როგორ გავაშუქოთ აივ/შიდსის თემები
10.03.2015
4 მარტს ambebi.ge - ზე გამოქვეყნდა gzapress.ge-ს სტატია, სათაურით: “2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერებული ცხოვრება”. სტატია ეხებოდა აივ ინფიცირებულ ბიჭს, რომელიც სტატუსებს ფეისბუქზე ანონიმურად აქვეყნებდა.

სტატიაში ვკითხულობთ, როგორ მიატოვა აივ პოზიტიური ბიჭი შეყვარებულმა დიაგნოზის გაგების შემდეგ, როგორ არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი. ბიჭი გამოცემას ფეისბუქით დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა: “ 2 წელია, ჩემთვის ყველაფერი ნაცრისფერია... განაჩენი ­ აივ ინფექცია... 2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერდა ცხოვრება და ყველაფერმა აზრი დაკარგა. საბედისწერო აღმოჩნდა კბილის ექიმთან ვიზიტი, რამაც ჩემი ყოფა უფერული გახადა და ჯოჯოხეთად აქცია... ვმკურნალობ და რისთვის? რა აზრი აქვს ცხოვრებას, როდესაც არავის ვუნდივარ და ვენდომები? როცა საცოლემ ჩემი მდგომარეობის შესახებ გაიგო, წერტილი დაუსვა ყველაფერს. ნუთუ, აივ ინფექცია ისეთი განაჩენია, რომ ყველასგან გარიყული უნდა დავრჩე?”

ფსიქოლოგ მაია კობაიძის თქმით, სტატიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სწორედ სათაური იყო: “ექიმის კაბინეტში გაჩერებული ცხოვრება” - მყვირალა სათაურია და აღრმავებს იმ სტერეოტიპს, რომ აივ ინფექცია არის ცხოვრების დასასრული. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება ვირუსის გადადების გზების შესახებ. მართალია, დღეს მისგან განკურნება არ ხდება, მაგრამ ეს დაავადება მართვადია. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც აივ პოზიტიურ და შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს ეხმარება, მკურნალობა უფასოა. არიან აივ პოზიტიური ადამიანები, რომლებმაც ოჯახები შექმნეს, ჯანმრთელი შვილები ჰყავთ და რიგითი ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობენ“, - ამბობს კობაიძე და ამატებს, რომ მასალაში მოთხრობილი ამბავი მართლაც ხშირად არის აივ პოზიტიური/შიდსით ინფიცირებული ადამიანების პრობლემა „ისინი საზოგადოების მხრიდან სტიგმატიზირებულები და არსებული სტერეოტიპების მსხვერპლები არიან. თუმცა, ეს სტერეოტიპებიც უმეტესად მედიის შექმნილია“.

სპეციალისტების თქმით, დღეს ქართული მედია აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა თემებს იშვიათად აშუქებს, ხოლო თუ ეს საკითხები შუქდება, ან მშრალი სტატისტიკური მასალაა მოწოდებული, ან ადამიანურ ტრაგედიებზე, სენსაციებზე დაყრდნობილი ამბები. პრობლემის შესახებ დაწერილ სტატიებში ტერმინოლოგიის მხრივ, ყველაზე გავრცელებული შეცდომა კი შიდსის და აივის ერთმანეთში არევაა:

“ამ დაავადებას შიდსი არ ჰქვია. ვირუსი რომ ორგანიზმში შეიჭრება, ამ დაავადებას ჰქვია აივ ინფექცია. შიდსი ბოლო სტადიაა, როცა იმუნიტეტი ქრება. სანამ ადამიანი არის ვირუსის მატარებელი, ის ჯანმრთელად გამოიყურება და შეიძლება არც იცოდეს ვირუსის შესახებ. რაც შეეხება შიდსს, აქ სახეზე გვაქვს არა ერთი და ორი კლინიკური ნიშანი”- ამბობს შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე.

USAID-ის დაფინანსებით და “აივ პრევენციის პროექტის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, გამოიცა სახელმძღვანელო - “აივ ინფექციისა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში” . სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები, როგორ უნდა გავაშუქოთ აივ/შიდსით ინფიცირებულთა საკითხები.

რედაქცია: მასალაში დაზუსტების მიზნით შეტანილია ცვლილება, პირველადი ვერსია: "4 მარტს ambebi.ge - ზე გამოქვეყნდა სტატია", ჩასწორებული: "4 მარტს ambebi.ge - ზე გამოქვეყნდა gzapress.ge-ს სტატია".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ