სიგარა გადაცემაში “მშვიდობით, იარაღო!”
04.05.2015
2015-05-04 26 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მშვიდობით, იარაღო!” წამყვანებმა სიგარის სპეციალისტი მიიწვიეს. დიმიტრი გახოვმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სიგარის თვისებების შესახებ, რასაც სხვა სტუმრებისა და ჟურნალისტების გამოხმაურებაც მოჰყვა. კერძოდ, გადაცემაში აღინიშნა, რომ სიგარა გარკვეულწილად ხაზს უსვამს მწეველის სოციალურ სტატუსს და მის რაფინირებულობას, რომ სიგარასა და სიგარეტს შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, როგორც არაყსა და ვისკის შორის.
“სიგარის მოწევა რიტუალია და მამაკაცებისთვის ეს არის რაფინირებულობის ვითომ ერთ-ერთი ნაწილი... დათო ამბობდა წეღან, რომ მამაკაცი რაც უფრო დიდ სიგარას ეწევა, უფრო სოლიდურად ჩანს”, - აღნიშნა გადაცემის მსვლელობისას წამყვანმა ოლღა ბაბლუანმა. თავის მხრივ კი კიდევ ერთმა სტუმარმა, დავით ბაქრაძემ, დასძინა, რომ ნამდვილად ასეა და სიგარის ზომა ბევრ რამეზე მიუთითებს:
“განსაკუთრებით ამერიკულ სოციალურ კულტურაში ასეა: რაც უფრო სოლიდური მამაკაცი ხარ, სიგარაც შესაბამისი ზომის უნდა გქონდეს ისევე, როგორც დაახლოებით, დიდი კუბატურის მანქანები - ესეც სოლიდურობის ერთ-ერთი ნიშანია ამერიკულ კულტურაში, რომ არ ზოგავ ბენზინის ფულს და რაც უფრო მძლავრი და დიდი კუბატურის მანქანა გყავს, მით უფრო სერიოზული კაცი ხარ. დაახლოებით ასეა სიგარაზეც, უყვართ დიდი სიგარები”, - თქვა დავით ბაქრაძემ.
სიგარის მოწევის ფსიქოსოციალურ ასპექტებთან ერთად, გადაცემაში მოწევის პროცესზეც საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ზოგი სიგარა შეიძლება საათ-ნახევრის განმავლობაში მოიწიოს. ამის შემდეგ თავად წამყვანმა შესთავაზა სტუმრებს, რომ დიმიტრი გახოვის მიერ მოტანილი სიგარები გაესინჯათ, საბოლოოდ კი დავით ბაქრაძემ, წამყვანებმა ოლღა ბაბლუანმა და მაგდა ანიკაშვილმა სტუმრის მიერ საჩუქრად მირთმეულ სიგარებს მოუკიდეს.
იურისტი ნათია კაპანაძე გადაცემის ზემოთ მოცემული მონაკვეთის შეფასებისას რამდენიმე ნორმას იშველიებს. კერძოდ, მედიასამართლის სპეციალისტი ხაზს უსვამს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც “დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00 საათამდე ან საბავშვო პროგრამებში“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით „დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლისა და თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გამართლება, წახალისება ან მოწონება“. კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით კი „18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა, თუ ის შეიცავს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა და მოწონებას“. იურისტის შეფასებით, სამივე ნორმა შეიძლება გადაცემას მივუსადაგოთ, რადგან „მშვიდობით, იარაღო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 22:00 საათიდან 23:00 საათამდე გადის.
„შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თამბაქოს გამოყენება ხელს უწყობს საზოგადოებრივ სარბიელზე პერსონალური წარმატების მიღწევა/დემონსტრირებას, რაც არღვევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის“ 14.10 მუხლის მიხედვით, მაუწყებელმა საზოგადოების მიდრეკილებებისა და ქცევების რეალისტურად ასახვისას თავიდან უნდა აიცილოს პოტენციურად მავნე ან უკანონო ქცევის წახალისების საფრთხე (განსაკუთრებით ბავშვებში). მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ რესპონდენტებმა და სტუმრებმა გადაცემის ჩაწერისა თუ პირდაპირი ტრანსლირების დროს არ მოწიონ. ამის შესახებ ისინი ჩაწერის ან პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე უნდა იყვნენ გაფრთხილებული“, - ამბობს ნათია კაპანაძე.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი კახა ბექაური იზიარებს მოსაზრებას, რომ გადაცემის წამყვანებმა და სტუმრებმა თამბაქოს ნაწარმს პოპულარიზაცია გაუწიეს. „ეს საქმის მორალური და ეთიკური ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის და კომისიონერისათვის, მისაღები არ არის, როცა თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, დემონსტრირება და წახალისება ხდება ეთერში, განსაკუთრებით იმ დროს, როცა გადაცემას შეიძლება ბავშვები უყურებდნენ“, - აცხადებს ბექაური, თუმცა ნათია კაპანაძისგან განსხვავებით, არ ფიქრობს, რომ მაუწყებელმა რეკლამის შესახებ კანონი დაარღვია.
„გადაცემაში არ ჩანს თამბაქოს კონკრეტული ბრენდი, შესაბამისად, მაუწყებელს რეკლამის შესახებ კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამაზე სანქცია ვერ დაეკისრება. ეთიკურ ნაწილის დარღვევაზე კი ნებისმიერ მოქალაქეს, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და სწორედ ის განსაზღვრავს შეტანილ საჩივარზე რა გადაწყვეტილება გამოიტანოს“, - აღნიშნავს კახა ბექაური.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ