[მიმოხილვა] „ალია“ VS „ფრესკო“
24.02.2015
ავტორი დავით კახიანი

გაზეთები „ალია“ და „ქრონიკა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავრცელებენ ინფორმაციას კომპანია „ფრესკოს“ საკვებ პროდუქტებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.


16-22 თებერვლის გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, მუხიანში მდებარე „ფრესკოს“ სუპერმარკეტში მომხმარებელმა საკვებ პროდუქტში აღმოაჩინა თმა, ასევე, ამავე სუპერმარკეტში შეძენილი მჟავე კიტრი უვარგისი გამოდგა. აღნიშნულ ბრალდებებს „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე, 16 თებერვალს სპეციალურად გამოეხმაურა და გაზეთი არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა:


„ყვითელი პრესის ერთ-ერთი გამოცემა თავისი საგაზეთო პუბლიკაციით ბინძურად შეეხო „ფრესკოს“ გუნდს და რეგულარულად ურტყამდა გარკვეული ხალხის დაკვეთით, ჩვენ, სამართლებრივ სივრცეში მცხოვრები ბიზნეს-სტრუქტურა, სასამართლოს გზით შევეცადეთ სიმართლის აღდგენას და მივაღწიეთ კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლოს განაჩენი დღემდე აღსრულებული არ არის და გამოცემას ჯერაც არ მოუხდია ბოდიში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის, ხოლო პროკურატურა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის მივმართეთ, სამწუხაროდ, დუმს“ - ნათქვამია სოფრომაძის განცახდებაში;


„ფრესკოს“ და „ალიას“ ადრეც ჰქონდათ უთანხმოება. დაპირისპირება მხარეებს შორის 2013 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო, სადაც „ალიას“ ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ფრესკოში ვადაგასული პროდუქცია იყიდებოდა. მაშინ კომპანია „ფრესკო თრეიდ მარკეტმა“, „ალია ჰოლდინგს“ საქმიანი რეპუტაციის შელახვაში დასდო ბრალი და სასამართლოში უჩივლა. „ფრესკო“ ორ მოთხოვნას უყენებდა გამომცემლობას: ეღიარებინა, რომ მათი გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მასალა წარმოადგენდა ცილისწამებას და მეორე, „ფრესკო“ მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 1 000 000 ლარს ითხოვდა გაზეთისაგან.


ეს პროცესი ფრესკომ მოიგო, თუმცა სასამართლომ სარჩელის მხოლოდ პირველი მოთხოვნა დააკმაყოფილა.


აღსანიშნავია, რომ „ალია ჰოლდინგმა“ არ შეასრულა სასამართლოს დაკისრებული ვალდებულება და მეტიც, კიდევ არაერთი სტატია მიუძღვნა ფრესკოს „მხილებას“.


უკანასკნელი წლის განმავლობაში „ალიასა“ და „ქრონიკაში“ „ფრესკოს“ მუდმივად ნეგატიური გაშუქება ბადებს კითხვას, ხომ არ აწარმოებენ „ალია“ და „ქრონიკა“ მიზანმიმართულ კამპანიას „ფრესკოს“ წინააღდეგ?


სტატიაში ჟურნალისტი ეყრდნობა ერთადერთ წყაროს, მუხიანში მცხოვრებ გოჩა ხაჩიძეს, რომელიც ამბობს, რომ „ფრესკოში“ შეძენილი მჟავე კიტრი უვარგისი გამოდგა, ასევე ერთ-ერთ პროდუქტში აღმოჩნდა თმა. დანარჩენი ცნობები კი(„კანფეტებში გარეულია ძველი პროდუქცია, ასევე ერთმანეთშია გადაზავებულ ძველი და ახალი მზა საჭმელი“...) ამ პიროვნების მეზობლის მონათხრობი ყოფილა.


არსებითად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: „ფრესკო“ კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული ობიექტია, შესაბამისად მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ნებისმიერმა ინფორმაციამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს მის რეპუტაციაზე, რადგან რამდენადაც მძიმეა ბრალდება, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიასაშუალებას, რომ გადამოწმებული და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსის, მამუკა ანდღულაძის შეფასებით, „ფრესკოს“ შესახებ გამოცემებში ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატიები მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, მასალაში ასევე იკვეთება ცილისწამების ნიშნებიც.


„ამ სტატიაში საუბარია ფაქტობრივ ინფორმაციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ბიზნესისთვის რეპუტაციის შელახვას. სასამართლო დაპირისპირება „ალიასა“ და „ფრესკოს“ შორის უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ სავარაუდოდ აქ ცილისწამებასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში, მედიასაშუალება საჯარო ინტერესიდან გამომდინარე რომ მოქმედებდეს და მისი მიზანი საზოგადოებისათვის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება რომ იყოს, იგი დამატებით ზომებს მიიღებდა ფაქტობრივი მასალის გადასამოწმებლად და მომხმარებლისათვის უტყუარი ინფორმაციის მისაწოდებლად“ - ამბობს ანდღულაძე.


სტატიები, რომლებსაც „ალია“ უკანასკნელი წლის განმავლობაში უძღვნის „ფრესკოს“, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მედიასაშუალება მიზანმიმართულად ახორციელებს „ფრესკოს“ დისკრედიტაციას. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც, 19 თებერვალს „ალიაში“ დაბეჭდილი მასალა სახელწოდებით: „რატომ იწყებს „ფრესკოს“ შეფი აქციას საბჭოთა არმიის დღეს 23 თებერვალს?“. მინიშნება საბჭოთა არმიის დღეზე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ ელფერს ტოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი სწორედ რუსული არმიის მიერაა ოკუპირებული. მსგავსი ტიპის აქცენტები ბევრ ეჭვს გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, სადაც ანტირუსული კამპანია მედიის თუ პოლიტიკოსების მხრიდან საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.


მედიას, როგორც მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, ხელი მიუწვდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ აკისრია მას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რომლითაც ადვილად ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, უნდა გამოიყენონ კეთილსინდისიერად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი და უნდა ემიჯნებოდეს კერძო ინტერესებს.


მადისკრედიტირებელი და ცილისმწამებლური ელემენტების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტებმა კარგად უნდა გაიაზრონ, მსგავსი ქმედებით ხომ არ ასხამენ წყალს კონკურენტი კომპანიების წისქვილზე, მათდაუნებურად ხომ არ ატყუებენ მომხმარებელს/მკითხველს, ხომ არ იქცევიან სიცრუის მატირაჟირებელ ორგანოებად?


ჟურნალისტებს მართებით მეტი სიზუსტე, ვინაიდან მედიით მიყენებული ზიანი შეიძლება აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომელიც თან ახლავს ამგვარ ახალ ამბავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ