“საღამოს ეთერის სპონსორია...“
18.04.2015
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ხშირია შემთხვევა, როდესაც სპონსორი არა კონკრეტულ გადაცემას, არამედ მთლიან ეთერს ჰყავს -„დილის, საღამოს, ღამის ეთერის სპონსორები“. სპონსორობის ამგვარი ფორმა თითქმის ყველა არხზე, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის ეთერშიც გვხვდება.

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ ტერმინებს „დილის, დღის, საღამოსა თუ ღამის ეთერის სპონსორი“ არ ცნობს. მიუხედავად ამისა, საეთერო დროის მონაკვეთების და არა კონკრეტული გადაცემების სპონსორობა მიღებული პრაქტიკაა. იურისტ მამუკა ანდღულაძის თქმით, გაუგებარია რას გულისხმობენ მაუწყებლები „დღის, დილის ან საღამოს ეთერის სპონსორობაში“: „საინფორმაციო გამოშვებები, როგორც წესი , გადის როგორც დილის, ისე დღისა და საღამოს ეთერში. მაუწყებლობის შესახებ კანონის 69-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ აკრძალულია ახალი ამბების პროგრამების და საზოგადოებრივ- პოლიტიკური ტოკ-შოუების სპონსორობა“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი, ივანე მახარაძე კი საეთერო მონაკვეთის სპონსორობაში პრობლემას ვერ ხედავს: „მაშინ, მაგ პრინციპით, რომელიმე კომპანიის მიერ ზოგადად, მთლიანი ტელეკომპანიის სპონსორობაც უნდა აიკრძალოს“,- აღნიშნავს მახარაძე.

სპონსორობის ასეთი ფორმა, დღესდღეობით, თითქმის ყველა არხზე აპრობირებული მეთოდია, მაგალითად, როგორც ერთ-ერთი საიმიჯო რგოლიდან ირკვევა, ტელეკომპანია „კავკასიის“ საღამოს ეთერის სპონსორი ლუდი „ზედაზენია“. საღამოს ეთერისას კი ამ ტელეკომპანიის ბადეში, ძირითადად, საინფორმაციო გამოშვებები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები „სპექტრი“ და „ბარიერია“ ჩასმული. ამ კონკრეტული საიმიჯო რგოლის შემთხვევაში საკამათო საკითხია ისიც, რომ საქმე ალკოჰოლურ სასმელთან გვაქვს. იურისტების განმარტებით, არსებულ ვითარებაში ძნელია, ვიდავოთ, არღვევს თუ არა მაუწყებელი რეკლამის შესახებ კანონს. ვინაიდან ლუდი მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს განეკუთვნება, კანონში კი, მხოლოდ ძლიერი სასმელის რეკლამირების რეგულაციებია აღნიშნული. თუმცა ამავე კანონში, მე-8 თავის მეექვსე პრიმა მუხლში აღნიშნულია, რომ ალკოჰოლიანი სასმლის რეკლამას, რომელიც ასეთი სასმლის ტარის გახსნილ ან მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას მოიცავს, უნდა ახლდეს წარწერა „ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას“. ტელეკომპანია „კავკასიის“ საღამოს ეთერში სპონსორობას ასეთი წარწერა, მართალია, გასდევს, თუმცა მხოლოდ ერთი წამით და ისიც ძალიან წვრილი ასოებით, რის გამოც წარწერის მაყურებლის მიერ აღქმა პრაქტიკულად შეუძლებელია.


სპონსორობის პრობლემა გასული წლის ბოლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლების“ მედიამონიტორინგის დროსაც გამოიკვეთა. აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სხვა კერძო ტელეკომპანიების მსგავსად, გვხვდებოდა მოკლე რგოლები, დილის, დღისა და საღამოს ეთერის სპონსორობის შესახებ:


„გარდა კონკრეტული გადაცემებისა, სპონსორი ჰყავდა მაგალითად, დღის ეთერსაც. ამ ნაწილში სრულად გაურკვეველია თუ რომელ გადაცემებს ჰყავს სპონსორი დღის ეთერში და შედის თუ არა ამ პერიოდში ახალი ამბებიც. მაუწყებლის ეთერში განთავსებული მსგავსი განცხადებები ქმნის ვარაუდს, რომ სპონსორის მიერ გადახდილი თანხა ასევე გათვლილია ახალ ამბებზე, რომელიც დღის ეთერის ბადეში ხვდება. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ კანონის ნორმებთან, რომელიც კრძალავს ახალი ამბების სპონსორობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საღამოს ეთერის სპონსორი ჰყავს „რუსთავი 2-სა“ („სუპრემო, „ალტა“, „საქართველოს ბანკი“, „ლუდი 34“, „ჯეოსელის ჭკვიანი გათამაშება“, „ჯორჯიან ბეიქერსი“) და „იმედსაც“ („მაგთიკომის 4G კავშირი, „საქართველოს ბანკი,“ ლუდი 34“). აღსანიშნავია, რომ საღამოს ეთერის სპონსორის შესახებ ცნობა საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე გადის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტის, ივანე მახარაძის აზრით, ეს, შესაძლოა, საინფორმაციო გამოშვების სპონსორობად აღვიქვათ, რაც კანონით პირდაპირაა აკრძალული, თუმცა ის ამატებს, რომ მსგავსი შემთხვევები შეფასების საგანია და კომისიამ უნდა შეისწავლოს.

მახარაძისვე თქმით, 2016 წლიდან შესასვლელი ახალი რეგულაციებით, მკვეთრად გაიმიჯნება სპონსორობა და რეკლამა, რაც, ამ ეტაპზე, ერთმანეთში არეულია: „როცა მასალაში სპონსორზე მიეთითება და მერე სპონსორის სარეკლამო რგოლი მიდის, ეს ორი სხვადასხვა მომსახურების ერთმანეთში არევაა, რაც დაუშვებელია. ახალი კანონი მკვეთრად მიჯნავს ამ მომსახურებებს ერთმანეთისაგან. ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს სხვადასხვა მარეგულირებელ კომისიასთან, ყველგან ცალსახა პასუხი მივიღეთ, რომ შესაძლებელია, გადაცემის ანონსშიც გაკეთდეს სპონსორობაზე მითითება, მაგრამ ეს ძალიან მოკლედ უნდა იყოს. თუ იქნება შემთხვევები, რომ სპონსორობა რეკლამაში აირევა, ის წამები მაუწყებლებს რეკლამისათვის გამოყოფილ 12 წუთში გადაეთვლებათ. ასე ხდება ევროპულ ქვეყნებში და ჩვენც, ალბათ, ამ პრაქტიკას გამოვიყენებთ.“

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სპონსორობა განისაზღვრება, როგორც პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. ივანე მახარაძე მიიჩნევს, რომ მუხლი იძლევა ლავირების საშუალებას, დამფინანსებელმა თქვას, რომ ის პროგრამის მომზადებას აფინანსებს. მისივე თქმით, აკრძალვა არც ახალი ცვლილებებით შემოდის, თუმცა გამოყენებულია მეტი კონკრეტიკა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ