სტიქია თბილისში - ტელემედიის მიმოხილვა
15.06.2015
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება ქართული მედიის მთავარი თემაა და თითქმის ყველა მედიასაშუალება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერი წვიმის და მდინარე ვერეს ადიდების გამო ქუჩების დატბორვის შესახებ ინფორმაცია 13 ივნისს ღამის 12 საათისთვის გავრცელდა.

რუსთავი 2

ამ ამბის გაშუქება ტელეარხებიდან პირველმა რუსთავი 2-მა დაიწყო. გვიან ღამით, 02:30 წუთზე, პირველი სპეციალური საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ გავიდა . მანამდე არხი მაყურებელს მორბენალი სტრიქონით აწვდიდა ინფორმაციას.

არხი პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში დარჩა დილის 6 საათამდე. მაყურებელს სთავაზობდნენ განახლებულ ინფორმაციას, გადამღები ჯგუფები სხვადასხვა უბნებში მუშაობდნენ. „კურიერი“ ეთერში ერთ საათში დაბრუნდა და 14 ივნისს მთელი დღის განმავლობაში ყოველ საათში ერთხელ გადიოდა ეთერში. საღამოს კი ტოკ შოუ „არჩევანი“ გაუშვეს ეთერში, სადაც სტუმრებთან ერთად განიხილეს როგორც სტიქიის შედეგები, ასევე ის მიზეზებ,ი რამაც ეს შედეგები გამოიწვია.

მთელი დღის განმავლობაში არხზე მოიხსნა გასართობი გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებებს შორის შუალედებში მხოლოდ დოკუმენტური ფილმები გადაიცემოდა.

იმედი

შედარებით გვიან, ღამის 3 საათზე, გავიდა სპეციალური საინფორმაციო გამოშვება „იმედის“ ეთერში.არხი 05:23 წუთამდე გადასცემდა სტიქიის ამსახველ კადრებს უკომენტაროდ, რის შემდეგაც ეთერში ფილმი და „ფარული კამერა“ გაუშვეს.

დილით „იმედმა“ საკუთარ მაყურებელს უკვე ეკა ხოფერიას გასართობი შოუს გამეორება შესთავაზა, რომელიც საკუთარი ჟურნალისტების „შატო მერესა“ და „როიალ ბატონში“ დასვენებას ეძღვნებოდა.

იმედის საინფორმაციო გამოშვება სტუდიიდან მხოლოდ 14 ივნისს 11:00 საათზე გავიდა. ამის შემდეგ არხმა საგანგებო რეჟიმში დაიწყო მუშაობა - თბილისში სხვადასხვა წერტილიდან რთავდნენ ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში და განახლებულ ინფორმაციას აწვდიდნენ მაყურებელს. უკომენტაროდ სთავაზობდნენ ღამით გადაღებულ კადრებსაც. საღამოს 8 საათზე ეთერში გაუშვეს „იმედის კვირა“, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს მომხდარზე და მაყურებელს ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს.

პირველი არხი

ოპერატიულობის თვალსაზრისით მესამე ადგილზე აღმოჩნდა საზოგადეობრივი მაუწყებლის პირველი არხი, რომელმაც საკუთარ მაყურებელს მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ გვიან ღამით, 03:10 წუთზე ამცნო. საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ პირდაპირ ეთერში რთავდა ჟურნალისტებს, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და უწყვეტ რეჟიმში ავრცელებდა განახლებულ ინფორმაციას 06:10 წუთამდე.

არხმა მაუწყებლობა 08:00 საათზე განაახლა ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშებით. „მოამბე“ კი ეთერში 10 საათზე დაბრუნდა. ნახევარსაათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ ევროპული თამაშების ჩვენება განახლდა. ამის შემდეგ „მოამბემ“ახალი ამბები მაყურებელს 12, 14 და 16:00 საათზე შესთავაზა და 18:10 საათამდე იმუშავა. წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ ღამით ეთერში დაგვიანებით გასვლის მიზეზი ტელევიზიის წინ არსებული რთული სიტუცია იყო. მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი ეთერში 20:00 საათზე გავიდა. ამ თემას მიეძღვნა გადაცემა „რეალური სივრცე“ და სტუმრებთან ერთად განიხილეს ღამით მომხდარი სტიქიური უბედურება.

მაესტრო

„მაესტრომ“ საკუთარ მაყურებელს ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ 14 ივნისს დილით 12:00 საათზე ამცნო. მანამდე ეთერში ფილმები და სერიალები გადიოდა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ტექნიკური გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა და არხმა ღამით ეთერში გასვლა ვერ შეძლო მიუხედავად იმისა, რომ გადამღები ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

კავკასია

„კავასიის“ ეთერში არც გვიან ღამით და არც 14 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში, არც ერთი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა. ამ ტელეკომპანიამ საკუთარ მაყურებელს სტიქიური უბედურების შესახებ დღენახევრით გვიან, მხოლოდ 15 ივნისს 17:00 ამცნო.

აღსანიშნავია, რომ არც ერთ არხზე, რომელიც მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ოპერატიულად შუქებდა, არ მომხდარა გარდაცვლილების იდენტიფიცირება, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე. მაუწყებლებს არ გადაუციათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ, არ უჩვენებიათ ახლო კადრით ცხედრები და არ შეულახავთ დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად, წინა ღამით გადაღებულ მასალას, ეთერში გაშვებისას, მითითებული ჰქონდა კადრების გადაღების თარიღი, რითიც თავიდან იქნა აცილებული მაყურებლის შეცდომაში შეყვანა.

ნატა ძველიშვილი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ