ახალგაზრდების გარდაცვალება მედიასაშუალებების ნაწილმა „სატანისტურ სექტას“ დაუკავშირა
27.03.2015
2 და 3 მარტს რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ დუშეთის რაიონში “სატანისტური სექტის” არსებობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ მედიასაშუალებებმა რაიონში 2 ახალგაზრდის გარდაცვალება “სატანისტური სექტის” არსებობას დაუკავშირეს. მასალები პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმატორების” წარმომადგენლის, ნინო ჩარკვიანის განცხადებებზე დაყრდნობით მომზადდა.

საკითხის სენსაციურად და სტერეოტიპულად გაშუქება, ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება, კადრებით მანიპულირება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მედიაში ამ თემის გაშუქებისას გამოიკვეთა.

ონლაინ მედიაში სტატიის სათაურებში შემდეგი ფრაზები იყო გამოტანილი: “ტრაგედია დუშეთში”, “შეყვარებულების ბურუსით მოცული სიკვდილი”, “ამოყირავებული ჯვრები და ღამის რიტუალები”, “სექტის მსხვერპლი მოზარდები”, “50 სატანისტი ბავშვი”, “სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა”, “წყვილი, რომელმაც თავი ციანიდით მოიკლა”.

სენსაციური სათაურების პარალელურად, მასალებში ღრმად არ იყო გაანალიზებული საკითხი და სტატიები, ძირითადად, რაიონში გავრცელებულ ჭორებზე იყო აგებული. ჟურნალისტები მასალებში, უმეტეს შემთხვევაში, წყაროდ “რეფორმატორების” წარმომადგენელს, ნინო ჩარკვიანს, ასახელებდნენ, ან ე.წ. ადგილობრივებს, რომელთაც საჯაროდ გამოჩენა არ სურდათ. თავად ნინო ჩარკვიანიც “ადგილობრივების” და მისი თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

“რა ხდება დუშეთში და ვინ არის ის 60-მდე მოზარდი, რომლებიც ადგილობრივების თქმით, ამოყირავებული ჯვრებით და ზედ ამოსვირინგებული წარწერით: ,,სიძულვილი“ დადიან”, - Newposts.Ge.

“ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილები შეყვარებულები იყვნენ და ერთად დალიეს გაურკვეველი ნივთიერება. ბიჭი მაშინვე გარდაიცვალა, გოგო კი ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო”, - palitratv.ge.

“რა ხდება დუშეთში, უკავშირდება თუ არა ახალგაზრდების სიკვდილი რომელიმე სექტის მოღვაწეობას, იყო, თუ - არა, ეს ე.წ. წყვილთა მსხვერპლშეწირვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები შეყვარებულები იყვნენ”, - ტელეკომპანია “იმედი”. (8 მარტი, “იმედის კვირა”).

ჩვენ მიერ განხილულ სტატიებსა და სიუჟეტებში სიტყვა „სატანისტი“ განზოგადებულია და ამ კრებითი სახელის ქვეშ ჟურნალისტები თუ რესპონდენტები აღწერენ განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდებს, რომელთაც, მათივე აღწერით, სვირინგები აქვთ, უკეთიათ გადმობრუნებული ჯვრები ან ამოსვირინგებული აქვთ ასეთი ჯვრები და ჩონჩხები, უსმენენ მერლინ მენსონს, უყვართ კატები, შავი ფერის ტანსაცმელი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” უდევთ ცხოველების ჩონჩხის და გველების ფოტოები.

მაგალითად, “ინფო 9”-ს მასალაზე თანდართულ ვიდეოზე მიბმული აქვს ფოტო, რომელზეც გამოსახულ პირს ფრჩხილებზე ფერადი ლაქი უსვია, თავი ნახევრად აქვს გადაპარსული, ამობრუნებული ჯვარი ახატია და მკვეთრი მაკიაჟი აქვს.

ასევე აზოგადებს განსხვავებულ გარეგნობას Newposts.Ge და ისეთი ახალგაზრდების ცხოვრებას, რომლებიც სვირინგებს იკეთებენ და ამოყირავებულ ჯვრებს ატარებენ,„უცნაურად“მოიხსენიებს.

“ნანუკას შოუს” 11 მარტის გადაცემაშიც, სატანისტებს დაუკავშირეს ის პირები, ვისაც მომღერალი მერლინ მენსონი და კატები უყვარს: “15 წლის მარიამი მერლინ მენსონს უსმენდა, განსაკუთრებით უყვარდა კატები”, - ასე დაიწყო “ნანუკას შოუსთვის” მომზადებული სიუჟეტი. ჟურნალისტმა თავიდანვე სცადა შეექმნა განწყობა, რომ გოგონას გარდაცვალება „სატანისტებს“ უკავშირდება, თუმცა იმ ფაქტს, რომ მარიამი სატანისტური ჯგუფის წევრი იყო, სიუჟეტში არაფერი ადასტურებს. ამ ინფორმაციას უარყოფენ გოგონას მეგობრებიც. სიუჟეტის ავტორებისა და გარდაცვლილი გოგონას მეგობრების ფეისბუქ მიმოწერისას ირკვევა, რომ გარდაცვლილს ცხოვრების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდა და არ უნდოდა სიბერემდე მიღწევა. თუმცა ჟურნალისტი ასკვნის, რომ მეათე კლასის მოსწავლის გარდაცვალება ჩვეულებრივი თვითმკვლელობა არ იყო და ამ ტექსტის პარალელურად კადრში ჩანს ჩამომხრჩვალი ცხოველი. სიუჟეტის ამ ნაწილში ხდება კადრით მანიპულირება.სიუჟეტში 10 წლის წინ ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაღებულ ცხოველების წამების კადრებსაც გვიჩვენებენ. ეს კადრები იმ ამბავს, რასაც სიუჟეტში გვიყვებიან, არ უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფრაზა, რითაც “ნანუკას შოუს” სიუჟეტი დასრულდა: “დუშეთში ბოლო დღეებია ჩუმად, მაგრამ მაინც ყველა ამ თემაზე საუბრობს. მასწავლებლები მშობლებს აფრთხილებენ. მშობლები შვილებზე კონტროლს ამკაცრებენ, დუშეთის სასაფლაოზე არსებული სამლოცველო კი დაკეტილია”, - გაუგებარია კონტექსტი, თუ რა მიზნით გაამახვილა ყურადღება ჟურნალისტმა სასაფლაოზე არსებულ სამლოცველოზე.

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედის”გადაცემას “იმედის კვირა” - მათაც გამოიყენეს 10 წლის წინანდელი კადრები, სადაც ცხოველების წამებაა გადაღებული. კადრები ფონად გასდევდა სიუჟეტის შემდეგ ტექსტს: “ნინო ჩარკვიანის თქმით, დუშეთიდან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ რაიონში 50-მდე ახალგაზრდა სატანისტურ სექტაში არის გაწევრიანებული და ისინი დუშეთის სასაფლაოზე ღამით ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებენ და შესაძლოა ახალაგზრდების გარდაცვალებაც მსხვერპლშეწირვის რიტუალი ყოფილიყო”.

ტელეკომპანია “იმედმა” გარდაცვლილი გოგონას სატანისტურ სექტასთან კავშირის გასარკვევად მეტაფიზიკოსი ჩაწერა. მეტაფიზიკოსმა გოგონას რამდენიმე სურათის ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ ის სატანისტურ ან მსგავს მიმდინარეობაში იყო გაერთიანებული.

ზემოთ განხილულ მასალებში არაა განმარტებული, რას გულისხმობს სიტყვა „სატანისტი“. ბუნებრივია, ყველა, ვისაც შავი ფრჩხილის ლაქი უსვია ან მკვეთრი მაკიაჟი აქვს, არ შეიძლება იყოს სატანისტური ჯგუფის წევრი, მითუფრო დაუშვებელია ამგვარი გარეგნობის ადამიანების დანაშაულთან, კერძოდ, მკვლელობასთან ან თვითმკვლელობასთან გაიგივება. ასეთი განზოგადებით, შესაძლოა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა და აგრესია გაჩნდეს ისეთი სუბკულტურის წარმომადგენლების მიმართ, როგორიცაა: ემოები, გოთები და პანკები, რადგან ისინიც, სიუჟეტებსა და სტატიებში აღწერილის მსგავსად, გამოირჩევიან განსხვავებული გარეგნობით, მკვეთრი მაკიაჟით, სვირინგებით და შესამჩნევი სამკაულებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრაქტიკულად ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა სიტუაციის გასარკვევად და თავის მასალაში საკითხის განსხვავებული კუთხით წარმოჩენა სცადა, მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იყო. სტატიაში რედაქცია აღნიშნავს: “ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან საფუძვლიან ეჭვს მაინც გაგვიჩენდა დუშეთში სატანისტური სექტის არსებობის თაობაზე“.

ამავე მასალაში ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს რომ მედიის მიერ დუშეთში მომხდარი გარდაცვალების ფაქტების სატანისტურ სექტასთან დაკავშირება სახიფათოა: „ძალიან სახიფათოა ისეთი პირდაპირი კავშირების ძიება, რასაც აკეთებენ სხვადასხვა ჟურნალისტები. არ ვიქნებით ამ ადამიანებთან მართალი, რომ იარლიყი მივაწებოთ. ეს არის ადამიანის დრამა, ძალიან სერიოზული ტრაგედიაა და არანაირად არ იქნება სწორი „სექტანტობას“ დავუკავშიროთ ასე უაპელაციოდ და არაეთიკურად. თუ ეჭვის დონეზე არსებობს მსგავსი რაღაც, უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ბავშვები დავსაჯოთ, იარლიყები მივაწებოთ, გავრიყოთ იმისათვის, რომ მერე მთელი ცხოვრება სატანისტების იარლიყით იარონ“.

მაია წიკალური
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ