არასრულწლოვნის აივნიდან გადახტომის მცდელობის კადრები მედიაში
15.06.2015
20 ივნისს თბილისში მომხდარი თვიმკვლელობის მცდელობა “კურიერის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების N1 ამბავი იყო. “16 წლის მოზარდმა დედას ყელი გამოსჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობის მიზნით მე-11 სართულიდან გადმოხტომა სცადა. მას ამის საშუალება მისმა მამამ და სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაჭრილი დედა კი მისმა უმცროსმა შვილებმა - 12 და 4 წლის ბავშვებმა გადაარჩინეს” - ამ სიტყვებით გახსნა წამყვანმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება. კადრში ჩანს როგორ აპირებს გადმოხტომას არასრულწლოვანი ბიჭი მე-11 სართულის აივნიდან და როგორ ცდილობენ აივანზე მყოფი ადამიანები მის დაკავებას. სიუჟეტში, რომელიც მთავარ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა, მოზარდის სახე დაფარეს. თუმცა, “კურიერის” ანონსში, რომელიც “რუსთავი 2-ის” ეთერში 20:00 სთ-ზე გავიდა, არასრულწლოვნის სახე დაფარული არ იყო.

სიუჟეტში ჟურნალისტი ასახელებს მოზარდის საცხოვრებელი სახლის მისამართს, ასევე მის, დედის და 2 დანარჩენი ბავშვის ასაკს.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ არასრულწლოვანმა დედას ყელი გამოსჭრა და ის სისხლში ცურავდა. ახლო ხედით არის ნაჩვენები სახლის სადარბაზოს იატაკზე დარჩენილი სისხლის კვალი. ჟურნალისტი აცხადებს, რომ დაჭრილი ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უკეთდება. ჩაწერილია ექიმის კომენტარი. კომენტარში ექიმი დეტალურად აღწერს, რა სახის დაზიანებები მიღო ქალმა კისრის არეში დანით მიყენებული ჭრილობის შემდეგ. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივისა და არასრულწლოვნის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

ეს შემთხვევა მოხვდა „მოამბის“ დღის მთავარ გამოშვებაშიც. მასალაში ნახსენებია უბანი, სადაც შემთხვევა მოხდა, ნაჩვენებია საცხოვრებელი სახლი და ჩაწერილია თვითმხილველების კომენტარები. რამდენიმე კადრი, თუ როგორც ცდილობს არასრულწლოვანი აივნიდან გადმოხტომას, საზოგადოებრივმა მაუწებელმაც აჩვენა, თუმცა ისე, რომ არასრულწლოვანი არ ჩანდა.

ამავე თემაზე “მაესტროს“ 9 საათიანი გამოშვების მიერ მომზადებულ მასალაშიც ნაჩვენებია საცხოვრებელი სახლი, თუმცა არ არის ნახსენები მისამართი, კადრებში ყველა, მათ შორის არასრულწლოვანი, რომელიც აივნიდან გადმოხტომას ცდილობდა და თვითმხილველებიც, რომლებიც შემთხვევის შესახებ ყვებოდნენ, დაფარულები არიან.

საცხოვრებელი სახლის ზუსტი მისამართი აღნიშნულია ინტერპრესნიუსისა და ambebi.ge-ს მიერ მომზადებულ სიახლეებშიც. Palitra.tv - ს სიუჟეტში კი მსხვილი ხედით ნაჩვენებია კორპუსის აბრა, რომელზეც მისამართი გარკვევით იკითხება.



მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 36, 1 : „მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე“.

მუხლი 41: „ძალადობის, ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.

2. დაუშვებელია არასრულწლოვნის მიერ იოლად იმიტირებადი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედების გადაცემა 23:00 საათიან წყალგამყოფამდე, თუ ამის მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთება არ არსებობს“.

მუხლი 44,2: „მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ( განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა“.

მუხლი 55, 3: „მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის, ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ