დღეიდან, 18 მარტიდან მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ
კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და
დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს
გაუწევს.
CFJ-ის განცხადებით, TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი აწარმოოს.
„ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, დააკავეს 11 იანვარს საღამოს, როდესაც მან ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გამოაქვეყნა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით. ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად“.
კლუნის ფონდის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეოს, რომლებიც პოლიციის მხრიდან ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მობყრობითა და ჟურნალისტებით შევიწყოვებით ხასიათდება. ამ ყოველივემ კი საერთაშორისო კრიტიკა და განგაში გამოიწვია.
ფონდის დახმარებით 40-ზე მეტ ქვეყანაში, ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.