„როგორც ამბობენ“, „გავრცელებული ინფორმაციით“
09.05.2015
“როგორც ამბობენ“, „გავრცელებული კულუარული ინფორმაციით“, „სანდო წყაროზე დაყრდნობით“, „როგორც ცნობილია“, - ფაქტების სიზუსტის დასამტკიცებლად ქართულ მედიასაშუალებებში ამ სიტყვებს არცთუ იშვიათად შეხვდებით. Mediacheker- ის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ 16-26 თებერვლის მონაკვეთში სამ გაზეთში: „ალიაში“, „ქრონიკასა“ და „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებული მასალების 24% - ში ინფორმაციის წყარო ზუსტად იდენტიფიცირებული არ იყო და ფაქტების გასამყარებლად, სწორედ, ზემოთმოყვანილი სიტყვები იყო გამოყენებული. მედიაპროდუქტში ფაქტების აღწერისას სიზუსტის დაცვა, ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისაგან მკაფიო გამიჯვნა, მაღალპროფესიული, ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

“როგორც ამბობენ, გავრცელებული ინფორმაციით“

„გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილი კიევში ადგილს ვერ პოულობს და აქტიურად ეკონტაქტება თავის გარემოცვას თბილისში“ „როგორც ამბობენ, ექსპრეზიდენტი იმდენად შეწუხებულია ჟვანიას საქმის გამოძიებით, რომ ყველა მისაღებ თუ მიუღებელ ხერხებს ხმარობს მის შესაჩერებლად“. („პრაიმ ტაიმი“ 16 თებერვალი, „სააკაშვილზე შესაძლოა ძებნა გამოცხადდეს“)

„უზენაესი კანდიდატურის დასახელებას იურისტთა და პოლიტიკოსთა წრე 23 თებერვალს ელოდა, თუმცა პრეზიდენტმა იჩქარა. ამის მიზეზად კი კულუარებში სახელდება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი“. („ალია“ 18 თებერვალი, „რა ხდებოდა უზენაეს სასამართლოში და „ნაციონალებში“ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენისას?)

„გავრცელებული ინფორმაციით, კირკიტაძე წილში იყო ამ ნაკვეთების გასხვისების საქმეში და ხმასაც იმიტომ არ იღებდა“ . („ალია“ 24 თებერვალი, გვ. 6 „კიდევ რა ბრალს წაუყენებენ დავით კირკიტაძეს?“)

ეთიკის ქარტიის მესამე მუხლის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის წყარო დადასტურებული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის კონკრეტულად ვინაა ამ ინფორმაციის წყარო, თუმცა შეუძლია ვინაობა არ დაასახელოს. ზემოთმოყვანილ შემთხვევებში მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, ვინაა ინფორმაციის წყარო ან არსებობს თუ არა ეს წყარო საერთოდ. ფრაზებში: „როგორც ამბობენ“, „გავრცელებული ინფორმაციით“, ბუნებრივია, ბუნდოვანი რჩება ვინ ამბობს, ვინ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალებებში, ასევე, ვხვდებით გავრცელებული ინფორმაციის გადაუმოწმებლად ფაქტად წარმოჩენის შემთხვევასაც.

„თუმცა ფაქტია, რომ ჯოკია ბოდოკია ნარმანიას უახლოესი მეგობარი და თანასოფლელია კოკიდან“ – („პრაიმ-ტაიმი“ 16 თებერვალი. „რა ცვლილებებს გაატარებს დავით ნარმანია მერიაში“ ) - ნარმანიასა და ჯოკია ბოდოკიას მეგობრობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი როგორც ფაქტს, ისე გვთავაზობს და ამის დასადასტურებლად არ მოჰყავს არც ერთი წყარო.არაერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ პიროვნებას არაფერი აკავშირებს სოფელ კოკთან.

რამდენად მართებულია ჟურნალისტის მხრიდან „საზოგადოდ გავრცელებული“ ინფორმაციის ფაქტების სახით ან გადაუმოწმებლად მკითხველისათვის მოწოდება? მაღალი პროფესიული სტანდარტი გულისხმობს ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მინიმუმ ორ წყაროსთან გადამოწმებას, მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაცია სარწმუნოდ. ხოლო „როგორც ამბობენ“, „გავრცელებული ინფორმაციით“ - ამგვარი „მტკიცებულებითი ჩანართები“ ფაქტის სიზუსტის დადასტურების არც თუ წარმატებულ მცდელობას ჰგავს.

„სანდრო წყაროზე დაყრდნობით“

„ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ დავით მედულაშვილი იყო შუამავალი ბოდოკიასა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გეგი ნიჟარაძეს შორის ნათია მახარაშვილის სასტუმროს მშენებლობის საკითხში “ – („ალია“ 18 თებერვალი , „ვინ იქნება ანტიკორუფციულის შემდეგი სამიზნე მერიაში“)

„ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა, ივანიშვილი თურმე იქაურობას ანგრევს, ისეთ დღეშია, მთავრობაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერ ელევა, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი“. ( „ალია“ 26 თებერვალი, „მამუკა არეშიძის „ალიასთვის“ დაპირებული სკანდალური სიის გაგრძელება“ )

„როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ინკოგნიტოდ ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ეს ადამიანები ნებით კი არ გადადგნენ, კარგა ხნის ჩიჩინის შემდეგ აიძულეს, რომ გადამდგარიყვნენ“ („ალია“ 24 თებერვალი, „ვინ აიძულა „თავისუფალი დემოკრატები“, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დაეტოვებინათ?“ )

„ინკოგნიტო წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი რომ აპატიოს, ბოლო შეხვედრაზე „რუსთავი 2“ -ის თავზე დაყენებას მაინც არ აპატიებს“ .(„ალია“ 24 თებერვალი, „ვინ აიძულა „თავისუფალი დემოკრატები“, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დაეტოვებინათ?“ )

ბუნებრივია, ინფორმაციის წყაროებთან თანამშრომლობის გარეშე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება წარმოუდგენელია. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ კანონის მესამე თავის მე-11 მუხლი განმარტავს, რომ „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა“.

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როცა ჟურნალისტები საკუთარი თავისუფლების ფასად იცავდნენ წყაროს კონფიდენციალურობას, მაგალითად, ჯუდიტ მილერი, „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი, წყაროს გაუთქმელობისათვის 18 თვის მანძილზე იხდიდა სასჯელს. მილერის მაგალითი ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყაროსა და ჟურნალისტს შორის მჭიდრო და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, თუ წყარო სისტემატურად თანამშრომლობს მედიასაშუალებასთან.

მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, „კონფიდენციალურ“ „სანდო წყაროებთან“ თანამშრომლობას შესაძლოა თან ახლდეს პროფესიული რისკები. მაგალითად, წყაროს მხრიდან ჟურნალისტის განზრახ შეცდომაში შეყვანა და მედიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება, ჟურნალისტის მხრიდან კი საკუთარი ნააზრევის მიწერა „სანდო წყაროზე“. (ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი საკუთარ მოსაზრებებს წარმოგვიჩენს, როგორც უტყუარ ინფორმაციას, რომელიც კონფიდენციალურ წყაროს ემყარება).

ქართულ მედიაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ „სანდო“ წყაროზე დაყრდნობილ ინფორმაციას ჟურნალისტები საკმაოდ ხშირად იყენებენ, რაც ბადებს კითხვას - რამდენად უტყუარია მათი სტატიები? ხომ არ ემსახურება მსგავსი ინფორმაცია ნებსით თუ უნებლიეთ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს? გამოიყენეს თუ არა ჟურნალისტებმა მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დაედგინათ გავრცელებული მოსაზრებების ჭეშმარიტება? ხომ არ არის ეს ფაქტის სიზუსტის დასადასტურებლად გამოყენებული ერთგვარი ხრიკი?

დავით კახიანი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ