როგორ გავაშუქოთ პანდემია, როდესაც მონაცემები გამუდმებით იცვლება
06.05.2020
მარტის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საჯარო სივრცეებში პირბადეების გამოყენება საჭირო არ არის, თუკი პირს Covid -19-ის სიმპტომები არ უფიქსირდება. დაახლოებით ერთ კვირაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) რჩევა შეცვალა.

იანვრის დასაწყისში, როდესაც ახალი კორონავირუსი ევროპასა და აშშ-ში ახალი გავრცელებული იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ხელების ხშირი დაბანა იყო, სამი თვის თავზე კი - მსოფლიო მოსახლეობის 1/3 ე.წ. „ლოქ-დაუნმა“ მოიცვა.

ახლა, ადამიანებს ეშინიათ და ეძებენ პასუხებს  მათ კითხვებზე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ   Covid -19-ის შესახებ ბევრი რამ უცნობია, მზა პასუხები არ არის. ამასთან, ვირუსის შესახებ მონაცემები და ექსპერტთა რჩევები მუდმივად იცვლება.

რა უნდა ქნან ჟურნალისტებმა ასეთ ვითარებაში, როგორ უნდა გააშუქონ კორონავირუსის პანდემია?

დაეყრდენით ექსპერტებს, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ

Vox-ის რეპორტიორმა უმეირ ირფანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვაქცინების შესახებ ათობით სტატია სწორედ მაშინ დაწერა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით მოწინავე პოზიციები დაიკავა. მან და მისმა ორმა კოლეგამ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, კოალიცია ეპიდემიური ინოვაციების მზადყოფნისთვისა და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის, ასევე სხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს, რომლებიც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობდნენ.

ირფანმა აღმოაჩინა, რომ  მკვლევრებთან, მეცნიერებთან და სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან გამუდმებული ურთიერთობის შედეგად, ის ინფორამაცია, რომელსაც საკუთარ სტატიებში იყენებდა, განახლებადი და მარტივად გასაგები ხდებოდა.

„ისინი ჩვენზე მეტად დაკავებულები არიან, მაგრამ თუკი წყაროსთან ურთიერთობის აწყობას შეეცდები, მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ, რაც ფაქტების სწრაფ გადამოწმებაში გეხმარება“, - ამბობს ირფანი.

მონაცემთა ჟურნალისტი სინდუჯა რანგარაჯანიც დარგის პროფესიონალებთან კონსულტაციების მნიშვნელობაზე მიუთითებს. „ანალიზის გაკეთებისას, დიდწილად მე მეცნიერების, ეპიდემიოლოგების და ინსტიტუტების მონაცემებს ვეყრდნობოდი“, - ამბობს იგი.


გადაამოწმე მონაცემები დედლაინამდე, ასევე გაიაზრე, რომ
მონაცემები, შესაძლოა, გამოქვეყენების შემდეგ შეიცვალოს


კორონავირუსის შესახებ მომზადებული მასალების დიდი ნაწილი პროგნოზებს და შეფასებებს ეხება, რომლებიც შესაძლოა ძალიან მალე შეიცვალოს.

„მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შეძლებისდაგვარად ზუსტი ვიყო, თუმცა თუკი ჩემს მიერ გამოქვეყენებული ინფორმაცია სულ ბოლო მონაცემს არ შეიცავს, ეს იმის ბრალია, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება“, - ამბობს რანგარაჯანი. 

იგი ამბობს, რომ საკუთარ მასალებში მონაცემებს ყოველდღიურად არ ანახლებს, რადგანაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცლვება და ეს უბრალოდ შეუძლებელია. რანგარაჯანი მიიჩნევს, რომ უკეთესია, მკითხველს ის აუხსნა, რომ შენ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დიდი ალბათობით შეიცვლება.

თავის მხრივ უმეირ ირფანი განმარტავს, რომ ზუსტ რიცხვებს განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. „ცხადია, ამბავს ვანახლებ, როდესაც ინფორმაცია მაქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ [Covid -19-ის] ამბავი სწრაფად ცვალებადია, მივხვდით, რომ ზუსტი რიცხვების გამოყენება, თუკი ის ისტორიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, არ ღირს“, - ამბობს იგი.

იყავი გულწრფელი შენს მკითხველთან

პანდემიის ფონზე, ამბის გადმოცემისას გულწრფელობის მნიშვნელობაზე საუბრობს რანგარაჯანი.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა იცოდეს საიდან გვაქვს მონაცემები? დღევანდელია ისინი თუ არა? რომელი წყაროდან არის ისინი? უბრალოდ იყავით ძალიან, ძალიან გამჭვირვალეები“, - ამბობს იგი.

The New York Times-ის მკვლევარი ემა გოლდბერგი ამბობს, რომ იგი ამბის თხრობიასას უახლესი ინფორმაციის გამოყენებას ცდილობს, თუმცა მიიჩენევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, რეპორტიორმა მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ცოდნის ლიმიტის შესახებაც გააცნობიეროს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჟურნალისტები უპრეცედენტო, გახანგრძლივებული პერიოდში, მუდმივად ცვალებადი ინფორმაციის პირბებში ვმუშაობთ, შესაბამისად ფაქტების გამჭვირვალე გაშუქება, ახლა ისე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ვაცნობიერებ, რომ ეს [კორონავირუსი] ერთ-ერთი იმ ამბავთაგანია, რომლის გაშუქებაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს, მას მერეც კი, როდესაც ყველაფერი ნათელი გახდება. ახლა ის ღირებულება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ისაა, რომ სამყაროს გაგება ვცადოთ, გავაცნობიეროთ როგორ იცვლება ის და ამის შესახებ მოვყვეთ“, -ამბობს რანგარაჯანი. 

წყარო: ijnet.org



  • როგორ უნდა გამოვიყენოთ მონაცემები, კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას - ეს არის ერთ-ერთი ქვეთავი, რომელიც მიმდინარე კვირას დაემატა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ გზამკვლევს. 
  • წაიკითხეთ რეკომენდაციები დეტალურად - ეთიკური დილემები პანდემიის გაშუქებისას
  • მონაცემების ქვეთავი იხილეთ მე-13 გვერდიდან

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ