10.02.2015
წარმოდგენილი ტენდენციები, 23 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხის” 8 საათიანი “მოამბის“ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახური “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიერ 2013 წლის 24 ივნისს დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის მოთხოვნას ნაწილობრივ ასრულებს, კერძოდ:“მოამბე”, გაცხადებული პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, საკმარის დროს უთმობს ევროკავშირისა და NATO-ს თემატიკას; ცდილობს საქართველოსა და ევროპულ/ევროატლანტიკურ გაერთიანებებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, შეხვედრებს, სხვადასხვა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესს თვალი მიადევნოს. ამიტომაც “მოამბის” მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდში გაშუქებული ამბებიდან საგარეო პოლიტიკაზე მომზადებული რეპორტაჟები რაოდენობით მეოთხე ადგილზე დგას; “მოამბე” ევროკავშირის, NATO-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუებით ცდილობს საქართველოს აუდიტორიას მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს რიგის სამიტზე მოსალოდნელი შედეგების, და ზოგადად, სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის შესახებ;
მაუწყებლის გაცხადებული პრიორიტეტების საპირიპისპიროდ, „მოამბეში“ იშვიათად გვხვდება ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის განმახორციელებელი ორგანიზაციების, გაერთიანებების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი მასალები.
ხელისუფლების კრიტიკა, ძირითადად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ისმის, რაც შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, რომ პრობლემის წარმოჩენისას აქცენტი ზედაპირულ ასპექტებზე გაკეთდება და არა იმგვარ არგუმენტირებულ დასაბუთებაზე, როგორსაც რომელიმე ნეიტრალური კვლევითი ორგანიზაცია შესთავაზებდა საზოგადოებას. მართალია, ამის კომპენსირებას „მოამბე“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საავტორო ბლოკში ცდილობს, მაგრამ სტატისტიკურად, ამ ბლოკშიც ორი კვირის განმავლობაში გაცილებით მეტი პოლიტიკოსი იყო მიწვეული, ვიდრე რომელიმე არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ან სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.
სიმპტომატურია ისიც, რომ „მოამბე“ ნაკლებად მუშაობს უშუალოდ არხის ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის მოძიება-გაშუქებაზე, არ ჩანს არც წინასწარი მოკვლევის, ჟურნალისტური გამოძიების ან თემების წინასწარ, რამდენიმე დღით/კვირით ადრე დაგეგმვის ნიშნები. ბიუჯეტის შესრულება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მონიტორინგი, ნეპოტიზმი, საკადრო გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობა, თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები - ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ მაშინ ხვდება „მოამბის“ ობიექტივში, როცა ესა თუ ის პოლიტიკოსი მორიგ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, არადა, სარედაქციო გუნდი თავად უნდა ზრუნავდეს მსგავსი ინფორმაციის მოძიებაზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოამბე“ ექსკლუზიური მასალების მოპოვებაზე მეტად, საჯარო პირთა მიერ წამოწეული თემების გაშუქებაზე არის ორიენტირებული.
პრიორიტეტების დოკუმენტის მოთხოვნის მიუხედავად, გაშუქებული თემების ჩამონათვალში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მომხდარი ამბები. რედაქცია მხოლოდ მაშინ აქცევს ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემას, როცა დე ფაქტო ხელისუფლებებისა და რუსეთის შეირაღებული ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ადგილობრივ მოსახლეს აკავებენ ან როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან აღნიშნულ ტერიტორიაზე.
პრობლემურია ისიც, რომ საქართველოს რეგიონებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, რომ არაფერი ვთქვათ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკის გაშუქებაზე. “მოამბის” მთავარ გამოშვებაში რეგიონებიდან მომზადებული ახალი ამბავი მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში სტიქია ხდება ან როცა იქაურობას მაღალი თანამდებობის პირები სტუმრობენ.
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურობა “მოამბის” ობიექტივის სამიზნე იშვიათადაა.
„მოამბის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ყურადღება, ძირითადად, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზეა გამახვილებული: 23 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაშუქებულ თემებში სწორედ ქვეყნის შიდაპოლიტიკური თემები ჭარბობს. მათგან კი ყველაზე მეტი დრო მთავრობის მუშაობის გაშუქებას ეთმობა, მეორე ადგილზეა - პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის აქტივობებზე მომზადებული სიუჟეტები მოსდევს, ყველაზე ნაკლები დრო სასამართლოს ეთმობა.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც - ამ პერიოდში პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე დაამტკიცა, თუმცა მაყურებელმა გვენეტაძის სამომავლო გეგმებსა და მის ხედვაზე სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღო - “მოამბის” არც ძირითად და არც დასკვნით ნაწილში (ვგულისხმობთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერს) გვენეტაძე სტუმრად მიწვეული არ ყოფილა.
23 მარტიდან 2 აპრილამდე “მოამბის” მთავარ გამოშვებაში მოწყვლად ჯგუფებზე მხოლოდ ორი სიუჟეტი გაკეთდა. ერთი ეხებოდა “112”-ის მიერ ახალი სერვისის ამუშავებას, რომელიც სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სპეციალური მომსახურების დაწესებას გულისხმობდა; მეორე კი - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიების მოწყობას დედაქალაქსა და რეგიონებში. ორივე შემთხვევაში რეპორტაჟის მომზადების საინფორმაციო საბაბი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ორგანოს აქტივობაა და არა თავად რედაქციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “მოამბეს” მაყურებლისთვის დროის ამ მონაკვეთში რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის შესახებ მომზადებული არც ერთი რეპორტაჟი არ შეუთავაზებია, რაც ასევე სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული პრიორიტეტების უგულებელყოფად უნდა მივიჩნიოთ.
თუმცა დადებით კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ “მოამბე” ცდილობს სახელმწიფო ორგანოების მიერ ინიცირებული ახალი პროგრამების, სერვისების შესახებ აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. რედაქციამ მსგავსი მიდგომა გამოიყენა C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით და ეთერში ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია მიიწვია. ”მოამბემ” ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალი სისტემის ამოქმედებას - სიუჟეტიდან გამომდინარე, რეგიონსა თუ დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლოთ გაეგოთ, თუ რა კრიტერიუმებს დაეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტრო მათი შეფასების დროს -სახელმწიფო შემწეობის დამტკიცებისას.