექნება საზოგადოებას, რადგან ეს ეხება ამ ქვეყნის ეგზისტენციალურ არჩევანს.
  • ხელისუფლების მიზანი ერთი მხრივ არის ისიც, რომ შევიდეთ ამერიკულ, უნგრულ და რუსულ კანონებთან ქართული კანონპროექტის მსგავსება-განსხვავებებზე დისკუსიაში და ჩვენი ყურადღება მთავარი საფრთხიდან დეტალებზე გადავიდეს.

რა საფრთხის წინაშე დგას მედია?

ეს არ არის მხოლოდ მედიის გამოწვევა, ამ კანონის მიღება, საფრთხეა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში არ მივიღოთ რუსეთი, უნდა ვაიძულოთ ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომ არ დაამტკიცოს ეს კანონპროექტი, რომელიც სრულიად გააქრობს დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას, სამოქალაქო სექტორს და უბრალოდ მოქალაქეებს, რომლებიც ღიად, საჯარო სივრცეში გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს.

"ნეტგაზეთის" სარედაქციო გადაწყვეტილება იყო, ყველა მასალის ბოლოს დაგეწერათ ამ კანონპროექტის საფრთხეების შესახებ. როგორ აპირებთ, რომ აუხსნათ აუდიტორიას ამ კანონპროექტი მნიშვნელობა?

ჩვენი სარედაქციო გადაწყვეტილება იყო მყისიერი რეაქცია, რომ ათასობით მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოხდეს. მთავარი სათქმელი არის სწორედ ის, რაც ამ წარწერაზეა:

alt

როგორ შეაფასებთ, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით?

ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მოქალაქეებს ეს კანონპროექტი დაანახონ, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე. თუმცა ცალსახაა, რომ ეს არის რუსული კანონი, დამატებით, ამ თემაზე ვლადიმერ პუტინისა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს შორის დიდი მსგავსებაა.

მოქალაქეებს ვუხსნით ამ მსგავსებებს, რას ნიშნავს ეს კანონპროექტი და რატომაა საფრთხე თითოეულ ჩვენგანისთვის.

როგორ შეიძლება, რომ დღეს, საზოგადოებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგრესია ჩაუნერგეს ჟურნალისტების მიმართ, ავუხსნათ დამოუკიდებელი მედიისთვის თანადგომის მნიშვნელობა?

საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანი ამზადებდა ქართულ აუდიტორიას ამ კანონპროექტისთვის, წლების განმავლობაში ჟურნალისტებისა და კრიტიკული,დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციითა და მათზე წნეხით.

ჩვენ ვიცით კონკრეტული ფაქტები, როდესაც ამ გაღვივებულმა სიძულვილმა ჟურნალისტებზე ძალადობრივი შედეგებიც კი გამოიღო. სახიფათო ვითარებაა, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ აგრესიისა და სიძულვილისთვის საზოგადოების ნაწილი შემზადებული ჰყავს ხელისუფლებას.

მაგრამ, მე ამ თემაზე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ, და ვიტყოდი, რომ ეს არ არის მთლიანად ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან თუ ჩვენ ვთვლით, რომ ყველა განსხვავებული ადამიანი, ყველა ჟურნალისტი, რომელიც შეიძლება არ მოგვწონდეს ან ჟურნალისტი, რომელსაც რაღაც შეეშლება უნდა გავდევნოთ, თუ ეს საზოგადოება არ არის მზად დაიცვას მისი უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია, მაშინ საბრძოლველიც აღარაფერია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვართ რუსეთი.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აპირებთ თუ არა, რომ დარეგისტრირდეთ, "უცხოეთის აგენტად"?

ჩვენთვის წარმოუდგენელია და კატეგორიულად მიუღებელია, რომ მედიამ, რომელიც მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას და ამას ძალიან დიდ რესურსსა და ენერგიას ახმარს, დაარეგისტრიროს თავისი ორგანიზაცია როგორც "უცხოეთის აგენტი".

თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა საკუთარი სურვილით დარეგისტრირდები თუ არა, რადგან თავადვე დაგარეგისტრირებენ როგორც "უცხოეთის აგენტს".

ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში გაქრება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. შეიძლება ეს სიტყვები ძალიან "პლაკატურია", მაგრამ ეს არის რეალობა. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, დეტალებზე მსჯელობა აბსურდულია, რადგან ჩვენ ვიცით რა მოხდება, იმიტომ რომ ვუყურებთ ქვეყანას საიდანაც მოვიდა ეს კანონი, რუსეთში კრიტიკული, თავისუფალი მედია აღარ არსებობს, ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაფანტული და მხოლოდ "იუთუბის არხებით" მაუწყებლობენ.

წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მედიის დისკრედიტაციით საზოგადოების ნაწილში ჟურნალისტების მიმართ დიდი უნდობლობა გააჩინა და ეს კანონპროექტიც ამ დისკრედიტაციის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან კორუფციული თუ სხვა მასალები, რომელსაც დამოუკიდებელი მედია აშუქებს, ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოებას წარუდგინოს როგორც ტყუილი და ეს "დაადასტუროს" იმით, რომ ეს "უცხოეთის აგენტების" მიერაა მომზადებული.

კანონპროექტის ინიციატორების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსები იყოს გამჭვირვალე, როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად მათი მიზანი?

ეს კანონპროექტი არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ "გააშავონ" და ხალხის მტრად გამოაცხადონ ადამიანები, რომლებიც წლებია დაუღალავად ემსახურებიან ამ ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, ყველა ის გრანტი, რომელსაც ჩვენ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვიღებთ, ეფუძნება სახელმწიფოთშორის შეთანხმებებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა აწერს ხელს და აქ დეტალურადაა გაწერილი რომელი სახელმწიფოდან რა თანხა უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა. ამიტომ ის ფაქტი, რომ "აგენტების რეესტრით" ფინანსების გამჭვირვალობას უწყობენ ხელს არის მანიპულაცია.

გარდა ამისა, დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ისედაც ყოველწლიურად წარადგენენ დეკლარაციებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტს დაამტკიცებენ, რა დამატებით საფრთხეებს ხედავთ?

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს, რომელსაც "აგენტის" სტატუსს მიანიჭებენ, ნორმალურად შეძლოს მუშაობა და ფუნქციონირება. ნუ გვექნება ილუზია, რომ აგენტის "სტატუსმინიჭებულ" ადამიანებს არ აღიქვამენ ჯაშუშებად.

ჩვენ ისტორიული მეხსიერება გვაქვს, ამ ქვეყანაში აგენტი არ ნიშნავს მხოლოდ სადაზღვეო აგენტს და პირდაპირი ასოციაცია, რაც ამ ტერმინს აქვს ცხადია ეს არის ჯაშუშობა. დამატებით, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდობა შემცირდება, ხელისუფლება ამაში, ძალიან დიდ რესურსს დახარჯავს, რათა ეს "იარლიყი" მუდმივად შეახსენოს აუდიტორიას.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ