[მიმოხილვა] ფარული გადაღება პრობლემების იდენტიფიცირების ნაცვლად
02.03.2015
1 მარტს „იმედის კვირამ“ მაყურებელს ბათუმიდან მომზადებული რეპორტაჟი შესთავაზა. თითქმის 6 წუთიანი სიუჟეტის - „უკანონო სექსინდუსტრია - სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოგდებული სექსმუშაკი“ გადაღების საინფორმაციო საბაბი საზღვაო ქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში 25 წლის გოგონას სხეულის დაზიანება გახლდათ. გაზეთ „ბათუმელების“ მიერ 25 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სექსმუშაკი გვიან ღამით, სასტუმროს მეოთხე სართულის აივნიდან სამმა მამაკაცმა გადმოაგდო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ მომხდარს იძიებენ.


„იმედის კვირის“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ავტორების მიზანი არა სექსმუშაკების დაუცველობის და მათი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის შემთხვევების გაანალიზება, არამედ ბათუმის ღამის ცხოვრების პიკანტური დეტალების ჩვენება იყო. რეპორტაჟის წარდგენისას წამყვანის მიერ გამოჩენილმა დამოკიდებულებამ მაყურებელი პრაქტიკულად შეამზადა სანახაობისთვის და არა კომპეტენტური რესპონდენტების დახმარებით პრობლემების იდენტიფიკაცია-გადაწყვეტის გზების ძიებისთვის: „აჭარაში სექსინდუსტრია რომ ყვავის და იფურჩქნება, ეს ახალი არავისთვისაა, საქმე ისაა, რომ ლარის ვარდნასთან ერთად, ამ ბიზნესსაც გაუჩნდა პრობლემები. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას დადგინდება, ქალი გადმოაგდეს თუ გადმოვარდა. ვნახოთ, რა ხდება ღამის ბათუმში“, - ამბობს წამყვანი.


სიუჟეტის უდიდესი ნაწილი დაეთმო იმ ადგილების შესახებ საუბარს, სადაც, ჟურნალისტის თქმით, მამაკაცები სექსმუშაკების მომსახურებით სარგებლობენ, დასახელებულია კონკრეტული სასტუმროები, ბარები. რეპორტიორმა უმეტესად ფარული ჩაწერის მეთოდი გამოიყენა, რადგან ამგვარ თემებზე რესპონდენტები, როგორც წესი, ღიად საუბარს ერიდებიან. რეპორტაჟიდან აუდიტორიამ გაიგო, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სექსმუშაკების მომსახურების მიღებით დაინტერესებული პირების რიცხვი შეამცირა, რომ ბათუმში მამაკაცს ერთსქესიან სექსსაც სთავაზობენ და ა.შ.


ერთადერთი რესპონდენტი, რომელმაც სექსმუშაკების უფლებების დაცვაზე ილაპარაკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა გახლდათ. პოლიტიკური თანამდებობის პირმა თქვა, რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო ცვლილებებისთვის, სხვა შემთხვევაში, 25 თებერვლის მსგავსი ინციდენტები არაერთხელ განმეორდება.


ჟურნალისტს საშუალება ჰქონდა აუდიტორიისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა უთხრა საავადმყოფოში მწოლიარე გოგონამ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს (მათ შორის შეხვედრა რომ შედგა და დეპუტატმა დაზარალებულს დახმარება აღუთქვა, ეს თავად ჟურნალისტმა თქვა). გადმოაგდეს თუ უბედური შემთხვევის შედეგად მოიტეხა ორივე კიდური? რა გარემოებებში მოხდა აღნიშნული ფაქტი? რამდენად დაცულად გრძნობს თავს გოგონა და განუხორციელებიათ თუ არა მასზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა? - ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მაყურებელმა პასუხები ვერ მიიღო.


ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტი გაზეთ „ბათუმელებში“ მომუშავე კოლეგისგან არ ეცადა, გაერკვია, თუ რის საფუძველზე დაწერა, რომ გოგონა ნამდვილად გადმოაგდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ უწყებას ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია; ჟურნალისტი არც „ბათუმელების“ წყაროს გარკვევას შეეცადა. ასევე გაუგებარი დარჩა, რატომ არ ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი კითხვაზე, თუ რა მუხლით აღიძრა საქმე მომხდარ ფაქტზე. „იმედის კვირის“ ჟურნალისტის ბათუმში ჩასვლის დროს, შემთხვევიდან, სულ მცირე, 4 დღე იყო გასული, უწყებას შეიძლება ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები ვერ დაედგინა, მაგრამ საკმარისი დრო ნამდვილად ჰქონდა იმისთვის, რომ ფაქტისთვის კვალიფიკაცია მიენიჭებინა. ჟურნალისტს ასევე, შეეძლო გაეხსენებინა წინა წლებში მომხდარი მსგავსი მძიმე ფაქტები, როდესაც საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე სექსმუშაკებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


სიუჟეტში მხოლოდ გაკვრით არის საუბარი თავად სექსმუშაკი გოგონას უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, ზოგადად, იმ ადამიანების სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც ხშირად ხდებიან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ადრესატები; აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება აუცილებელია, მაგრამ თავად რას აკეთებს ამისთვის? იქნებ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად ან საკუთარი ძალებით ცდილობს ვითარების სიღრმისეულად შესწავლას და შესაბამისად, რეკომენდაციების გაწევას ადმინისტრაციული ორგანოებისთვის?! სად ჩანს მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე? კუდბა საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის წევრია და ასეთ თემებზე მუშაობა მისი პირდაპირი მოვალეობაა.


სამწუხაროდ, აღნიშნულ თემებზე კვალიფიციური მსჯელობის მოსმენაზე მცირე მოლოდინი არც რეპორტაჟის გასვლის შემდეგ გამართლდა. წამყვანები მხოლოდ შსს-დან მიღებული მშრალი სტატისტიკური მონაცემების გაზიარებით შემოიფარგლნენ. აღმოჩნდა, რომ 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით გაცილებით ნაკლები ადამიანი გაუსამართლებიათ. მაყურებელს კი მსგავსი მიდგომით უმყარდება ეჭვი, რომ პრობლემა მხოლოდ სასტუმროში, ბარსა თუ ბინაში სექსმუშაკის მომსახურებისთვის ადგილის დათმობაა და ისევ განზე რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლება- იყოს დაცული.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ