ცალმხრივი ბრალდება
08.05.2015
6 მაისის “2030” მთავარი თემა „მედიის თავისუფლება“ იყო. გადაცემაში წამყვანმა საუბარი იმით დაიწყო, რომ„საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემო აქვს”.
ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელ მამუკა ღლონტთან, ჟურნალისტ გია იაკობაშვილსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან მედიის თავისუფლებაზე საუბარი საბოლოოდ, ტელეკომპანია“რუსთავი 2-ის“კრიტიკაში გადაიზარდა არა მხოლოდ სტუმრების, არამედ წამყვანის მხრიდანაც.
წამყვანმა გაიხსენა წინა დღით გასული გადაცემა “არჩევანი”, რომელშიც მოქალაქეები სოციალური პრობლემების შესახებ საუბრობდნენ, ხოლო იმის დასტურად, რომ “რუსთავი 2-მა” მაყურებელს არა საზოგადოების, არამედ ერთი პარტიის აზრი მიაწოდა, წამყვანმა სტუმრებს აჩვენა, მისი თქმით, სოციალური ქსელიდან აღებული ფოტო. ფოტოზე, რომელიც “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი ჟურნალისტის ზუგდიდიდან ჩართვას ასახავს, მიწერილია, რომ ჟურნალისტის ფონზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დგანან. არც წამყვანს და არც გადაცემის სტუმრებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ ფოტოზე მითითებული ინფორმაციის სანდოობა, მეტიც, სწორედ სოციალური ქსელიდან აღებული ფოტოს ჩვენების შემდეგ წამყვანმა ასეთი შეფასება გააკეთა:
“გამოდის ამ შემთხვევაში, რომ მაყურებელს ერთი პარტიის აზრი მიაწოდეს და გაასაღეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასეთი შეფასება მივცე ამ შემთხვევაში პირადად მე, ხალხის და საზოგადოების აზრად. რას ნიშნავს ეს? ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მე პირადად გამახსენდა მოდელირებული ქრონიკაც”.
2030-ის წამყვანს, რომელიც კოლეგებს დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ერთი კონკრეტული პარტიის აზრის საზოგადოებისთვის მიწოდებაში ადანაშაულებდა, აუდიტორიისთვის განსხვავებული აზრი არ შეუთავზებია. იმ მონაკვეთის განმავლობაში, რომელიც “რუსთავი 2-ის” კრიტიკას მიეძღვნა, გადაცემაში არ ყოფილა წარმოდგენილი არა თუ “რუსთავი 2-ის” ან მისი რომელიმე მხარდამჭერის პოზიცია, არამედ უბრალოდ ნეიტრალური პოზიციაც კი.
გარდა ამისა, გადაცემაში “არჩევანიდან” რამდენიმე ფრაგმენტიც გავიდა, კერძოდ კი მოქალაქეთა განსაკუთრებულად მწვავე კომენტარები:
„არ გვინდა ეს მთავრობა, მოუკვდეთ პატრონი”...
“ნეტა ტყვია მომცა და შიგ შემიყვანა სუყველანი დავხოცო. კბილით შევჭამ, შეძლება რომ მქონდეს“...
„გადადგეს, გადადგეს, გადადგეს მოვკლავ... ჩავრცხილავ“...
“არ ვიცით რას ვიზამთ და როგორ დავიწყებთ. თუ დაიწყო, ვაი მაგათ თავს”...
ამ კომენტარების მოსმენის შემდეგ კი, წამყვანის შეკითხვები ასეთია: „არის თუ არა ეს დემოკრატია?“ „რამდენად მისაღებია აგრესული რიტორიკა და სიძულვილის ენა მითუფრო მედიიდან“.
სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხით გაიხსნა გადაცემის კიდევ ერთი თემა: მედიის კანონით რეგულირების აუცილებლობა.
„2030“ ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემაა. გადაცემა ეთერში ყოველ დღე გადის და მისი სტუმრები, როგორც წესი, საზოგადოება 2030 -ის წევრები არიან. კვირაობით კი გადაცემის თანაწამყვანი თავად ყოფილი პრემიერია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ