ფოტო: ევა ართმელაძე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის
სამართლის საქმის
არსებითი განხილვა იწყება. მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო
სახელაშვილი განიხილავს.
ნინო სახელაშვილი ესტონეთმა 3 მარტს, სწორედ ამაღლობელის საქმის გამო, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევისთვის დაასანქცირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „ბათუმელების" ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე მიუთითა, რაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რადგან ბრალდებამ არც კი მიუთითა, რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
მოსამართლე სალიხ შაინიძე დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზეც.
პოლიცია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა საია აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები აქვს შედგენილი.
მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.