08.05.2015
ცვლილებები მთავრობაში, ლარის კურსის ვარდნა,
საწვავზე და მედიკამენტებზე ფასის ზრდა - ეს იყო ის ძირითადი თემები,
რაც გასულ კვირას 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, „მოამბის“
საინფორმაციო ბადეში მოხვდა.
“პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურმა
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 24 ივნისს
დამტკიცებული პრიორიტეტების ნაწილი ამჯერადაც გაითვალისწინა და
ევროკავშირთან დაკავშირებული თემატიკა გააშუქა. სწორედ ვილნიუსში
მომზადებული მასალების დახმარებით გაიგო მაყურებელმა პარტნიორი
სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება დიდი ევროპული
პოლიტიკური ფორუმის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების
შესაძლებლობებსა და ნატოში გაწევრიანის პერსპექტივაზე.
ვფიქრობთ, რედაქციამ დროული და სწორი
გადაწყვეტილება მიიღო - რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე
ვილნიუსში რეპორტიორი მიავლინა და საქართველოს მოსახლეობას იქაური
განწყობა გააცნო.
MediChecker-ის მიერ “მოამბეზე” დაკვირვების
წინა შედეგებისგან განსხვავებით, პოზიტიურია ისიც, რომ ბოლო ერთი
კვირის განმავლობაში მომზადებულ სიუჟეტებში გაიზარდა იმ ადამიანთა
კომენტარების ხვედრითი წილი, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად ეხებათ ესა
თუ ის პრობლემა. მაგალითისთვის, საოკუპაციო ზონასთან ახლოს მდებარე
სოფელ ატოციდან მომზადებულ რეპორტაჟში თითქმის სრულად გამოჩნდა
ადგილობრივების სატკივარი; “მოამბემ” ასეთივე მიდგომა გამოიყენა
ვალეში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ძველი სახლების მცხოვრებთა
საჭირბოროტო თემებზე რეპორტაჟის მომზადებისას. ხაზგასასმელია ისიც,
რომ კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებაში სამჯერ დაეთმო
ეთერი იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი
მაუწყებლის შენობასთან ორჯერ შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან
დახმარება, მაუწყებლისგან კი პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. გარდა
პირდაპირ ჩართვებისა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა შეკრებილი მოქალაქეების
ნდობით აღჭურვილი პირი სტუდიაშიც მიიწვია.
რაც შეეხება რეგიონებს, მთავარ გამოშვებაში,
დაკვირვების ამ მონაკვეთში, შედარებით მეტი თემა შუქდებოდა რეგიონში
არსებულ პრობლემებზე.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც
სრულიად უგულებელყოფილია რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური
უმცირესობების წარმომადგენელთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა თემატიკა, გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ, კახეთში გამართულ
საქველმოქმედო მარათონზე მომზადებული სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა ხაზი
გაუსვა აქციაში ეტლით მოსარგებლე მოქალაქეების მონაწილეობას, რაც
ნამდვილად სწორად დასმული აქცენტი იყო.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, “მოამბის” მიერ
გასულ კვირას გაშუქებული ახალი ამბების უმეტესობა შიდაპოლიტიკურ
თემებს ეხებოდა. რედაქცია ეცადა მინისტრების გადადგომის, ვაკანტურ
თანამდებობებზე კანდიდატებად დასახელებული პოლიტიკოსების შესახებ
აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინა,
თუმცა სიმპტომატურია, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი თემის გაშუქებისას
“მოამბემ” ყურადღება არ მიაქცია მოქალაქეების განწყობას: არ გვინახავს
მცდელობაც კი მორიგ სამთავრობო ცვლილებებზე ელექტორატის აზრი გაგვეგო,
სანაცვლოდ, უხვად იყო პოლიტიკური შეფასებები და პროგნოზები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში
“რესპუბლიკური პარტიის” გაძლიერებაზე. “მოამბე” ასევე ეცადა
მაყურებლისთვის მრავალმხრივი შეფასებები მიეწოდებინა იმ დისკუსიასთან
დაკავშირებით, რომელიც ორი მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობის
სტატუსმა და ნდობის გამოცხადების პროცედურების არაერთგვაროვანმა
განმარტებებმა გამოიწვია. ამ მიზნით სტუდიაში მიიწვიეს როგორც
პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო
კომიტეტის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ “მოამბემ”
გასული კვირის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას საღამოს ეთერი საერთოდ
არ დაუთმო. ვგულისხმობთ ფრანგული მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ
ცნობას, აფრიკულ მისიაში მონაწილე ჯარისკაცების მიერ ადგილობრივ
არასრულწლოვან პირებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ.
franceinfo.fr და Humanite.fr, ცენტრალური აფრიკის რამდენიმე
მცხოვრებზე დაყრდობით წერდნენ, რომ საკვების სანაცვლოდ, ფრანგი და
ქართველი ჯარისკაცები ბავშვების სექსუალურ ექსპლოატაციას ეწეოდნენ.
საფრანგეთისა და საქართველოს არც ერთ ოფიციალურ პირს ქართველი
სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდებები არ დაუდასტურებია,
მეტიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტატიაში
მითითებულ პერიოდში ქართველი ჯარისკაცები აფრიკის კონტინენტზე საერთოდ
არ მსახურობდნენ. საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, ქართული
მედიასაშუალებების მიერ ამ ცნობის გავრცელებამ არაერთგვაროვანი
რეაქცია გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ
მედიასაშუალებებს, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებისას ფრანგი
კოლეგების მასალებს დაეყრდნენ, ბოდიშის მოხდისკენ
მოუწოდა.