04.05.2015
29 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ეკა
ხოფერიას ტოკ-შოუში, სტუმრად სილამაზის სალონ “ნატალის” დამფუძნებელი
ნატალია თოლორაია იყო მიწვეული. გადაცემის ამ ნაწილში წამყვანი
სტუმართან ერთად მაყურებელს “ნატალის”, როგორც წარმატებული ბიზნესის,
შექმნის ისტორიას აცნობს. გადაცემას ჰქონდა ტიტრი: “გადაცემა შეიცავს
სარეკლამო ხასიათის ეპიზოდს”.
საუბრის დასასრულს ეკა ხოფერიას ნატალია
თოლორაიამ მისივე კუთვნილი “ანტი ეიჯ კლინიკის” 10-პროცედურიანი
სასაჩუქრე ბარათი გადასცა. “მე მინდოდა თქვენთვის საჩუქარი გადმომეცა,
თუ არის შესაძლებელლი. ეს არის ჩვენი კლინიკის, “ანტიეიჯ კლინიკის”,
10 პროცედურა, რომელიც ქალბატონ ია ფარულავას ძალიან მოსწონს. მინდა,
რომ ჩვენთან მობრძანდეთ, ჩვენს კლინიკაში, ძალიან კმაყოფილი
დარჩებით”.
ეკა ხოფერია იღებს საჩუქარს და სტუმარს
ჰპირდება, რომ ია ფარულავასთან ერთად აუცილებლად მივა
კლინიკაში.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 30-ე მუხლის
მე-9 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება
მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული
ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი
ამზადებს რეპორტაჟს“.
58-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი
„დაუშვებელია მაუწყებელის ან მისი თანამშრომლის მიერ ფულადი თანხის ან
სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება პროდუქციის ან მომსახურების
პოპულარიზაციის სანაცვლოდ“.
"მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 30-ე მუხლის მე-9
პუნქტის და 58-ე მუხლის მე-5 პუქტის თანახმად, ჟურნალისტს ეკრძალება
საჩუქრის - ეკონომიკური სარგებლის მიღება. იმის გამო, რომ "ეკა
ხოფერიას ტოკ-შოუს" გადაცემის ამ ნაწილს ჰქონდა მითითება - “გადაცემა
შეიცავს სარეკლამო ხასიათის ეპიზოდს”, საქმე გვაქვს გადაცემაში
პროდუქტის განთავსებასთან (Product Placement „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის მუხლი 691), რაც ქართული კანონმდებლობისათვის
მნიშვნელოვანი სიახლეა. პროდუქტის განთავსება დაშვებულია გადაცემებში,
მაგრამ - გარკვეული წესებით. ამ წესებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ
ჟურნალისტს აქვს ან არ აქვს საჩუქრის მიღების უფლება”. - ამბობს
იურისტი და მედიასამართლის სპეციალისტი ნათია კაპანაძე, - “პროდუქტის
განთავსებისას, სასურველია, რომ ჟურნალისტებმა იხელმძღვანელონ
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით,
რომელიც მსგავს შემთხვევას არეგულირებს და კრძალავს რეპორტაჟის
მომზადებისას საჩუქრის მიღებას. ტოკ-შოუ კი სიუჟეტზე ფართო
ფორმატია".
კაპანაძის თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ
მაუწყებლებს შესთავაზა, რომ გადაცემაში პროდუქტის განთავსებისთვის
სპეციალური გაიდლაინები შეიმუშაონ, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული
ნაბიჯები, ჯერჯერობით, არ გადადგმულა.