ჰომოფობია „ასავალ-დასავალში“
12.06.2015
2015-06-12 გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 8-14 ივნისის გამოცემის სტატიებში სიძულვილის ენა და აგრესიული ჰომოფობიურ ეპითეტები გვხვდება. 21-ე გვერდზე კი ილუსტრაციად გამოქვეყნებულია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ახლო კადრით ასახული არიან ბავშვები.

„ასავალ-დასავალს“ არაერთხელ დაუწერია, რა ანტიქართულ და ანტიმართლმადიდებლურ სექტას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია“ - ამ წინადადებით იწყება სტატია მე-9 გვერდზე, რომელსაც ჰომოფობიური სათაური აქვს: „თინა მარიხუანას ემხრობა - რესპუბლიკური პარტია ნაცებთან ერთად საქართველოს პედერასტიზაციასა და ნარკომანიზაციაზე ოცნებობს!“

სტატიას თან ახლავს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების, ლევან და დავით ბერძენიშვილების ფოტოები - კადრები ტოკ-შოუ „იმედის კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტიდან, სადაც მათ ხელში ეჭირათ შვიდფეროვანი დროშები და საუბრობდნენ ლგბტ მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. ფოტოსურათების ქვემოთ მსხვილი შრიფტით გამოყოფილია ჰომოფობიური სიტყვები: „ძმები ბერძენიშვილები ლგბტ-სექტის მხარდასაჭერად 17 მაისს ისე აენთნენ, რომ პარლამენტში პედერასტიის საერთაშორისო ფერადოვანი დროშებიც კი ააფრიალეს“.

სტატიის ილუსტრაციად ასევე გამოყენებულია რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი ლიდერის - თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ფოტო. ჟურნალისტი აკრიტიკებს თინა ხიდაშელის პოზიციას, რომ მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს.

სტატიაში რამდენიმეგან უკიდურესად უარყოფითი ტონით, სიძულვილის ენით არის შეფასებული რესპუბლიკური პარტიის საქმიანობა: „რესპუბლიკური პარტია ნაცებთან ერთად, არა მხოლოდ საქართველოს ნარკომანიზაცია-გამოთაყვანებაზე ოცნებობს, არამედ ქვეყნის ლგბტ-იზაცია-პედერასტიზაციაზეც!“ „ქართველებს ლევან ბერძენიშვილივით არ ემშობლიურებათ პედერასტია და ეკლესიურ სწავლებას უფრო მისდევენ, ვიდრე რესპუბლიკურ სატანიზმს!“

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის თემას გაზეთი 21-ე გვერდზეც უბრუნდება, სტატიით - „ეს მარიხუანობაა! ამ სატანისტებმა მარიხუანა მაცხოვარსაც კი „მოაწევინეს“. სტატიის პირველივე სიტყვებში სიძულვილის ენაა გამოყენებული: „17 მაისის გეი-აღლუმის ჩაშლის შემდეგ ჩვენებურმა ლიბერასტებმა ახალი ანტიქართული დივერსია წამოიწყეს!“

სტატიაში საუბარია 2 ივნისს სახელმწიფო კანცელარიასთან მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მოწყობილ აქციაზე სახელწოდებით „არ დაიჭირო!“

ჟურნალისტი წერს: „მარიხუანისტთა აქციაზე ბავშვების უზნეო გამოყენების გამო არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ლიბერასტ ასო-ელს არ გამოუთქვამთ იოტისოდენა პროტესტი! არადა, აშკარად ბავშვთა უფლებების უუხეშესი დარღვევის ფაქტთან და მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციების დარღვევასთან გვაქვს საქმე!“

ამ სიტყვების დასტურად სტატიას ახლავს აქციაზე გადაღებული ფოტო, სადაც ორი ბავშვი სახის დაუფარავად არის გამოსახული.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ