დაფინანსებული სტატია გაზეთ “რეზონანსში”
01.05.2015
21 აპრილს გაზეთ “რეზონანსში” რუბრიკა “ბიზნესპრესში” გამოქვეყნდა სტატია: “რატომ გადაეცა განსაკარგად ეკონომიკის სამინისტროს ათონელის რეზიდენციის შენობა?” მასალა ეხება ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადასვლის საკითხს. გაზეთის ბოლო გვერდზე მითითებულია, რომ რედაქცია პასუხისმგებლობას იხსნის იმ მასალებზე, რომლებიც რუბრიკა "ბიზნესპრესში" იბეჭდება, რადგან ეს მასალები დაფინანსებულია შემკვეთის მიერ.

მასალაში გიორგი მარგველაშვილის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით არ ჩანს. ავტორმა მარგველაშვილი გააკრიტიკა და ის სახელმწიფოს ხარჯზე “პირადი ამბიციების” დაკმაყოფილებაში დაადანაშაულა.

“ახალი მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეესატყვისება არსებული საპრეზიდენტო რეზიდენცია. დაუშვებელია ასი ათასობით ლარი ზედმეტად იხარჯებოდეს ერთი ადამიანის პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის. ეს არის არსებული მწარე რეალობა და იმედია, ამ რეალობის სიმწარეს მარგველაშვილიც მალე მიხვდება. სხვა თუ არაფერი, ქამრების შემოჭერა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც რომ შეეხოს, ურიგო არ იქნება”, - წერს ავტორი.

გაზეთ “რეზონანსის” ბოლო გვერდზე წვრილი შრიფტით აღნიშნულია, რომ რედაქცია პასუხისმგებლობას იხსნის იმ მასალებზე, რომლებიც განთავსებულია რუბრიკებში: "ბიზნესპრესი", „პროექტები“, „განცხადება“, „პრესკონფერენცია“, „მოვლენა“ და „ექსპრესინტერვიუ“.

რედაქციის ცნობით, ეს სტატიები დაფინანსებულია შემკვეთის მიერ და “რედაქცია პასუხს არ აგებს სარეკლამო მასალებში მოყვანილ ფაქტებზე”.

იმ გვერდზე, სადაც სტატიაა გამოქვეყნებული, სარეკლამო მასალის საცნობი ნიშანი არ არის. ასევე არსადაა მითითებული შემკვეთის ვინაობა და მკითხველისთვის ბუნდოვანია, თუ ვისი დაკვეთით გამოქვეყნდა მასალა.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე , ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ხოლო სპონსორობა - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანაა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით.

დაფინასებულ სტატიებთან დაკავშირებით საქმე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომაც განიხილა 2015 წლის მარტში. საბჭო რეკომენდაციის სახით მიუთითებს, რომ ეთიკური პრინციპების დაცვისთვის მიზანშეწონილია მედიასაშუალებამ თავი შეიკავოს საფასურის სანაცვლოდ ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ სარეკლამო/სასპონსორო ინფორმაციას და მასში ხდება კონკრეტულ ფაქტებზე ან პირებზე მითითება, ვინაიდან ასეთი მასალა ყველაზე მეტად ჰგავს ჟურნალისტურ პროდუქტს და ამასთან, არსებობს იმის ალბათობა, რომ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები არ იქნება დაზუსტებული ან შესაძლოა, ისინი შეიცავდეს ცილისმწამების ნიშნებს.

„თუ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მედიასაშულება გადაწყვეტს, საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყოს მითითება იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა. მკითხველს/მსმენელს აქვს მოლოდინი, რომ მედიასაშუალებით გამოქვეყნებული მასალის შინაარსი ასახავს ავტორი ჟურნალისტის ძალისხმევას, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია და თუ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ ატარებს სხვა პირის ინტერესს, ამის შესახებ ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, კერძოდ მითითებული უნდა იყოს, რომ ინფორმაციაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა და უნდა აღინიშნოს ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება“ - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ