24.04.2015
“ხუთბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, სამიანს მინუსით ან ორიანს პლიუსით დავუწერდი. ბანკის მოქმედებები არც თუ ისე ადეკვატურია”, - ამბობს ლარის კურსზე საუბრისას, 6 აპრილის გადაცემაში, მიხეილ დუნდუა, „2030-ის“ კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში. გადაცემას მთელი ბლოკის განმავლობაში ადევს ტიტრი: “ეროვნული ბანკის მიერ წახალისებული ინფლაცია“, რაც მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინფლაცია ეროვნულმა ბანკმა წაახალისა, ფაქტად წარმოაჩენს.
“ეროვნულ ბანკს შეუძლია ეკონომიკას ასობით მილიონი დოლარი მიაწოდოს, მაგრამ არ აკეთებს...თუ ლარს ეროვნულმა ბანკმა არ მიხედა, ლარს ეკონომიკა მიხედავს, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დახმარება, რადგან ამ შემთხვევაში ვითარების დასტაბილურება უფრო სწრაფად მოხდება,“ - ამბობს დუნდუა. ორი დღის შემდეგ, გადაცემაში ლარის გაუფასურების თემაზე საუბრისას, მიხეილ დუნდუა ინფლაციის სამ მიზეზს შორის ერთ-ერთ მიზეზად კვლავ ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას ასახელებს.
15 აპრილის გადაცემებში კიდევ ერთმა ექსპერტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ, „სცადა“ ეროვნული ბანკის პოზიციის წარმოდგენა: “ეროვნულ ბანკს პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი საზრუნავი არ არის ვალუტის კურსი და ექსპორტის კონკურენტუნარიანობისთვის ლარის გაუფასურება აუცილებელიცაა. შესაბამისად, ლარის გამყარება არ არის ეროვნული ბანკის ინტერესებში ამ ეტაპზე, არადა დოლარზე მაღალდამოკიდებულ ქვეყანაში ლარის კურსის დაცემით გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ექსპორტის გაძვირებით გამოწვეული შეფერხებები”. რესპონდენტს ეროვნული ბანკის ამ “პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ ნათქვამი” ციტატების კონკრეტული წყარო არ დაუსახელებია.
8 აპრილს კი გადაცემაში “ლარის კურსის ანატომიას” მიმოიხილავდნენ და ეთერში სტუმრად ეკონომისტი მირიან გოგიაშვილი, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი მაკა ხარაზიშვილი და „2030-ის“ კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე მოიწვიეს. კვლავ არაერთხელ გაისმა ბრალდება ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
სიუჟეტის ტექსტში ჟურნალისტი ამბობს: „2014 წლის დეკემბრიდან ეროვნულმა ბანკმა გაზარდა კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების ოდენობა. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას კომერციული ბანკების ლიკვიდობით ხსნის ანუ იმით, რომ კომერციულ ბანკებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ლარი. თუმცა საქართველოში მოქმედი მსხვილი ბანკები არ ადასტურებენ, რომ თითქოს ისინი ლარის უკმარისობას განიცდიან“, - სიუჟეტში არ არის წამოდგენილი არც ერთი „მსხვილი კომერციული ბანკის“ პოზიცია. “დღეს თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხის გაზრდილი მოცულობით პირდაპირ ზრდის მიმოქცევაში არსებული ლარის მასას, რითაც ბუნებრივად იზრდება დევალვაციასთან დაკავშირებული რისკებიც”, - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ტექსტში.
სტუმრები ამატებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ ბანკებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის თავისუფალი ლარი, ტყუილია და ამას თავად ბანკებიც უარყოფდნენ, თუმცა მართლა უარყოფენ თუ არა ამ ინფორმაციას ბანკები, მაყურებლისთვის გაუგებარი რჩება, რადგან დასახელებული „მსხვილი ბანკების“ წარმომადგენლების პოზიცია არც სტუმრების ბლოკში ყოფილა წარმოჩენილი.
ლარის კურსი მთავარი თემა იყო 16 აპრილსაც. 2030-ის წევრმა ვახტანგ ბურკიაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შეჩერება, უპასუხა: “კი.... ის რომ მას ეს შეეძლო და არ გააკეთა, ეს ცალსახაა”
იმავე გადაცემაში ეროვნული ბანკი უარყოფით კონტექსტში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გაზრდილი უფლებამოსილების შესახებ საუბრის დროსაც ახსენეს. ორგანიზაციის ექსპერტის, ნოდარ ჭიჭინაძის, შეფასებით, სამსახური წინა ხელისუფლების დროს ავიწროებდა ბიზნესის წარმომადგენლებს,ოპოზიციურ ძალებს და იქ რეფორმა დღემდე არ ჩატარებულა. თვალსაჩინოებისთვის კი ისრაელელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტი მოჰყავს, სადაც “თარჯიმნის სტატუსით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოქმედი მოადგილე ნიკოლოზ გონგლიაშვილიც ფიგურირებდა. ფაქტობრივად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოქმედი მაღალჩინოსანი გახლდათ პროკურატურის აგენტი. დღეს ეს პიროვნება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრადაც გვევლინება“.
გადაცემა „2030-ის“ იდეის ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. კვირა დღეს ის გადაცემაში ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა საკითხს აანალიზებს. რაც შეეხება ლარის გაუფასურების თემას, თებერვალში ივანიშვილმა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე მიყვანაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე საჯაროდ დაადანაშაულა და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, გამოეყენებინა შესაბამისი ბერკეტები ვალუტის დასტაბილურებისათვის.