დისკრიმინაციული ტერმინოლოგია თინა ხიდაშელის მისამართით
06.05.2015
ორშაბათს, 4 მაისს გამოცემული ქართული ჟურნალ-გაზეთების მთავარი თემა მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები გახლდათ. სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, გაზეთებმა „ასავალ-დასავალმა“ და „კვირის ქრონიკამ“უარყოფითად შეაფასეს თავდაცვის მინისტრად „ქალის და თანაც თინა ხიდაშელის“ დანიშვნა.

თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თემა „ასავალ-დასავალის“ ერთი ნომრის 11 პუბლიკაციაშია განხილული სხვადასხვა გვერდზე და ამ პუბლიკაციებს ჯამში ხიდაშელის 7 ფოტო ახლავს.

„კვირის ქრონიკაც“ სხვადასხვა ფორმით 11 პუბლიკაციაში საუბრობს ხიდაშელის მინისტრად დანიშვნის თაობაზე, რისთვისაც უფრო მეტ -13 ფოტოს იყენებს.

პუბლიკაციების უმეტესობაში თემა ნეგატიური ტონით არის გაშუქებული. ჟურნალისტებისა და რესპონდენტების მოსაზრებებში გამოყენებულია სიძულვილის ენა და გენდერული სტერეოტიპი.

„ასავალ-დასავალის“ ორი რესპონდენტი - „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე და ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა აცხადებენ, რომ ისინი, როგორც მამაკაცები, შეურაცხყოფილნი არიან თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის არჩევით. რესპონდენტები არ აკონკრეტებენ, რა იწვევს მათ შეურაცხყოფას, მაგრამ მინიშნება კეთდება მინისტრის სქესზე.

„მე, როგორც მამაკაცი, მომხდარით ვარ საშინლად შეურაცხყოფილი და მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში ღარიბაშვილის ადგილზე მართლაც უხერხულად ვიგრძნობდი თავს,“ - ამ სიტყვებით პასუხობს ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ-დასავალის“ შეკითხვას: „რად უნდა ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი პრემიერობა, როცა თავდაცვის მინისტრად უნიშნავენ ქალს, რომელსაც არჩევნების წინ მკვდარი და ცოცხალი აგინა?“

„1 მაისს მამისონის უღელტეხილზე რუსებმა ოფიციალურად ააფრიალეს დროშა, დაიკავეს მამისონი და თავდაცვის მინისტრად ამ დროს ვნიშნავთ თინა ხიდაშელს! ხომ საინტერესო დამთხვევაა? როგორც კაცი, თავს ვგრძნობ შეურაცხყოფილად,“ - აცხადებს გიორგი გუგავა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

ხშირად შეფასებები სკაბრეზული ფრაზებით არის გადმოცემული.

„როცა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, „პატარა კახის“, გიორგი სააკაძისა და სტალინის სამშობლოში თინა ხიდაშელს დაგინიშნავენ თავდაცვის მინისტრად, ეს არის ქვეყნის თავზე დაფ...მა!“ - აცხადებს გიორგი გუგავა.

„თინათინი - ეს არის ქართველების თავლაფის დასხმა, თუ თავმოყვარე ხალხი ვართ, ხმა უნდა ამოვიღოთ“, - აცხადებს „კვირის ქრონიკის“ რესპონდენტი, ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც, „როგორც კაცი“, ასევე შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. „მე, ერთი კაცი, ელიზბარ ჯაველიძე, შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დასახელდა“. აქვე „კვირის ქრონიკის“ რესპონდენტი ახალი მინისტრის სქესზე ცინიკური მინიშნებით რიტორიკულად კითხულობს: „მინდა ამ ქალბატონს ვკითხო, - უკაცრავად და, ახლა როგორ იქნება, სამხედროები ფეხზე მდგომი მოშარდავენ თუ დაჯდომით?“

სიძულვილის ენა და ცინიზმი ჟურნალისტების მოსაზრებებშიც იგრძნობა. „ღარიბაშვილის ხვაშიადში ქალისა და, მით უმეტეს, თინა ხიდაშელის „გათავდაცვისმინისტრება“ ისევე ზის, როგორც ნინა წკრიალაშვილი გახდება ამერიკის მეექვსე ფლოტის ადმირალი, ხოლო ირაკლი ვაჭარაძე - ჩოხოსანი“, - წერს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე.

„კვირის ქრონიკა“ კი კვლავ ავრცელებს რედაქციის პოზიციას: „თქვენ ყველა ჭკუიდან ხომ არგადახვედით, როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრად ქალის, თანაც თინა ხიდაშელის დანიშვნა?!“ - აღნიშნულია ამ სარედაქციო მასალაში.

„კვირის ქრონიკის“ 36-ე გვერდზე, ასევე, გამოქვეყნებულია სიახლე, სათაურით: „რჩევა ხიდაშელს - „მოერიდეთ სამხედრო მოსამსახურეების წინ იუბკით სიარულს“. მოკლე ინფორმაციაში აქცენტი მინისტრის სქესზე კეთდება: „არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი თინა ხიდაშელს რჩევას სოციალური ქსელის მეშვეობით აძლევს: „რჩევა თინა ხიდაშელს იმ შემთხვევაში, თუ დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი - მოერიდეთ სამხედრო მოსამსახურეების წინ იუბკით სიარულს, შემთხვევით ქარი არ ამოვარდეს...“

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედია საშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდა ქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდა მონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედია გაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს,უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა,რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ