04.03.2015
3 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო
გადაცემა „ქრონიკაში“ 27-წამიანი ახალი ამბავი, სათაურით „დამნაშავე
სამართალდამცველი“ გავიდა: „ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური
თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადასტურებს. უძილაურს წარსულში ნარკოტიკების მოხმარებასა და
ხულიგნობას ედავებოდნენ. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, რეპორტაჟი
გუშინ ქრონიკამ შემოგთავაზათ. გუშინვე შინაგან საქმეთა მინისტრმა
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ახმეტის პოლიციის უფროსის საქმეზე
პროკურატურას მოკვლევა ჰქონდა დაწყებული“.
ამავე თემაზე უფრო ვრცელი სიუჟეტი „ქრონიკაში“
2 მარტსაც გავიდა.
კითხვითი სათაურიდანაც („ნასამართლევი
პოლიციელი?“ ) ჩანს, რომ სიუჟეტში ზუსტი პასუხი მთავარ საკითხზე -
პოლიციელი ნასამართლევი არის თუ არა, წარმოდგენილი არაა. სიუჟეტს აქვს
მინაწერიც: „ყოფილი სამართალდამცველები ახმეტის პოლიციის უფროსს
ხულიგნობაში ადანაშაულებენ“.
ჟურნალისტების გადმოცემით, ერთ-ერთი
რესპონდენტი, გიორგი აბულაშვილი, ყოფილი სამართალდამცველია: „ის
ყვება, რომ სამსახურიდან ახალმა უფროსმა, ზურაბ უძილაურმა,
გაათავისუფლა. მიზეზი კი შურისძიება იყო. აბულაშვილის თქმით, ახმეტის
პოლიციის ხელმძღვანელი რამდენიმე წლის წინ თავად დააკავა“. კომენტარში
აბულაშვილი ამბობს, რომ უძილაური როცა დააკავა, ნარკოლოგიურში
გადაიყვანა, სადაც „მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა“. თუმცა, ეს
დანაშაული შემდგომში სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა თუ არა,
სიუჟეტში ნაჩვენები არ არის.
რაც შეეხება მეორე რესპონდენტს, ზურაბ
ნონიაშვილს, ჟურნალისტების თქმით, მას „პოლიციის უფროსთან
შელაპარაკება 23 თებერვალს მოუვიდა. ის ამბობს, რომ უძილაური იარაღის
ჩადებით ემუქრებოდა“. იქვე წარმოდგენილია ნონიაშვილის კომენტარიც:
„მეუბნებოდა, იარაღი გაქვს და მომეციო. მე ვუთხარი - არა მაქვს-მეთქი.
შენ არა გაქვს და მაშინ მე მაქვს და გექნებაო...“ „...იქიდან აქეთ
გამომიყვანეს, იქ თრევა-თრევა, რაღაცა, ცემები, ისინი-ესენი და მერე
იქ უთხრა, მიხედეთო, რა“(სტილი დაცულია). სიუჟეტში არ არის ნაჩვენები
ზურაბ ნონიაშვილისა და ახმეტის პოლიციის უფროსის შელაპარაკების მოტივი
და გაურკვეველია, რა მიზეზით ემუქრებოდა უძილაური ნონიაშვილს იარაღის
ჩადებით.
ამის შემდეგ, ჟურნალისტები ამბობენ, რომ
„ახმეტის პოლიციის უფროსთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა
დაიწყო. განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა“. შს
მინისტრის კომენტარიდან ჩანს, რომ პროკურატურამ მოკვლევა ზურაბ
ნონიაშვილთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაიწყო და არა მარიხუანის
მოხმარებაზე: „პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა. რა თქმა უნდა, თუ
ეს დამტკიცდება, შესაბამისად დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება
ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში,
მოვიკვლევ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, იგი თანამდებობას დატოვებს,
აუცილებლად“, - ამბობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
3 მარტის „ქრონიკას“ რომ დავუბრუნდეთ, რომელშიც
მოკლე კადრ-სინქრონის სახით ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან
გადაყენების შესახებ იყო საუბარი, ნათელი გახდება, რომ მასალის
სათაურით - „დამნაშავე პოლიციელი“ საქმე გვაქვს ტერმინების არასწორ,
არაეთიკურად გამოყენებასთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს წლების წინ
მარიხუანის მოხმარების შესახებ ბრალი სასამართლოს განაჩენით ჰქონდა
დამტკიცებული, „ქრონიკის“ სიუჟეტის სათაური შეიძლებოდა ყოფილიყო
„ნასამართლევი პოლიციელი“ და არა „დამნაშავე პოლიციელი“. ტერმინი -
„ნასამართლევი“ ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისი დანაშაულისთვის პასუხი
უკვე აგო.
თუკი უძილაურის გადაყენების მოტივი ზურაბ
ნონიაშვილთან შეხლა-შემოხლა და იარაღის „ჩადების“ მუქარის შემთხვევაა
(რაზეც პროკურატურას მოკვლევა დაუწყია), სათაური - „დამნაშავე
პოლიციელი“ მაინც ცალსახად პრობლემაა, რადგან დანაშაული სასამართლოს
განაჩენით ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ბუნებრივია, არც მინისტრის
გადაწყვეტილება, პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ
და არც პროკურატურის წინასწარი მოკვლევა (რომელიც ჯერ არ დასრულებულა)
საინფორმაციო გადაცემისთვის არ უნდა იყოს საფუძველი, მოკვლევის
ობიექტი დამნაშავედ გამოაცხადოს.