16.04.2015
საქართველოში თვითმკვლელობა ხშირად ხვდება სატელევიზიო ახალი ამბების მთავარი გამოშვების პირველ ბლოკში და გაზეთებისა თუ ონლაინგამოცემების მთავარ გვერდზე. მასალებს სათაურებიც შესაბამისი აქვთ - მყვირალა და მკვეთრი, ისეთი, მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას ერთ წამში რომ მიიქცევს. აი, ნიმუშები:
"41 წლის მამაკაცმა რუსთავში თავი დაიწვა" "19 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო" "ამბობენ, პირდაპირ თავში დაიხალა ტყვიაო" - რატომ მოიკლა 28 წლის პოლიციელმა თავი?!" „სატანისტური რიტუალები და წყვილთა მსხვერპლშეწირვა დუშეთში? - ადგილობრივები მოზარდი შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ აღსასრულზე“
განსაკუთრებული რეზონანსი სწორედ ამ ბოლო ამბავმა გამოიწვია - დუშეთში მომხდარი თვითმკვლელობის სატანისტურ სექტასთან დაკავშირება თითქმის ყველა მედიასაშუალებამ სცადა. გამონაკლისი არც "ნანუკას შოუ" იყო. სიუჟეტში, რომელიც ამ გადაცემაში გავიდა, 15 წლის გოგონას თვითმკვლელობას ოკულტურთან ერთად რომანტიკული შეფერილობაც მიეცა. ციტატები სიუჟეტიდან: "მისი ( რესპონდენტის ) თქმით, დუშეთში სატანისტური სექტის საქმიანობაში ბავშვები არიან ჩართულები. სექტის წევრებს ჯვრები აქვთ ამოსვირინგებული, წარწერით - სიძულვილი"; "რამდენიმე დღის წინ დუშეთში გოგონა გარდაიცვალა, საწამლავი დალია". "15 წლის მარიამი მერლინ მენსონს უსმენდა", "მეათეკლასელი მოსწავლის გარდაცვალება არ იყო ჩვეულებრივი თვითმკვლელობა"; "მეზობლების ერთი ნაწილი მარიამის გარდაცვალებას რომეოსა და ჯულიეტას ამბავს ადარებს, გოგონამ სასიკვდილო ნივთიერება ზუსტად იმ დღეს დალია, როცა დუშეთში 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ასევე გაურკვეველი ნივთიერების მიღების შემდეგ გარდაიცვალა"'
სუიციდის გაშუქებისას ოკულტური გავლენისგან თავის დაღწევა ვერც "სხვა რაკურსის" წამყვანმა, გია ჯაჯანიძემ, შეძლო. წამყვანს სტუდიაში სტუმარი ჰყავს მოწვეული, ადამიანი, რომლის ოჯახის ორმა წევრმა (შვილმა და შვილიშვილმა) თავი მოიკლა. ერთ ოჯაში მომხდარი თვითმკვლელობის 2 შემთხვევას ჯაჯანიძე წყევლას უკავშირებს: "ვიღაცები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, არის დაწყევლილი" და მაყურებელს მოუწოდებს, ოჯახს „დაწყევლილი ადგილისგან“ შორს, ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებაში დაეხმაროს.
„მედია საზოგადოების სარკეა,“ - ამბობს მანანა შარაშიძე, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, - „ის მიჰყვება საზოგადოების მოლოდინს. გარდა ამისა, მედიაში დიდი კონკურენციაა და ყველას უნდა, რომ კარგად გაიყიდოს მისი პროდუქტი. სენსაცია კი კარგად იყიდება. კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სუიციდი სენსაციურ ან რომანტიკულ ჭრილში შუქდება, არის ის, რომ ჟურნალისტებმა არ იციან, როგორ გააშუქონ თვითმკვლელობა და არც ის, რა შედეგის მოტანა შეუძლია სუიციდის არაკვალიფიციურ გაშუქებას“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მასმედიის მიერ მომზადებული უპასუხისმგებლო სტატია და სიუჟეტი, რომელიც თვითმკვლელობას სენსაციურ ან გლამურულ შეფერილობას აძლევს, ე.წ. „გადამდები სუიციდის“ რისკის ზრდას იწვევს - ევროპის „დარტ ცენტრის“ კვლევებმა აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც სუიციდის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება, თვითმკვლელობების რაოდენობა დაახლოებით 2,5%-ით იზრდება.
ექსპერტთა მოსაზრებით, სუიციდის „ჯაჭვური რეაქციის“ მთავარი გამშვები მექანიზმი თვითმკვლელობის მეთოდის აღწერაა: 1999 წელს BBC-ის ერთ-ერთი სატელევიზიო დრამის მონაწილემ თვითმკვლელობის მიზნით პარაცეტამოლის მაღალი დოზა მიიღო. სატელევიზიო ეთერში ამ შემთხვევის ჩვენებიდან ერთი კვირის განმავლობაში მედიკამენტების ზედოზირებით გამოწვეულ გარდაცვალებათა რიცხვი გაერთიანებულ სამეფოში 17%-ით გაიზარდა.
მანანა შარაშიძე ამბობს, რომ თვითმკვლელობის ფრთხილი და კვალიფიციური გაშუქება სუიციდის შემცირებაში დიდ როლს თამაშობს. „ქრესტომათიული მაგალითია: ავსტრიაში ძალიან ხშირად ხდებოდა თვითმკვლელობა მეტროში და მედია ყოველ ასეთ შემთხვევას დეტალურად აღწერდა. 1987 წელს ვენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ავსტრიელი ჟურნალისტები დაარწმუნეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ სუიციდის გაშუქებისას არ იტყოდნენ, რომ თვითმკვლელობა მეტროში მოხდა. მედიისთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით სუიციდის შესახებ მომზადებულ მასალას არ უნდა ჰქონოდა მყვირალა სათაური, არ უნდა აღეწერათ თვითმკვლელობის მეთოდი, არ გამოეყენებინათ ძალადობის გამომსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. გარდა ამისა, ასეთი სტატია არ უნდა განთავსებულიყო გაზეთის პირველ და ბოლო გვერდზე. შედეგად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სუიციდის რაოდენობამ იკლო, მეტროში თვითმკვლელობების შემთხვევები კი 75%-ით შემცირდა. ამჟამად ასეთი რეგულაციები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როცა მედია ზედმიწევნით აღწერს ცნობილი ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას) ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.
და ბოლოს, მედიას შეუძლია იყოს სასარგებლო და საზოგადოებას სუიციდის პრევენციაში დაეხმაროს. ამისთვის, თვითმკვლელობის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ან სტატიაში უნდა დავამატოთ ჩანართი - „სუიციდის ნიშნები“ და აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ვერბალური ან ქცევითი გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, რომლებიც, როგორც წესი, წინ უძღვის თვითმკვლელობას. ასევე, აუცილებლად მივუთითოთ ცხელი ხაზის ან იმ სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც ადამიანებს კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ.
მანანა ვარდიაშვილი