03.03.2015
“სრული შეუსაბამობაა იმას შორის, რას ამბობს და რას აკეთებს მთავრობა. მთავრობა ამბობს, ადგილობრივ წარმოებას უნდა შეუწყო ხელიო, მათ შორის იაფი სესხითაც, თუმცა მაშინ, როცა ამ სესხით საქართველოში პირველად მაღალტექნოლოგიური საწარმო იხსნება, მას სახელმწიფო შეკვეთას უბლოკავს და ჩინურ იმპორტს უხსნის გზას. ისტორია ასეთია: ქართველ მეწარმეს, რომელსაც ერთადერთი მიკროსქემების საწარმო აზერბაიჯანში ჰქონდა, მთავრობამ პარტნიორობა შესთავაზა და მანაც წარმოება რუსთავში გადმოიტანა, რაც მედიის წინაშე პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის აქტივში ჩაიწერა. თუმცა იმის გამო, რომ პროდუქციის გასაღების საშუალებას არ აძლევენ, მეწარმე კვლავ აზერბაიჯანში დაბრუნებაზე ფიქრობს“.
სიუჟეტის თანახმად, ქართულმა კომპანიამ - „AG მიკროელექტრონიქსმა“ „სეტ ტოპ ბოქსების“ შესასყიდად გამოცხადებულ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, უპირატესობა ჩინურ კომპანიას მიენიჭა, ტექნიკასაც სწორედ ეს კომპანია შემოიტანს.
სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს „AG მიკროელექტრონიქსის“მიერ დამზადებულ ციფრულ მიმღებს უჩვენებს და ამბობს: „როგორც ამბობენ, მის ჩინურ ანალოგს ხარისხით სჯობნის, თუმცა მის შესყიდვაზე სახელმწიფომ უარი თქვა და უპირატესობა ჩინურ იმპორტირებულ პროდუქტს მიანიჭა“.
როგორც მასალიდან ირკვევა, სახელმწიფო კომისიამ ჩინურ კომპანიაზე არჩევანი დაბალი ფასის გამო გააკეთა, ტენდერი არ ჩაუტარებია და პროდუქტი გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა.
სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: „როგორც კომპანიაში (AG მიკროელექტრონიქსი) ამბობენ, კომისიამ კონკურსის მიმდინარეობისას პირობები ჩუმად შეცვალა და ის ჩინური კომპანიის მონაცემებს მოარგო“. „AG მიკროელექტრონიქსის“ წარმომადგენელი კი ხაზს უსვამს იმას, რომ ჩინური პროდუქტი უხარისხოა.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის თანახმად, „სეტ ტოპ ბოქსების“ შესყიდვის კონკურსში 21 კომპანია მონაწილეობდა, არ ჩანს რომელიმე სხვა კომპანიის წარმომადგენელი, უცნობია, სხვებსაც აქვთ თუ არა იგივე პრეტენზია საკონკურსო კომისიის მიმართ. არ არის წარმოჩენილი მათი მოსაზრებები. სიუჟეტში არც საახელმწიფო კომისიის წევრები ჩანან.
ჩაწერილია მხოლოდ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე, რომელიც რამდენიმე წამიან სინქრონში ამბობს, რომ „AG მიკროელექტრონიქსმა“ კონკურსის პირობები დაარღვია და ტესტირებაზე კონკურენტი ჩინური კომპანიის პროდუქტი გააგზავნა.
ამ სიუჟეტის შესახებ 2 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბრიფინგი ჩაატარადა ბრალდებები კატეგორიულად უარყო, სიუჟეტში გამოთქმულ მოსაზრებებს კი სიცრუე და ცილისწამება უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მინისტრის მოადგილის ბრიფინგი ვერ მოხვდა. თუმცა იმავე დღეს ეთერში გასული სხვა სიუჟეტებიდან ჩანს, რომ ბრიფინგს "რუსთავი 2-ც" ესწრებოდა, ვინაიდან დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი სხვა თემებთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო.