ონლაინ გამოცემები და რეკლამის განთავსების წესები
29.05.2015
Mediachecker - ის დაკვირვებამ ცხადყო, რომ ქართულ ონლაინ გამოცემებში რეკლამის განთავსების წესები ხშირად ირღვევა და სარეკლამო მასალები სარედაქციო მასალებისგან გამიჯნული არ არის ხოლმე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე მუხლის თანახმად, სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან, “რეკლამის შესახებ” კანონის თანახმად კი რეკლამა წარდგენისთანავე უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ის რეკლამაა და არა სარედაქციო მასალა.

Mediacheker-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით ამ პრინციპს ყველაზე ზუსტად www.netgazeti.ge იცავს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სარეკლამო მასალებს მთავარ გვერდზევე აქვს რეკლამის აღმნიშვნელი მითითება.

სარედაქციო მასალას რეკლამისგან www.liberali.ge -ც მიჯნავს. თუმცა, არა წარდგენისთანავე: მასალას რეკლამის აღმნიშვნელი მითითება მთავარ გვერდზე არ აქვს. ასე მაგალითად, სტატია - “ჯი პი აი ჰოლდინგის” ეკომეგობრული შეთავაზება მძღოლებს” გამოცემის ახალი ამბების რუბრიკაშია განთავსებული. აღნიშნული სტატია რომ რეკლამაა და არა გამოცემის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ახალი ამბავი, ამას მკითხველი მხოლოდ სტატიის გახსნის შემდეგ იგებს.

ასეთივე სტრატეგია აქვს www.interpresnews.ge-საც. სააგენტოს ვებგვერდზე რეკლამები ძირითადად ახალი ამბების რუბრიკაში, მათ შორის, ე.წ. ბანერზეცაა განთავსებული, რეკლამის აღმნიშვნელი R ნიშანი კი “ახალი ამბის” ბოლოს, მხოლოდ მასალის სრულად წაკითხვის შემდეგ ჩნდება.

თუმცა, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა რეკლამა სარედაქციო მასალის სახით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია - „თუ გსურთ მართვის მოწმობა, ან მძღოლთა გადამზადება და ამაში პროფესიონალების დახმარება გჭირდებათ“, მკითხველს ერთ-ერთი კერძო ავტოსკოლის სერვისებზე მოუთხრობს. "გთავაზობთ როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატიკის გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებით მომზადებას", - აღნიშნულია სტატიაში. მასალის ბოლოს კი კომპანიის ტელეფონის ნომერი და მისამართია მითითებული. სტატია აშკარად სარეკლამო ხასიათისაა, თუმცა მას რეკლამის აღმნიშვნელი მითითება არ აქვს.

რეკლამას სარედაქციო მასალის სახით სთავაზობს მკითხველს ინტერნეტ გამოცემა "ინფო 9-ც". სტატიაში - „PSP-ში ყველაზე დაბალი ფასების აქცია ოთხშაბათობითაც ამოქმედდა“, საუბარია „PSP-ს" მიერ ფასდაკლებებისთვის გამოყოფილ კიდევ ერთ დღეზე: „PSP-მ" "ყველაზე დაბალი ფასები" აქციის ფარგლებში სამშაბათსა და პარასკევს კიდევ ერთი დღე - ოთხშაბათი დაამატა.“ სტატია განთავსებულია რუბრიკაში „საზოგადოება“, ტექსტი კი მთლიანად კომპანიის რეკლამას ემსახურება: „პე ეს პე-ს“ ყველაზე დაბალი ფასები მის 200 -ზე მეტ ფილიალშია ხელმისაწვდომი," - აღნიშნულია სტატიაში. მითითებულია კომპანიის მობილური აპლიკაციაც და განმარტებულია, რომ ფასდაკლებების მიღება მისი გამოყენებითაც არის შესაძლებელი. მასალას არ აქვს მინიშნება, რომ ის სარეკლამოა.

სარეკლამო ხასიათის სტატიები არ გვხვდება ინტერნეტ გამოცემებში: www.ick.ge, www.geworld.ge და www.gurianews.ge. ამ ინტერნეტგაზეთებში რეკლამები ძირითადად ბანერების სახით არის განთავსებული.

“რეკლამის შესახებ” კანონის თანახმად, “რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ