facebook - საჯარო თუ პირადი სივრცე?
02.04.2015
ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ ნაკლებად ნაცნობი სახეების “ფეიბუქის” სტატუსები ხშირად იქცევა ინტერნეტ სააგენტოებისა და პორტალების ახალ ამბად. არის თუ არა ჟურნალისტების მიერ სხვისი “ფეისბუქის” გვერდიდან სტატუსის წაღება ეთიკური? უნდა ითხოვოს თუ არა მედიასაშუალებამ ნებართვა, როცა ვინმეს ფეისბუქის სტატუსს თავის გამოცემაში აქვეყნებს?

დათო აბზიანიძე სტუდენტია. მისი “ფეისბუქის” სტატუსები რამდენჯერმე მოხვდა ვებ-გვერდებზე. შარშან, სოციალური ქსელში, არასრულწლოვანი ძმის სკოლის პრობლემების შესახებ წერდა, ნაწერი მალევე „გაანიუსა“ სხვადასხვა მედიასაშუალებამ.

„ჩემი ძმის შესახებ დაწერილი სტატუსის დანახვა არამეგობრებსაც შეეძლოთ. სააგენტოების ნაწილმა ნებართვა ითხოვა სტატუსის გადატანაზე, ნებართვა მივეცი, თუმცა ვთხოვე, რომ ჩემი ძმის იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. ერთ-ერთმა სააგენტომ არც მკითხა ისე წაიღო ჩემი ნაწერი. ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს გადააბიჯა და გვარი გამოაქვეყნა, რითიც რეალური საფრთხეც კი იდგა იმისა, რომ ჩემს ძმას პრობლემები შექმნოდა”, - ამბობს დათო აბზიანიძე.

“ფეისბუქთან” დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის მაისში იმსჯელა და სოციალური ქსელი საჯარო სივრცედ განიხილა: „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს”, - წერია 2014 წელს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

სოციალური ქსელებიდან მედიის მიერ სტატუსების ახალი ამბების ფორმატში გამოქვეყნებაზე 2013 წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომაც იმსჯელა. ქარტიას მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართა. მათი უკმაყოფილება “ფეისბუქზე” ლაშა ბაქრაძის მიერ გამოქვეყნებული მეუღლისა და შვილის ფოტოს სხვადასხვა სააგენტოებზე მოხვედრამ გამოიწვია. ქარტიამ ვებგვერდების მიერ ფოტოს არაადეკვატური და უხამსი სათაურით გადატანა, ფოტოზე გამოსახული არასრულწლოვნის გამო, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია: “საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო პუბლიკაციებში ჟურნალისტებმა დაარღვიეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მაშინ როდესაც არ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ლაშა ბაქრაძის მეუღლისა და ვაჟის ფოტო არ შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი ინტერესის საგანს. პირადი ცხოვრებით დაინტერესება მედიის მხრიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, ეს კი მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა”, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

Media checker-ის მედია მონიტორთა ჯგუფის დაკვირვებით, გამოიკვეთა, რომ ხშირად, მედიასაშუალებები ყოველგვარი კონტექსტისა და გადამოწმების გარეშე, ვებგვერდებზე აქვეყნებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას, არამედ, პირადი ცხოვრების ამსახველ სტატუსებსა თუ კომენტარებს. ქართულ მედიაში, ფესბუქ სტატუსებს იყენებენ არა სტატიის ნაწილად, ერთ-ერთ წყაროდ, არამედ დამოუკიდებელ ახალ ამბად.

ონნიკ ჯეიმს კრიკორიანი, რომელიც ამჟამად ბიბისისთვის მუშაობს, ამბობს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ზუსტი, ამომწურავი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სოციალური ქსელებიდან სტატუსების დაკოპირება კი, ნებისმიერს შეუძლია: “ჟურნალისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ უხდიან იმისთვის, რომ მათგან მოელიან გამოიკვლიონ და გააშუქონ თემა სათანადოდ და არა იმისთვის, რომ პირდაპირ აიღონ და გადაიტანონ მასალა სოციალური ქსელიდან. რა თქმა უნდა, ეს გზა არის სწრაფი და ადვილი. ეს ყველას შეუძლია, მაგრამ კარგი ჟურნალისტობა არის სრული ინფორმაცია და კონტექსტი”, - ამბობს კრიკორიანი.

www.ambebi.ge-ის რედაქტორი, გიორგი გიორგაშვილი, ამბობს, რომ მათ რუბრიკას faceამბები, სადაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები ქვეყნდება, ბევრი მკითხველი ჰყავს. გიორგაშვილის თქმით, რუბრიკისთვის მასალად მხოლოდ საჯარო პოსტებს იყენებენ:

“იმ შემთხვევაში, თუ კომენტარი არ არის საჯარო, და არის საინტერესო, რედაქცია უკავშირდება ავტორს და იღებს სატელეფონო ინტერვიუს თემაზე. ცხადია, ყველა შემთხვევაში, როდესაც რედაქცია იყენებს პოსტს “ფეისბუქიდან”, უთითებს წყაროს. ბოლო პერიოდში კი, სტატიის ბოლოს, მკითხველი იხილავს მინაწერს, რომ მასალაში წარმოდგენილია ”ფეისბუქზე” გამოქვეყნებული საჯარო პოსტი”, - ამბობს ambebi.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი.

იმის გამო, რომ მედიასაშუალებები ფეისბუქზე მოპოვებულ ინფორმაციას, ხშირად პირდაპირ, გადამოწმების გარეშე აქვეყნებენ ხოლმე, გაუგებრობებიც ხდება. მაგალითად, 2015 წლის იანვარში გამოცემა “ტაბულამ”ჟურნალისტ დავით აქუბარდიას “ფეისბუქის” სტატუსი გამოაქვეყნა. მოგვიანებით გამოცემამ მასალა წაშალა და ბოდიში მოიხადა, რადგან აღმოჩნდა, რომ ფეისბუქ-გვერდი, სადაც ტექსტი გამოქვეყნდა, სინამდვილეში ყალბი იყო და აქუბარდიას არ ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელი საჯარო სივრცეა და შესაბამისად, მომხმარებლების სტატუსების მედიასაშუალებებში გამოქვეყნება კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაინც იქმნება ინფორმაციის სიზუსტესან დაკავშირებული რისკები და ეთიკური დილემები. სწორედ ამიტომ, წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების, მაგალითად „ბი-ბი-სის“ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ფეისბუქის სტატუსებიც დამუშავების, გადამოწმების, დაზუსტების ისეთივე პროცესს უნდა გადიოდეს, როგორსაც ნებისმიერი ინფორმაცია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ